ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილი პროცესს არ დაესწრო, სხდომა გადაიდო

26 ივლისი, 2023 • 1141
მიხეილ სააკაშვილი პროცესს არ დაესწრო, სხდომა გადაიდო

7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი 20 სექტემბრამდე გადაიდო.

სასამართლოს წარედგინა პენიტენციური სამსახურის წერილი, რომელსაც თავად სააკაშვილი აწერდა ხელს. წერილის თანახმად, მიხეილ სააკაშვილმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უარი განაცხადა როგორც პროცესზე დასწრებაზე, ისე ონლაინ ჩართვაზე, ასევე, მის გარეშე სხდომის ჩატარებაზე.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ სოფო ჯაფარიძის ცნობით, მიხეილ სააკაშვილის გაუარესებული აქვს სისხლის ანალიზები და მას უტარდება გადასხმები სედაციის ფონზე.

ადვოკატებმა თქვეს, რომ გუშინ და გუშინწინ ჰქონდათ კომუნიკაცია მათი დაცვის ქვეშ მყოფთან და სააკაშვილი წინააღმდეგი არ არის, მის გარეშე ჩატარდეს პროცესი, თუმცა ოფიციალურად დაფიქსირებული განსხვავებული პოზიციის გამო მოსამართლემ ეს არგუმენტი არ გაიზიარა. ადვოკატებს სასამართლო პროცესზე სურდათ შუამდგომლობის დაყენება მტკიცებულებების ხელახლა გამოკვლევის შესახებ მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ მოსამართლეს სამოსამართლეო ვადა ამოეწურა და მოსამართლეთა კოლეგიას შეემატა ახალი მოსამართლე ლაშა კლდიაშვილი.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე  ასევე განიხილეს ამავე საქმეზე სხვა ბრალდებულებისთვის — ზურაბ ადეიშვილისა და დავით კეზერაშვილისთვის — დაუსწრებლად შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გადასინჯვის საკითხიც. მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიება ძალაში დატოვა.

ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს ედავება 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

7 ნოემბრის საქმეში, მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, გიგი უგულავა, დავით კეზერაშვილი და ზურაბ ადეიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი