ახალი ამბები

7 ნოემბრის მოვლენები მე ძალიან არ მომეწონა — სააკაშვილი

23 დეკემბერი, 2021 • 1732
7 ნოემბრის მოვლენები მე ძალიან არ მომეწონა — სააკაშვილი

პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენები არ მოეწონა და ამიტომ მიიღო ვადამდელი არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება. აღნიშნულის შესახებ ის “ფეისბუკზე” წერს.

“7 ნოემბრის საქმეზე” მასამართლებენ და ბრალდება ეფუძნება მხოლოდ ორ ჩვენებას – გენერალ ზაზა გოგავას, რომელიც საჯაროდ აცხადებს, რომ არაფერი დამირღვევია, და ნინო ბურჯანაძეს, რომელიც საუბრობს მხოლოდ “პოლიტიკურ პასუხისმგებლობებზე”.

7 ნოემბრის მოვლენები მე ძალიან არ მომეწონა, იმდენად, რომ გავაკეთე ის, რაც მსოფლიოში ძალიან ცოტა ლიდერს გაუკეთებია. გადავდექი, შევამცირე ჩემი საპრეზიდენტო ვადა და ახალ არჩევნებზე წავედი.

ქართველმა ხალხმა გამომიტანა მაშინ ვერდიქტი და დამაბრუნა საპრეზიდენტო სასახლეში. ამიხსენით ახლა, რას მედავება 20 ივნისის და 5 ივლისის ავტორი ხელისუფლება? ნუთუ მართლა ასე ბნელა?” — წერს სააკაშვილი.

7 ნოემბრის საქმე

ერთ-ერთი საქმე, რომელიც სააკაშვილის წინააღმდეგ არის აღძრული, 2007 წლის 7 ნოემბერსა და შემდგომ განვითარებულ პროცესებს ეხება. ყოფილ პრეზიდენტს ამ საქმეზე ბრალი 2014 წლის ივლისში წარუდგინეს, აგვისტოში კი — წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს.

“…უკანონოდ გამოყენებული იქნა არალეტალური იარაღი (რეზინის ტყვიები), უმოწყალოდ სცემეს ასეულობით მოქალაქე, მათ შორის სახალხო დამცველი, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრები, ჟურნალისტები.

სპეცრაზმი ფიზიკურად გაუსწორდა შეშინებულ მომიტინგეებს, რომლებიც თავს აფარებდნენ მაღაზიებსა და აფთიაქებს”, — ამბობს პროკურატურა.

სახალხო დამცველის ანგარიშების მიხედვით, 2007 წლის 7 ნოემბერს, მშვიდობიანი საპროტესტო აქციის ძალისმიერი მეთოდების გამოყენებით დარბევისას, სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო არაერთმა დემონსტრანტმა.

აქციის დასაშლელად პირველად იქნა გამოყენებული სპეციალური საშუალებები, მათ შორის, რეზინის ტყვიები, რაც იმ დროს მოქმედი კანონმდებლობით არ იყო ნებადართული.

სახალხო დამცველის 2007 წლის მეორე ნახევრის ანგარიშის მიხედვით, მტკიცებულებებით დასტურდება ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებაც. იმავე დღეს მოხდა ტელეკომპანია „იმედში“ სპეციალური დანიშნულების რაზმის შეჭრა, რასაც შედეგად მოჰყვა ტელევიზიის დროებით დახურვა.

7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ სააკაშვილი გადადგა და რიგგარეშე არჩევნები 2008 წლის 5 იანვრისთვის დანიშნა. კენჭისყრის ოფიციალური შედეგებით, ის მეორედ გახდა პრეზიდენტი. ოპოზიცია აცხადებდა, რომ არჩევნები გაყალბდა.

სააკაშვილთან ერთად 7 ნოემბრის საქმეში ასევე ფიგურირებენ ვანო მერაბიშვილი, გიგი უგულავა, დავით კეზერაშვილი და ზურაბ ადეიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი