საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში სხვადასხვა ტიპის ფაფებს და ნატურალურ წვენებს იღებს.
იუსტიციის მინისტრის თქმით, აღნიშნულზე საჯაროდ იმიტომ საუბრობს, რომ შესაბამისი კითხვით პენიტენციურ სამსახურს ერთ-ერთმა დეპუტატმა სადეპუტატო კითხვით მიმართა და უწყებას ვალდებულება ჰქონდა, პასუხი გაეცა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის სასიცოცხლო მაჩვენებლები ნორმაშია და მსჯავრდადებულის ადვოკატები დეზინფორმაციას ავრცელებენ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შესახებ:
„სასიცოცხლო მაჩვენებლები ნორმაშია. რაც შეეხება საკვებ დანამატებს, ჩვენ მოგვმართა საქართველოს პარლამენტის წევრმა სადეპუტატო კითხვით, რაზეც ვალდებული ვიყავით პასუხი გაგვეცა. ერთი შეკითხვა შეეხებოდა საკვებ პროდუქტებსაც. ერთი შეკითხვა იყო.
დიახ, მან თავიდან შემოსვლისას როდესაც მიიღო საბანკო ბარათი, შეიძინა გარკვეული პროდუქტები, შემდგომში, როგორც იცით, მან განაცხადა უარი ამ საკვები პროდუქტების მიღებაზე. გავიდა პერიოდი და ის დათანხმდა, მიიღო გარკვეული ფაფები და ნატურალური წვენები. ასევე ის აგრძელებს იმ მედიკამენტების მიღებას, რომელიც გამოუწერეს ექიმებმა“, – ამბობს რატი ბრეგაძე.
იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტი ამ პროდუქტებს ახლაც იღებს და ეს ფაქტებითა და მტკიცებულებებითაა გამყარებული.
მინისტრის თქმით, აღნიშნული პროდუქტები საკვებია და არა სამედიცინო დანიშნულების.
მიხეილ სააკაშვილი 36-ე დღეა შიმშილობს. მისი თანაპარტიელები და მკურნალი ექიმები ამბობენ, რომ მდგომარეობა მძიმდება. სააკაშვილის უფლებამდაცველები მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.
სპეციალური პენიტენციური სამსახური კი აცხადებს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ექიმების განსაკუთრებული მობილიზებაა და დაწესებულების მედპერსონალი მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვეღარ მართავს.