ახალი ამბები

გთხოვთ, მომცეთ საშუალება, ჩავანაცვლო მესამე პრეზიდენტი ციხეში – ბურჭულაძე “ოცნებას”

5 ნოემბერი, 2021 • 1338
გთხოვთ, მომცეთ საშუალება, ჩავანაცვლო მესამე პრეზიდენტი ციხეში – ბურჭულაძე “ოცნებას”

საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე აცხადებს, რომ მზად არის, მიხეილ სააკაშვილის მაგივრად თავად ჩაჯდეს ციხეში. ეს განცხადება მან საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გაავრცელა.

“ყველაფერს აქვს საზღვარი. ამის მოთმენა აღარ შეიძლება. მე არ მინდა ვიყო მესამე პრეზიდენტის მკვლელობის თანამონაწილე. ქართულო ოცნებავ, ყველაფერში არღვევთ კანონებს: ითვისებთ წაგებულ არჩევნებს, იჭერთ უდანაშაულო ადამიანებს და თქვენივე კუთვნილი სასამართლოთი თქვენებურად ასამართლებთ.

გთხოვთ, კიდევ ერთხელ დაარღვიოთ კანონი და მომცეთ საშუალება, ჩავანაცვლო მესამე პრეზიდენტი ციხეში. მიეცით მას მულტიფუნქციურ საავადმყოფოში მკურნალობის საშუალება. უმორჩილესად გთხოვთ, გაითვალისწინოთ ჩემი თხოვნა და მე დღესვე ჩამოვფრინდები საქართველოში. ამით თქვენ ორ დიდ საქმეს გააკეთებთ:

საქართველოს არ შეიყვანთ ველური ქვეყნების სიაში და ძალიან ასიამოვნებთ ბიძინა ივანიშვილს. მას ერთდროულად ორი პატიმარი ეყოლება,რომლებსაც ვერ იტანს”, -წერს ბურჭულაძე ფეისბუქზე.

მიხეილ სააკაშვილი 36-ე დღეა, რაც შიმშილობს. მისი თანაპარტიელები და მკურნალი ექიმები ამბობენ, რომ მისი მდგომარეობა თანდათან მძიმდება.

მხარდამჭერთა და პარტიის წევრთა ნაწილი სააკაშვილს მოუწოდებს, შიმშილობა შეწყვიტოს, რათა მისი მდგომარეობა კიდევ უფრო არ დამძიმდეს. მათ შორის არის პარტიის თავმჯდომარე და თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელიაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი