ახალი ამბები

კოორდინატორი ქალების შრომა – დაურეგულირებელი სივრცე ექსპლუატაციისთვის [ინტერვიუ]

4 ნოემბერი, 2021 • 1718
კოორდინატორი ქალების შრომა – დაურეგულირებელი სივრცე ექსპლუატაციისთვის [ინტერვიუ]

წლებია, საქართველოში საარჩევნო კოორდინატორთა ინსტიტუტი არსებობს. კოორდინატორები ძირითადად ქალები არიან.  მათი შრომა დაურეგულირებელია, ხშირად არ აქვთ ხელშეკრულებები, რაც ნიშნავს, რომ ასეთი ფორმით დასაქმებული მშრომელი განსაკუთრებით დაუცველია.

ხელშეკრულებებისა და რეგულაციების არარსებობის პირობებში, კოორდინატორები პარტიების დავალებით ხშირად უკანონო საქმიანობაშიც ერთვებიან. მაგალითად, აგროვებენ პირად ინფორმაციას, ზღუდავენ ამომრჩევლის ნებას და სხვა.

„ქალთა მოძრაობა“ ქალ კოორდინატორთა შრომით უფლებებზე მუშაობას აპირებს. დღეს, 4 ნოემბერს, გამართულ პრესკონფერენციაზე მოძრაობის წევრმა ორგანიზაციებმა განმარტეს, რომ კოორდინატორ ქალთა, რიგ შემთხვევაში, უკანონო საქმიანობაში ჩაბმა, შესაძლოა, გენდერული ნიშნით ექსპლუატაციის სპეციფიკურ შრომას წარმოადგენდეს.

„ქალთა მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი ორგანიზაციის, „სამართლიანი არჩევნების“ [ISFED] ხელმძღვანელი, ნინო დოლიძე ნეტგაზეთთთან ინტერვიუში საუბრობს, რა სისტემური ხარვეზები არსებობს „კოორდინატორთა ინსტიტუში“ და რა უნდა გაკეთდეს სიტუაციის გამოსასწორებლად:


ნეტგაზეთი: ვინ არის კოორდინატორი და რა სამუშაოს ასრულებენ ისინი?

ნინო დოლიძე: კლასიკური გაგებით, კოორდინატორი არის ადამიანი, რომელიც პოლიტიკურ პარტიასთან წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს მუშაობს. ერთის მხრივ, წინასაარჩევნო პერიოდში აგიტაციის ჩასატარებლად, ხოლო არჩევნების დღეს- ამომრჩევლის მობილიზებისთვის, რათა ისინი უბნებზე მოვიდნენ.

ჩვენს ქვეყანაში ასეთ ადამიანს ვეძახით კოორდინატორს, თორემ ზოგან მას ეძახიან აქტივისტს ან მოხალისეს და ეს ითვლება [შრომის] ჩვეულებრივ და მისაღებ ფორმად.

უბრალოდ, საქართველოში ამან შეიძინა მანკიერი პრაქტიკა და სწორედ ამაზე ვსაუბრობთ, რომ გარდა ჩვეულებრივი, კლასიკური გაგებით პარტიის კოორდინატორის ან იგივე აქტივისტისა, ამ ადამიანებს დამატებითი სამუშაოების შესრულება უწევთ, რომელიც ხშირად, შესაძლოა, კანონის დარღვევასაც გულისხმობდეს. ასევე, ამ ადამიანების ჩაბმას ისეთ ქმედებებში, რომელიც დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ჩვენ ვგულისხმობთ როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე, არჩევნების დღეს ისეთი ტიპის ინფორმაციის შეგროვებას, რომელიც არ არის საჯარო და წარმოადგენს პერსონალურ ინფორმაციას. ასევე, არჩევნების დღეს, კოორდინატორების მხრიდან ამომრჩევლის ნების კონტროლს, რაც გამოიხატება იმაში, რომ ჩვენ ძალიან ხშირად ვხედავთ კოორდინატორების მობილიზებას უბნის მიმდებარე ტერიტორიაზევე, მათ შორის, უკვე კანონით აკრძალული 100 მეტრის რადიუსში და ამ ადამიანების მიერ ამომრჩეველთა აღრიცხვას. შემდეგ მათ მობილიზებას, მათ შორის, იძულებით მექანიზმებით და რამდენიმე შემთხვევაში, ჩვენ გვქონდა კიდეც სავარაუდო მოსყიდვის ფაქტი, რომელიც სწორედ კოორდინატორების მხრიდან განხორციელდა.

რატომ არის კოორდინატორთა შრომითი უფლებები გენდერული პრობლემა?

კაცი კოორდინატორები ძალიან იშვიათად თუ გვინახავს. შესაძლოა, კაცები იყვნენ [უბანთან მობილიზებული] ე.წ. ძველი ბიჭები, მაგრამ ისინი კოორდინატორები არ არიან.

გენდერული ნიშანს ვხედავთ სწორედ იმიტომ, რომ ისინი ძირითადად ქალები არიან და სწორედ ქალების გამოყენება ხდება იმ საქმეში, რომელიც შესაძლოა, შეიცავდეს კანონმდებლობის დარღვევასა და შესაძლო დანაშაულის ნიშნებს.

ეს არის გენდერული ნიშნით განსხვავებული და ახალი ტიპის ზეწოლა. ამაზე აქამდე დიდად არ გვისაუბრია, მაგრამ ახლა უკვე გამოვყევით, იმიტომ, რომ გარდა იმისა, რომ კოორდინატორი ქალები პარტიულ საქმიანობას ასრულებენ, [ზოგჯერ] ეს საქმიანობაც დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. სწორედ ამიტომ გვგონია ეს პრობლემა და არა მხოლოდ იმიტომ, რომ კოორდინატორი ქალია.

ცხადია, ზოგიერთი მათგანი ერთვება თავისი ინტერესით იმიტომ, რომ პარტიასთან აქვს ბმა ან/და პარტიის მხარდამჭერი არის. თუმცა ზოგიერთი მათგანი ებმება იმიტომ, რომ მოწყვლადი ეკონომიკური მდგომარეობა აქვს და ეს მწირი ხელფასი მისთვის საჭიროა, ზოგიერთი კი შესაძლოა იმიტომ, რომ ისინი მუშაობენ საჯარო სამსახურში და იძულებული არიან ეს საქმიანობა განახორციელონ, რათა საჯარო სექტორში სამსახური არ დაკარგონ.

თქვენი გამოცდილებით, როგორ ანაზღაურებენ მათ შრომას?

ჩვენ ვესაუბრეთ პოლიტიკურ პარტიებს და ისინი ერთ რიცხვს არ ასახელებენ. თუმცა, საშუალოდ, 300-400 ლარი. ზოგიერთმა 200 დაასახელა, ზოგიერთმა -500, თუმცა განსხვავება, როგორც ჩანს, პარტიებისა და საქმიანობის მიხედვითაა. მიუხედავად ამისა, ეს თანხა მწირია.

ასევე [პარტიები] გამოყოფენ იმ ფაქტსაც, რომ მათ არ აქვთ შრომითი ხელშეკრულებები. რაც, რა თქმა უნდა, პრობლემურია, რადგან თუ ადამიანებს არ აქვთ შრომითი ხელშეკრულებები, ისინი უფრო მოწყვლადები არიან მათ მიმართ განხორციელებული ზეწოლის მიმართ.

მათ აღარ აქვთ სამართლებრივი დავის მექანიზმები. ხელშეკრულების გარეშე, ისინი დავას ვერ აწარმოებენ ისეთ შემთხვევებში, თუ ისინი არიან ზეწოლის მსხვერპლნი, ან მათ აიძულებენ დანაშაულის ჩადენას.

დღეს ჩვენ სწორედ ამ პრობლემაზე ვისაუბრეთ და ეს პრობლემა გამოვკვეთეთ. მინდა აღინიშნოს, რომ ეს ინფორმაცია, რაზეც ვსაუბრობ, არის წლების შედეგად, დაკვირვებით მოპოვებული. ახლა კი ვაპირებთ, რომ ამაზე სიღრმისეული კვლევა ჩავატაროთ და კონკრეტული სტატისტიკა მოვიპოვოთ. მათ შორის, რაოდენობრივად განისაზღვროს, რამდენია კოორდინატორთა შორის ქალი, რამდენს აქვს ან არ აქვს შრომითი ხელშეკრულება და სხვა, რათა უფრო დეტალურად ვისაუბროთ დარღვევებზეც.

გარდა შრომითი ექსპლუატაციისა, რა ტიპის ძალადობის მიმართ არიან კოორდინატორი ქალები მოწყვლადები?

ჩვენ ინდივიდუალური „ქესიები“ ჯერ არ გვაქვს, იმაზე, თუ როგორ ხორციელდება მათ მიმართ ზეწოლა. შესაძლოა, ეს იყოს ვერბალური ან ფიზიკური ზეწოლა, მაგრამ ძალიან ცალსახაა, რომ სწორედ მათზე მოდის ის აგრესია საზოგადოებისგან, ხშირად, სამართლიანად… სწორედ მათზე გადადის ეს აგრესია, ამ ქალებზე. მაშინ, როდესაც ისინი შესაძლოა და, სავარაუდოდ, ასეცაა, საერთოდ არ არიან ამის დამგეგმავები. ისინი არიან უბრალოდ შემსრულებლები და, შესაბამისად, საზოგადოების აგრესიაც უშუალოდ მათ მიემართება.

ჩვენ ამიტომაც გვგონია, რომ ისინი არიან ამ ყველაფრის მსხვერპლები. თავად რომ გადაეწყვიტათ და გაეკეთებინათ, არ იქნებოდა პრობლემა. მაგრამ როდესაც აგრესია გადადის ქალებზე, რომლებიც უბრალოდ შემსრულებლები არიან…

როდესაც ეს პრობლემა დავსვით, ჩვენ უპირველესად გვინდა ამ ქალებს გავაგებინოთ.. ხშირად მათ თავად არ აქვთ ცოდნა და ცნობიერება, რომ დანაშაულს ან უკანონო ქმედებას სჩადიან. ეს თემაც იმიტომ წამოვწიეთ, რომ თავად ქალებმა დაიწყონ ამაზე საუბარი, გაიაზრონ, რაში უწევთ მონაწილეობა და შემდეგ უკვე აღკვეთონ საკუთარი უკანონო თანამონაწილეობა.

ერთი მხრივ, პარტიებს მოვუწოდოთ, რომ ასეთ საქმიანობაში ქალები იძულებით არ ჩართონ და მეორე: ქალებმა თავად დაინახონ, რაში უწევთ მონაწილეობა და აიმაღლონ ხმა. სადღაც უნდა დავიწყოთ და დღეს დავიწყეთ, ასე ვთქვათ.

როგორია სხვა ქვეყნების მაგალითი?

მე უფრო ვიცნობ დასავლეთის გამოცდილებას პოლიტიკური კამპანიის წარმოებისას და, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ პარტიებს ჰყავთ თავიანთი აქტივისტები, ხშირად, მოხალისეები, რომლებიც ამ პარტიასთან იმიტომ კი არ არიან, რომ ხელფასი აიღონ  ასეთი საქმიანობისას, რომელსაც სააგიტაციო საქმიანობა ჰქვია, ისინი მოხალისეობრივად აკეთებენ, რადგან ამ პარტიების მხარდამჭერები არიან, უნდათ, მან გაიმარჯვოს.

შესაძლოა, ამ საქმიანობაში ისინი იღებდნენ ე.წ. პერ დიემს [დღიურ ანაზღაურებას], მაგრამ მთავარი ის არის, რომ ისინი ამაში თავისუფლად მონაწილეობენ: არა იძულებით და პარტიასთან არიან იდეოლოგიურ ბმაში. ეს ყველაფერი თავისუფალ გარემოში ხდება. პარტიის აგიტაციის პროცესში მათ არ უწევთ უკანონო საქმიანობა.

მთავარი განსხვავება ჩვენს კოორდინატორებთან არის ის, რომ ისინი ასრულებენ იმ დავალებას, რომელიც შესაძლოა, მათ არ სურდეთ, უბრალოდ, პარტიას ასე აქვს გადაწყვეტილი – რომ გამოიყენოს მათი შრომითი უფლება.

რა შეიძლება იყოს გამოსავალი?

გამოსავალი, ალბათ, სხვადასხვა რამ უნდა იყოს და უპირველეს ყოვლისა, ეს, როგორც პრობლემა, უნდა ვაღიაროთ ყველამ. გარდა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აქტივისტებისა, ეს პრობლემა უნდა აღიარონ პოლიტიკურმა პარტიებმა, ასევე, პარლამენტმა, პარლამენტის გენდერულმა საბჭომ და სხვადასხვა უწყებებმა, რომლებსაც აღებული აქვთ ვალდებულება ქალთა უფლებების დაცვის. ვფიქრობ, ამ გზით უნდა წავიდეთ. ჯერ როგორც პრობლემა გავიაზროთ, გამოვიკვლიოთ, სად და როგორ არის პრობლემა და შემდეგ უკვე რამდენიმე მიმართულებით ვიმუშაოთ.

უწყებებმა, რომლებსაც ხელეწიფებათ, უნდა გამოიძიონ, ჰქონდა თუ არა ადგილი ამ ქალებზე ზეწოლას, დაშინებას, მუქარას. გენდერულ ჭრილში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გენდერულად მგრძნობიარე ინსტიტუციებმა გააკეთონ ეს.

ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გადაწყვიტონ, აიღონ ვალდებულება, რომ ასეთი ტიპის საქმიანობას არ განახორციელებენ. მათ ძალიან მკვეთრი და ცალსახა შრომითი კონტრაქტები უნდა გააფორმონ იმ ადამიანებთან, ვისაც უხდიან ხელფასს მათთვის აგიტაციის გაწევაში და კონტრაქტში უნდა გაწერილი იყოს ყველა ის საქმიანობა, რასაც ისინი აკეთებენ, და რომ ასევე დამატებით სხვა საქმიანობებს არ შეასრულებენ. პარალელურად, უნდა ვიმუშაოთ ამ ქალების ცნობიერების ამაღლებაზე.

არჩევნებზე ძირითადად მმართველი პარტიის კოორდინატორებს ვხედავთ ხოლმე. ხომ არ ფიქრობთ, რომ სახელმწიფოს შეიძლება არ უნდოდეს ასეთი ცვლილების განხორციელება იმიტომაც, რომ პასუხისმგებლობა არ აიღოს თავის თავზე?

კოორდინატორების ასე დარეგულირება ერთგვარი ძალის გამოცლაა პარტიისთვის იმიტომ, რომ ფაქტობრივად, ამით ახორციელებენ ისინი ქმედებებს, რომლითაც შემდგომ არჩევნებში იღებენ მონაწილეობას და იმარჯვებენ.

როდესაც კოორდინატორებზე ვსაუბრობთ, აქ ჩვენ მმართველ პარტიას უფრო მეტად იმიტომ ვგულისხმობთ, რომ მათ უფრო მეტი კოორდინატორი ჰყავთ. თუმცა კოორდინატორობის ინსტიტუტი ახალი შემოღებული არ არის და საკმაოდ დიდი ხანია, რაც არსებობს. უბრალოდ, თანდათან ხდება მისი გაფართოება, ახალი ელემენტების შეტანა და ა.შ. ამიტომ, ვფიქრობ, ყველა პარტიას ეხება, მაგრამ მმართველ პარტიას უფრო მასშტაბურად ჰყავს, იმიტომ, რომ მათ აქვთ შესაძლებლობა, ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენონ და იგივე, ვთქვათ, ბაგა-ბაღებში ან სკოლებში დასაქმებულები ჩართონ, როგორც კოორდინატორები.

მათ უფრო ხელეწიფებათ ეს, ვიდრე ოპოზიციას, ამიტომ არავის ენდომება ამ ძალის ხელიდან გამოცლა. მაგრამ ჩვენ სწორედ ამიტომ გვინდა ამ ყველაფრის წამოწყება, რომ როგორმე დავარეგულიროთ ეს სფერო. არ ხდებოდეს ამ ადამიანების ექსპლუატაცია. ამასთანავე, გარდა გენდერული ნიშნისა, მნიშვნელოვანია, სწორად დავინახოთ, რა არის კოორდინატორების ინსტიტუტი და დავხვეწოთ მათი შრომითი უფლებების საკითხი.

თორემ წინააღმდეგი, რა თქმა უნდა, არ ვართ, რომ პარტიებს ჰყავდეთ აქტივისტები, წარმომადგენლები, რომლებიც აგიტაციას ჩაატარებენ. უბრალოდ მნიშვნელოვანია, რომ ეს აგიტაცია იყო სამართლებრივ ჩარჩოში, არ ხდებოდეს ადამიანების პერსონალური ინფორმაციის მოგროვება, მათი ნების კონტროლი და ა.შ.

თუ გაქვთ მოლოდინი, რომ სახელმწიფო უწყებები თქვენთან ითანამშრომლებენ?

დღეს ნამდვილად არ მაქვს ამის მოლოდინი, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას, ვფიქრობთ, რომ ამას სერიოზულ ყურადღებას მივაქცევთ.

დღეს იყო პირველი პრესკონფერენცია, სადაც ეს თემა, როგორც პრობლემური საკითხი, დავსვით, ახლა კი ვაპირებთ, რომ ამაზე ვიმუშაოთ და სხვადასხვა მექანიზმები გამოვიყენოთ. პირველი – ეს იქნება, როგორც აღვნიშნე, ის, რომ აუცილებლად მოვიკვლევთ დეტალურ სტატისტიკასა და ზუსტ მონაცემებს. ასევე შევეცდებით, მათ შორის, პოლიტიკური პარტიების ქალ წევრებთან კონტაქტს. ასე ვთქვათ, ის ადამიანები [კოორდინატორები] თუ ისურვებენ,  მათი ინფორმაციის შეგროვებას და ამის შემდეგ ,როდესაც ხელში გვექნება პრობლემების ზუსტი ჩამონათვალი, ჩვენ შესაბამის უწყებებთან დავიწყებთ მუშაობას აუცილებლად.

მასალების გადაბეჭდვის წესი