ახალი ამბები

დღეიდან შემთხვევით და შერჩევით გადათვლას ვეთიშებით — კორძაია

2 ნოემბერი, 2021 • 1009
დღეიდან შემთხვევით და შერჩევით გადათვლას ვეთიშებით — კორძაია

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ კორძაია ამბობს, რომ დღეიდან ოპოზიციის წარმომადგენლები შემთხვევით და შერჩევით გადათვლის პროცესში მონაწილეობას აღარ მიიღებენ. ამის შესახებ მან დღეს, 2 ნოემბერს, განაცხადა.

მისი თქმით, ისინი საჩივრების წარდგენას გააგრძელებენ და მათ განხილვაში მიიღებენ მონაწილეობას,

„ამ პროცესში მონაწილეობას არავითარი აზრი არ აქვს, რადგან არ ითვალისწინებენ არცერთ მოსაზრებას, შენიშვნას თუ საჩივარს. დღეიდან ამ პროცესში მონაწილეობას ოპოზიციის წარმომადგენლები აღარ მიიღებენ.

ბუნებრივია, ჩვენ ვაგრძელებთ გასაჩივრებას და ჩვენს მიერ წარდგენილი საჩივრებთან დაკავშირებით ყველა განხილვაში აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას“, — განაცხადა თამარ კორძაიამ დღეს, 2 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, გადათვლის პროცესი მიმდინარეობს ტენდენციურად, რადგან მხოლოდ ბიულეტენებს ითვლიან და არ ხსნიან სამაგიდო სიებსა და ხელმოწერებს. კორძაიას თქმით კი, ეს არჩევნების გაყალბების უმთავრესი ნაწილია,  რადგან მანიპულაცია სწორედ სიებით და ხელმოწერებით ხდება. კორძაია მოუწოდეს კომისიებს, რომ საარჩევნო და სამაგიდო სიები გასაჯაროვდეს.

გარდა ამისა, თამარ კორძაიას ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით ჯერ კიდევ არ არის ატვირთული 300-მდე ვიდეო,  მათ შორის, თბილისის მასშტაბით გამოქვეყნებული არ არის 106 უბნის ამსახველი ვიდეოკადრები.  მისი თქმით,  გაურკვეველი მიზეზების გამო საარჩევნო ადმინისტრაცია აცხადებს, რომ 109 უბანზე ვიდეოები არ არის ჩაწერილი, ან ცუდი ხარისხით არის ჩაწერილი.

როგორც კორძაია ამბობს, ეს ფასადური დემოკრატიული პროცესია, რომელსაც ხელისუფლება მანიპულაციისთვის იყენებს.

„მინდა მივმართო საოლქო საარჩევნო კომისიებს, დაიწყონ გამოძიება ყველა იმ ვიდეოსთან დაკავშირებით, რომელიც არ აიტვირთა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე. ასევე, კვლავ დღეს მივმართავთ საჩივრებით კომისიას ამ ვიდეოდაკვირვების შედეგბთან დაკავშირებით და მოვითხოვთ სრულფასოვან შესწავლას და პასუხების გაცემას“, — თქვა თამარ კორძაიამ.

31 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართა. ოპოზიცია არ აღიარებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგს და გაყალბებულსა და არალეგიტიმურს უწოდებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი