საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ანჩის ხატის ეკლესიაში დაბრუნების მოთხოვნით მთავრობას კიდევ ერთხელ მიმართავს. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ამჯერად პატრიარქის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ მიმართა წერილით.
მიტროპოლიტი ღარიბაშვილს ახსენებს, რომ მიმდინარე წლის აგვისტოში ანალოგიური თხოვნით მთავრობას უკვე მიმართა მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ილია მეორემ.
წერილში საუბარია შუშის კიოტზეც, რომელშიც საპატრიარქოს ანჩის ხატის განთავსება სურს. სასულიერო პირი დასძენს, რომ კიოტი გერმანელ სპეციალისტებთან ერთად მომზადდა და მორგებულია როგორც ხატის, ისე ეკლესიის მდგომარეობაზე.
“გიგზავნით დოკუმენტაციას გერმანულ ენაზე და მოკლე შინაარსს ქართულ, გერმანულ და ინგლისურ ენებზე.
გთხოვთ, აღნიშნული მიიღოთ ცნობად; ამასთან, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ხატის დაბრუნებისთვის სათანადო ნაბიჯების დროულად გადადგმის საჭიროებას”, — ეუბნება პრემიერ-მინისტრს მიტროპოლიტი შიო.
წერილი 21 ოქტომბრით თარიღდება.
ანჩის ხატის შესახებ
ანჩის კარედი ხატი საქართველოს ისტორიაში ხელოვნების ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუშია. მიიჩნევა, რომ ხატის მოოქრული ვერცხლის ჩარჩოს მოჭედილობა თამარ მეფის ბრძანებითა და ანჩის ეპისკოპოსის, ჰიმნოგრაფ იოანე ანჩელი–რკინაელის შეკვეთით ოქრომქანდაკებელმა ბექა ოპიზარმა შეასრულა.
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული წყაროების თანახმად, 1660 წელს დომენტი კათოლიკოსმა 120 თუმნად ჩამოატანინა გორელ ვაჭარს – ამირჯანა ივანგულიშვილს სამცხედან 10 ხატი, რომელთა შორის უპირველესი იყო ანჩის ხატი.
ამის შემდეგ ხატი გადაიტანეს ჯერ გორში, შემდეგ- სოფელ ჭალაში, ბოლოს კი, თბილისში – ღმრთისმშობის ეკლესიაში, რომელიც ამის შემდგომ ანჩისხატის ეკლესიად იწოდება.
ანჩის ხატის დაცვის მიზნით, წლების განმავლობაში შალვა ამირანაშვილის სახელობის მუზეუმში ინახებოდა, რომელიც ახლა ინგრევა. ანჩის ხატი ამავე მუზეუმის ოქროს ფონდის ერთ-ერთი ექსპონატი იყო. წლების განმავლობაში საქართველოს საპატრიარქო და მასთან დაახლოებული პირები ხატის ეკლესიისთვის გადაცემას ითხოვდნენ.
3 აგვისტოს საქართველოს საპატრიარქომ ირაკლი ღარიბაშვილს ანჩისხატის ეკლესიისთვის გადაცემა ოფიციალური წერილით სთხოვა.
საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფოს გადაწყვეტილება ცნობილი არ არის.
ხელოვნებათმცოდნეების ნაწილი ხატის გადატანასა და მის ეკლესიაში განთავსებას სარისკოდ მიიჩნევს. ზოგიერთი მათგანი ფიქრობს იმასაც, რომ თუ სახელმწიფო ეკლესიის თხოვნას დათანხმდება, ანალოგიური მოთხოვნა შემდგომში სხვა ექსპონატებთან მიმართებაშიც გაჩნდება.
ამავე თემაზე
კილასონია: ანჩის ხატის დაზიანების რისკი მისი გადაადგილებისას მაღალია
თბილისი კარგავს 2-საუკუნოვან ისტორიულ მუზეუმს – სამინისტრო წინა ხელისუფლებას ადანაშულებს