ახალი ამბები

ზუგდიდში 90-ე საუბნო კომისიის წევრი ამბობს, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

31 ოქტომბერი, 2021 • 1207
ზუგდიდში 90-ე საუბნო კომისიის წევრი ამბობს, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

ზუგდიდში, 90-ე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი „სტრატეგია აღმაშენებლიდან“ აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული ორგანიზაციის წარმომადგენელმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

„მე ვიყავი კომისიის წევრი და რა უფლება აქვს დამკვირვებელს, ხელით მეხება და რომ გამაგდოს უბნიდან“? – აცხადებს იგი.

„არაფრის უფლებას არ გვაძლევდნენ, ჩვენს უფლებებს გვიზღუდავდნენ“, – ამბობს იგი. „იყო ყვირილი და ერთი ამბავი, საშინელება ხდებოდა დათვლის დროს“, – ამბობს იგი.

მისი თქმითვე, ხმის დათვლის პროცესი დასრულდა, თუმცა ბალანსი არ დგება, რასაც მორიგი დაპირისპირება მოჰყვა.

„პოლიციას არაფერი რეაგირება არ ჰქონია“, – თქვა მან.

ადგილზე ჟურნალისტები იმყოფებიან, მათ შორის „ნეტგაზეთის“ რეპორტიორი, თუმცა პოლიცია უბანზე მათ არ უშვებს.

ადგილზე პოლიციაცაა მობილიზებული. როგორც ერთ-ერთმა პოლიციელმა უთხრა „ნეტგაზეთს“, მიმდებარე ტერიტორიაზე ფიზიკური შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია, თუმცა არ იცის, რა ხდებოდა უბნის შიგნით.

პირი, რომელსაც კომისიის წევრი ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს, სავარაუდოდ, ასევე უბანზე იმყოფება.

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, გიორგი უარყოფს „სტრატეგია აღმაშენებლის“ კომისიის წევრის მიმართ ვინმეს მხრიდან ძალადობას:

„რაღაცებს გაიძახის.. თვითონ გაიწია და თვითონ ისროლა რაღაცები“, – უთხრა მან ჟურნალისტებს.

90-ე უბანზე პირველი ტურის მიმდინარეობის დროსაც არაერთხელ იყო დაძაბულობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი