ახალი ამბები

„ენმ“ რუსთავში დამკვირვებლების გაძევებაზე საუბრობს, საოლქო უარყოფს

30 ოქტომბერი, 2021 • 923
„ენმ“ რუსთავში დამკვირვებლების გაძევებაზე საუბრობს, საოლქო უარყოფს

ნაციონალური მოძრაობის წევრის, ირმა ნადირაშვილის განცხადებით, რუსთავში არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებლებს სისტემატურად აძევებენ საარჩევნო უბნების ტერიტორიიდან.

„არის მასიური შეტევა არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებლებზე. ძალიან რთული ვითარება იყო 31-ე უბანზე, საიდანაც გამოაძევეს დამკვირვებელი.

საოლქო საარჩევნო კომისიამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ეს არ არის „ქართული ოცნების“ დაქირავებული ორგანო. ეს არის საოლქო საარჩევნო კომისია, რომელიც ვალდებულია, რომ ყველას ჰქონდეს სამართლიანად, შეუზღუდავად ხმის მიცემის უფლება.

რეგისტრატორებმა შეითავსეს ფუნქცია, როდესაც აღნიშვნებს აკეთებენ, ქართულ ოცნების შტაბს უკავშირდებიან და ამით აკონტროლებენ ამომრჩევლებს“, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა რუსთავის საოლქო კომისიის შენობასთან გამართულ ბრიფინგზე.

რუსთავის მე-20 საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის, გაგა აფციაურის განცხადებით, დამკვირვებლის გაძევების ფაქტს ადგილი არ აქვს.

„ყველა დამკვირვებელი არის საარჩევნო უბანზე. ერთი ფაქტი იყო, რა დროსაც დამკვირვებელს ტელეფონი ეკავა და ახლოს იყო სამაგიდო სიებთან. მას მისცეს შენიშვნა, რომ ახლოს იყო მოქალაქეების პირად ნომრებთან და მიეცა შენიშვნა”, – განაცხადა აფციაურმა.

მისივე თქმით, უბნიდან გაძევება მხოლოდ კანონის ფარგლებში მოხდება.

„ვინც კანონს უხეშად დაარღვევს და ერთი გაფრთხილების შემდეგ არ გაითვალისწინებს კანონის ნორმებს, მეორე გაფრთხილებაზე შედგება გაძევების ოქმი“, – აცხადებს აფციაური.

დღეს საქართველოს ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის მეორე ტური იმართება.

რუსთავში ერთმანეთს „ქართული ოცნების“ კანდიდატი ნინო ლაცაბიძე და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი დავით კირკიტაძე უპირისპირდებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი