ახალი ამბები

ISFED: ზღვარი სახელმწიფოსა და „ოცნებას“ შორის მეორე ტურის წინაც ბუნდოვანი იყო

29 ოქტომბერი, 2021 • 913
ISFED: ზღვარი სახელმწიფოსა და „ოცნებას“ შორის მეორე ტურის წინაც ბუნდოვანი იყო

„სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტურის მსგავსად, მეორე ტურის წინაასარჩევნო პერიოდში ზღვარი მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის კვლავ ბუნდოვანი იყო.

მათი თქმით, აღნიშნული განსაკუთრებით ნათლად გამოვლინდა 27 ოქტომბრის „ქართული ოცნების“ მასშტაბური აქციის ორგანიზების პროცესში, რაშიც ჩართული იყო საჯარო უწყებების, სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფინასებული ორგანიზაციების რესურსები და თანამშრომლები.

ამის შესახებ მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედურ ანგარიშშია საუბარი, რომელიც ორგანიზაციამ დღეს, 29 ოქტომბერს, გამოაქვეყნა.

ანგარიშში „სამართლიანი არჩევნები” იმ ძირითად მიგნებებსა და ტენდენციებზე საუბრობს, რაც მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლინდა.

ორგანიზაციის შეფასებით, პირველი ტურის წინასაარჩევნო პერიოდში არსებული პოლარიზება კიდევ უფრო გაღრმავდა მეორე ტურის წინ, რაც გამოიწვია მესამე პრეზიდენტისა და „ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში ჩამოსვლამ და მისმა დაპატიმრებამ.

ISFED ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მეორე ტურის ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია მხოლოდ ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. ანგარიშის თანახმად, აღნიშნულ პერიოდში კვლავ დაფიქსირდა სამსახურიდან, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის/მუქარის/ხელის შეშლის, ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების, სოციალური ქსელით აგიტაციისა და ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის რამდენიმე ფაქტი.

„პირველი ტურის წინ პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამქრალი იყო დისკუსია ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებთან დაკავშირებით. კამპანია, ფაქტობრივად, საარჩევნო პროგრამების გაცნობის ნაცვლად, პოლიტიკურ პარტიებს შორის დაპირისპირებაში, ნეგატიურ გზავნილებსა და ოპონენტის დისკრედიტებაში გამოიხატებოდა. მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდში შედარებით მეტად გაკეთდა აქცენტი ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებსა და ინსტერესებზე, თუმცა კანდიდატების დაპირებები ნაკლებად ეფუძნება დეტალურად გაანალიზებულ და სიღრმისეულად მომზადებულ პროგრამას“, — ვკითხულობთ ანგარიშში.

ორგანიზაციის შეფასებით, პრობლემურია მმართველი პარტიის პოზიცია მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევებში ოპოზიციის შესაძლო გამარჯვებასთან დაკავშირებით.

„პრემიერის თქმით, ოპოზიციოინერი კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში, ოპოზიციონერ მერს ცენტრალური მთავრობის გარეშე პერსპექტივა არ აქვს. მსგავსი განცხადებები, ერთი მხრივ, უგულებელყოფს დეცენტრლიზაციის, ადგილობრივი თვითმმართველობის დამოუკიდებლობისა და მის კომპეტენციაში ცენტრალური ხელისუფლების ჩაურევლობის პრინციპებს, მეორე მხრივ, შეიცავს შერჩევითი მიდგომის ნიშნებს, რომ მერის არჩევნებში არასახელისუფლო კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში, ცენტრალური ხელისუფლება შესაბამისი მუნციპალიტეტის მხარდაჭერას სათანადოდ არ უზრუნველყოფს“, – ნათქვამია ISFED-ის ანგარიშში.

ამასთან,ორგანიზაცია წინ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ხმის დათვლის ვიდეოფიქსაციის დანერგვას. მათი თქმით, ეს ხელს უწყობს ადმინისტრაციის საქმიანობის გამჭვირვალობისა და ნდობის ხარისხის გაზრდას.

„თუმცა, პრაქტიკაში, საუბნო საარჩევნო კომისიების ნაწილში ხმების დათვლის ვიდეოფიქსაცია არჩევნების პირველ ტურზე ხარვეზებით წარიმართა. კერძოდ, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ ატვირთულა 3200-დან 300-ზე მეტი საარჩევნო უბნის ხმის დათვლის ამსახველი ვიდეოჩანაწერი. ამასთან, ვიდეოჩანაწერების ნაწილი ხარვეზებითაა გადაღებული და სრულყოფილად ვერ ასახავს ხმის დათვლის პროცესს“, — აღნიშნავს ორგანიზაცია.

ISFED უარყოფითად აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივას სააგიტაციო მასალის განთავსება/გავრცელებასთან დაკავშირებით, კერძოდ, იკრძალება საჯარო სივრცეში იმგვარი სააგიტაციო მასალის გავრცელება, რაც საარჩევნო სუბიექტის/სუბიექტების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების შექმნას იწვევს. მათი თქმით, ინიციატივა, ვერ აკმაყოფილებს განსაზღვრულობისა და განჭვრეტადობის მოთხოვნებსაც, რამაც ნორმის აღსრულების პროცესში შესაძლოა შექმნას თვითნებური ინტერპრეტაციის და პოლიტიკური მიზნით გამოყენების რისკი.

ISFED-ის განცხადებით, გაუგებარია, რა იგულისხმება “უარყოფითი დამოკიდებულების“ შექმნაში და რა ნორმატიული შინაარსი შეიძლება იყოს ამ ტერმინში. მათი თქმით, ამგვარ რეგულაციას “მსუსხავი ეფექტი” ექნება გამოხატვისა და მედიის საქმიანობის თავისუფლებაზე“.

ხვალ, 30 ოქტომბერს, საქართველოს 20 ქალაქში არჩევნების მეორე ტური იმართება. მეორე ტურში 17 ქალაქში ენმ-სა და „ქართული ოცნების“ კანდიდატები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, მეორე ადგილზე მხოლოდ ცაგერში გავიდა გიორგი გახარიას პარტიის კანდიდატი ბესარიონ ბენდელიანი. ასევე, ორ ქალაქში — თიანეთსა და ოზურგეთში — „ოცნებას“ დაუპირისპირდებიან დამოუკიდებელი კანდიდატები თამაზ მეჭიაური და კონსტანტინე შარაშიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი