ახალი ამბები

გიორგი ვაშაძე მოქალაქეებს ოპოზიციის კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

29 ოქტომბერი, 2021 • 992
გიორგი ვაშაძე მოქალაქეებს ოპოზიციის კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურებზე წავიდნენ და ხმა ოპოზიციის კანდიდატებს მისცენ.

„ხვალ, 30 ოქტომბერს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. ჩვენ საზოგადოებას დავპირდით ცვლილებებს და ამ ცვლილებებისთვის აუცილებელია არჩევნებზე მისვლა და ოპოზიციური კანდიდატების მხარდაჭერა, მიუხედავად მათი საარჩევნო ნომრისა. ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ვახერხებ კამპანიაში აქტიურად ჩართვას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ “სტრატეგია აღმაშენებლის” გუნდი აქტიური არ არის საარჩევნო პროცესში ყველა იმ ქალაქში, სადაც მეორე ტურები იმართება.

არჩევნების პირველმა ტურმა აჩვენა, რომ საზოგადოება ითხოვს ცვლილებებს და დარწმუნებული ვარ, ხალხის ნებას, ხალხის სამართლიან მოთხოვნას წინ ვერაფერი აღუდგება. ყველანი არჩევნებზე, საქართველო გაიმარჯვებს!” – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ხვალ, 30 ოქტომბერს, საქართველოს 20 ქალაქში არჩევნების მეორე ტური იმართება. მეორე ტურში 17 ქალაქში ენმ-სა და „ქართული ოცნების“ კანდიდატები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, მეორე ადგილზე მხოლოდ ცაგერში გავიდა გიორგი გახარიას პარტიის კანდიდატი ბესარიონ ბენდელიანი. ასევე, ორ ქალაქში — თიანეთსა და ოზურგეთში — „ოცნებას“ დაუპირისპირდებიან დამოუკიდებელი კანდიდატები თამაზ მეჭიაური და კონსტანტინე შარაშიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი