ახალი ამბებირეკლამა

თსუ-ს წიგნის რესტავრატორების სკოლა – რა გამოფენა იგეგმება „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში

28 ოქტომბერი, 2021 •
თსუ-ს წიგნის რესტავრატორების სკოლა – რა გამოფენა იგეგმება „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში

2022 წლის გაზაფხულზე, სახელმწიფო ენის დღესთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პროექტის ფარგლებში, უნიკალურ გამოფენას უმასპინძლებს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება უძველესი რარიტეტული წიგნები, მათ შორის, გამოცემებიც, რომლებსაც კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი აქვთ მინიჭებული.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას დიდი ისტორია აქვს. ბიბლიოთეკა 1917 წელს, ცნობილი ქართველი პუბლიცისტის, კიტა აბაშიძის ბიბლიოთეკის ბაზაზე დაარსდა, რომელმაც საკუთარი წიგნადი ფონდი, ახალდაარსებულ უნივერსიტეტს უანდერძა. დროთა განმავლობაში, ბიბლიოთეკა სხვადასხვა ორგანიზაციებისა და კერძო პირების შემოწირულებებით იზრდებოდა. შედეგად, საქართველოს ერთ-ერთი უმდიდრესი ბიბლიოთეკის ფონდში, დაცულია სამეცნიერო და სასწავლო ლიტერატურა, ქართული და უცხოური იშვიათი წიგნები და პერიოდული გამოცემები.

უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა წიგნის რესტავრაციის სკოლითაც ცნობილია, რის გარეშეც, აქ დაცული წიგნების მოვლა და გადარჩენა, წარმოუდგენელია.

რომელ რარიტეტულ გამოცემებს ინახავს საუკუნოვანი ბიბლიოთეკა, როდის შეიქმნა წიგნის რესტავრაციის სკოლა, ვინ არიან წიგნის რესტავრატორები და რას წარმოადგენს აპრილში დაგეგმილ გამოფენაზე ბიბლიოთეკა – ამ და სხვა თემებზე, თსუ-ს საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, ზურაბ გაიპარაშვილი საუბრობს.

ზურაბ გაიპარაშვილი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი

 

  • ბატონო ზურაბ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს აქვს წიგნის რესტავრირების არც ისე დიდი ისტორია აქვს. როგორ შეიქმნა ეს სკოლა?

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა ერთ-ერთი ყველაზე ძველი ბიბლიოთეკაა არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში. ბიბლიოთეკას უამრავი მკითხველი ჰყავს და, შესაბამისად, სარესტავრაციო განყოფილების არსებობა, აუცილებელი და მნიშვნელოვანია. წიგნი დროთა განმავლობაში ზიანდება, მაგრამ ყველა ბიბლიოთეკას არ აქვს ფუფუნება ჰქონდეს სარესტავრაციო განყოფილება და ჰყავდეს ამ დარგის სპეციალისტები.

სამწუხაროდ, გასული საუკუნის 90-იანი წლების შემდეგ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში აღარ ფუნქციონირებდა სარესტავრაციო განყოფილება, ქვეყანაში ყველაფერი არეული იყო, საბიბლიოთეკო დარგიც შეირყა. რამდენიმე წლის წინ, როცა ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი გავხდი, თვალნათლივ დავინახე სარესტავრაციო განყოფილების არსებობის საჭიროება, მაგრამ წავაწყდი სხვა ტიპის პრობლემას: საქართველოში გვყავს მაღალი დონის პროფესიონალები კედლის მხატვრობის, დაზგური ფერწერისა და ხელნაწერების რესტავრაციის მიმართულებით, მაგრამ, აღმოჩნდა, რომ ნაბეჭდი წიგნის რესტავრირების საქმეს ბევრი არ ეუფლებოდა.

წიგნის რესტავრაციის სკოლის დასაარსებლად, მოვიწვიეთ სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებული რესტავრატორები. მათ მოიძიეს სპეციალური ლიტერატურა, თავადვე შეისწავლეს ეს დარგი, დახელოვნებაში დაეხმარნენ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და ეროვნული ბიბლიოთეკის რესტავრატორები და, ახლა შეიძლება ითქვას, რომ სარესტავრაციო ლაბორატორიის სახით, მართლაც დიდი სიმდიდრე გვაქვს, ხოლო ჩვენი ახალგაზრდა რესტავრატორები ამ საქმის უბადლო ოსტატები არიან.

  • რესტავრირდება მხოლოდ რარიტეტული გამოცემები თუ ბიბლიოთეკის ყველა წიგნი, რომელიც ამგვარ ჩარევას საჭიროებს?

ბიბლიოთეკაში ორი სახის სარესტავრაციო მიმართულება გვაქვს: ყოველდღიურად გამოყენებული და ამ გზით დაზიანებული წიგნების რესტავრაცია და, ცხადია, იმ წიგნებისა, რომლებმაც საუკუნეებს გაუძლეს და სიცოცხლის გასახანგრძლივებლად დახმარება სჭირდებათ.

  • რა რარიტეტული გამოცემებია დაცული სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში? როგორც ვიცით, ცოტა ხნის წინ, რამდენიმე წიგნს, კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსიც მიენიჭა.

ჩვენთან ინახება ვახტანგ მეექვსეს სტამბაში, 1709 წელს დაბეჭდილი სახარება, სამოციქულო და დავითნი. ქართულ ენაზე პირველად დაბეჭდილი სახარების 21 ეგზემპლარი გვაქვს, დავითნის ამ გამოცემისა კი მთელ მსოფლიოში მხოლოდ 3 ეგზემპლარი არსებობს. სწორედ ამ ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის რარიტეტულ გამოცემებს აქვს მინიჭებული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი.

ჩვენთან, ასევე, ინახება უამრავი ვახტანგისეული გამოცემა და როგორც უცხოეთში, ასევე საქართველოში პირველნაბეჭდი ქართული წიგნების თითქმის სრული კოლექცია.

ყველა ამ გამოცემას უკვე ჩავუტარეთ რესტავრაცია. წლებისა და საუკუნეების განმავლობაში, მათ სხვადასხვა პატრონის ხელში გამოიარეს და ბიოგრაფიაც განსხვავებული აქვთ. ზოგი მდიდრულადაა შემკული, ზოგი ზედმეტად დაზიანებული იყო და, ფაქტობრივად, ახალი სიცოცხლე ვაჩუქეთ.

ჩვენს წიგნად ფონდში დაცულია პერიოდული გამოცემებიც და, ცხადია, გვაქვს სხვადასხვა ევროპულ ენაზე უცხოეთში დაბეჭდილი წიგნებიც.

ჩვენი კოლექციის მარგალიტი კი საქართველოში დაცულ ნაბეჭდ წიგნთაგან უძველესი – ცხოვრება წმინდა იერონიმესია, რომელიც 1484 წელს, გერმანიის ქალაქ ლუბეკშია გამოცემული.

  • თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქთან“ ერთად, გაზაფხულზე გამოფენას გეგმავთ. რას წარმოუდგენთ დამთვალიერებელს?

ვამზადებთ გამოფენას, რომლის საშუალებითაც, დამთვალიერებელი, ერთი მხრივ, წიგნების რესტავრატორის პროფესიაზე ბევრს შეიტყობს, მეორე მხრივ კი, ჩვენი ბიბლიოთეკის  წიგნად ფონდში დაცულ სიმდიდრესაც გაეცნობა.

სახელმწიფო ენის დღე, უდიდესი დღესასწაულია. ენას ადამიანი იცავს და ამ საუნჯის მატარებელიც თავადაა. მაგრამ ენა, უპირველესად, დაკავშირებულია წიგნთან და ამიტომაც ვფიქრობთ, რომ გამოფენა, სწორედ, 14 აპრილს უნდა დავამთხვიოთ.

გამოფენის პარალელურად, ჩავატარებთ ვორქშოპსაც, რომლის მიმდინარეობისას საზოგადოება გაიგებს, თუ რა მასშტაბის შრომას სწევენ რესტავრატორები. ჩვენს სტუმრებს გავაცნობთ გამოფენაზე წარმოდგენილი თითოეული წიგნის ისტორიას – როგორი იყო, როგორ რესტავრირდებოდა და ახლა როგორ გამოიყურება. ვორკშოპზე ერთმანეთს შეხვდებიან და გამოცდილებას გაუზიარებენ წიგნის რესტავრაციის სპეციალისტებიც – დამწყები რესტავრატორები, სტუდენტები და მოსწავლეები, ამ დარგის პროფესიონალებისგან მიიღებენ რჩევებს და გაზიარებულ გამოცდილებას.

გამოფენისთვის მზადება უკვე დაწყებული გავქვს და, აპრილამდე, ეს დღე კიდევ არაერთ კომპონენტს შეიძენს. გვსურს, საზოგადოების წინაშე, რაც შეიძლება კარგად წარვსდგეთ და ამ დარგისამდი ინტერესი კიდევ უფრო გავაღვივოთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი