ახალი ამბები

ზალკალიანის თანახმად, გორდონის ვიზიტის შესახებ შეტყობინება არ მიუღიათ

27 ოქტომბერი, 2021 • 1990
ზალკალიანის თანახმად, გორდონის ვიზიტის შესახებ შეტყობინება არ მიუღიათ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, მის უწყებას უკრაინელი კოლეგებისგან ჟურნალისტ დიმიტრი გორდონის ქვეყანაში ვიზიტის შესახებ „არანაირი დოკუმენტაცია არ მიუღია“.

„საგარეო საქმეთა სამინისტროს არანაირი შეტყობინება, არანაირი დოკუმენტაცია მასთან დაკავშირებით არ არსებობს.

გორდონი ჩვეულებრივი მოქალაქეა. როცა დელეგაციები მოდის, მაშინ ვიღებთ ხოლმე (წინასწარ შეტყობინებას).

მსგავსი არანაირი ინფორმაცია ან დოკუმენტი არ ყოფილა“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა

დღეს უკრაინელმა ჟურნალისტმა დიმიტრი გორდონმა, რომელიც საქართველოში არ შემოუშვეს, განაცხადა, რომ მომხდარი უკავშირდება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოგზავნილ თხოვნას საქართველოს საგარეო უწყებისადმი, რომელიც ეხებოდა რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილთან გორდონის შეხვედრის ორგანიზებას.

“ერთი საათის წინ ჩამოვფრინდი თბილისში და მთელი ეს დრო ველოდებოდი შტამპს პასპორტში. ახლახან ოფიციალურად განმიცხადეს, რომ საქართველოში შემოსვლა აკრძალული მაქვს. მიზეზი არ დაუსახელებიათ. ცალსახად ვუკავშირებ ამ ფაქტს იმას, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თხოვნით, ორგანიზება გაუკეთოს ჩემს შეხვედრას მიხეილ სააკაშვილთან რუსთავის ციხეში. რაც მოხდა, საერთაშორისო სკანდალი და საქართველოს ხელისუფლების სირცხვილია”, — განაცხადა დიმიტრი გორდონმა.

დღეს კოალიციის “მედია ადვოკატირებისთვის” წევრმა ორგანიზაციებმა საქართველოს მთავრობას მოუწოდეს, რომ გააკეთოს განმარტებები საქართველოში უკრაინელი ჟურნალისტების არშემოშვებასთან დაკავშირებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი