ახალი ამბები

“ბელარუსიზაციის ახალ ეტაპი” – სიმონიშვილი უკრაინელი ადვოკატისა და ჟურნალისტის არშემოშვებაზე

27 ოქტომბერი, 2021 • 1201
“ბელარუსიზაციის ახალ ეტაპი” – სიმონიშვილი უკრაინელი ადვოკატისა და ჟურნალისტის არშემოშვებაზე

„ბელარუსიზაციის ახალ ეტაპზე გადადის ქვეყანა“, – ასე ეხმაურება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი საქართველოში მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატისა და უკრაინელი ჟურნალისტის დიმიტრი გორდონის არშემოშვებას.

სიმონიშვილის თქმით, ხელისუფლება ბუნდოვან რეგულაციებს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.

„ბელარუსიზაციის ახალ ეტაპზე გადადის ქვეყანა. საზღვარზე არ შემოუშვეს სააკაშვილთან და მის საქმესთან დაკავშირებული პირები, მისი უკრაინელი ადვოკატი, უკრაინელი ჟურნალისტი, უკრაინის სახალხო დამცველს კი დაკითხვა მოუწყვეს აეროპორტში.

ჩვენი კანონმდებლობით, შსს-ს აქვს შესაძლებლობა, დაუსაბუთებლად ან გაუგებარი დასაბუთებით არ შემოუშვას უცხოელები ქვეყანაში, ასევე გაუგებრად კი ჩვენს მოქალაქეებს უარი უთხრას ქვეყნიდან გასვლაზე.

წლების განმავლობაში გვინახავს, ამ ბერკეტებს რომ იყენებდნენ სახელისუფლებო ორგანოები. ძირითადად ეს მექანიზმები გამოიყენებოდა ე.წ. “შავ სიაში” მყოფი ქვეყნების მოქალაქეების წინააღმდეგ, როდესაც მათ არ უშვებდნენ ქვეყანაში, ან შემდგომ ეუბნებოდნენ უარს ცხოვრების უფლებაზე. გარდა იმისა, რომ ამ ადამიანების უფლებები ირღვეოდა, კორუფციის სერიოზულ რისკებსაც აჩენდა, უფლების მოსაპოვებლად სხვა გზები რომ მოეძებნათ ამ ადამიანებს“, – წერს სიმონიშვილი სოციალურ ქსელში.

საიას თავმჯდომარის თქმით, სააკაშვილთან დაკაშვირებული ადამიანების საქართველოში არშემოშვებასთან დაკავშირებით შსს-მ განმარტება უნდა გააკეთოს.

„დღევანდელს რომ მივუბრუნდეთ, ნათლად გამოჩნდა, ამ ბუნდოვანი რეგულაციების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება თავისუფლად რომაა შესაძლებელი, ან უკრაინა შეიყვანეს იმ არაოფიციალურ “შავ სიაში”. ყველა შემთხვევაში, როდესაც კონკრეტულ პირთა არშემოშვებაზე ვლაპარაკობთ და ყველა მათგანი სააკაშვილს უკავშირდება, ეჭვები ჩნდება, რომ ამ ყველაფერს პოლიტიკური მიზანი შეიძლება ჰქონდეს, შსს-ს კი ხმის ამოღება და განმარტების გაკეთება მართებს.

ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, თუ როგორი რთულია ამ ქვეყანაში უფლებადამცველებისთვის და ჟურნალისტებისთვის საქმიანობა. ბელარუსშიც ასე იყო“, – წერს სიმონიშვილი.


უკრაინელი ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი საქართველოში დღეს, 27 ოქტომბერს არ შემოუშვეს.

“ერთი საათის წინ ჩამოვფრინდი თბილისში და მთელი ეს დრო ველოდებოდი შტამპს პასპორტში. ახლახან ოფიციალურად განმიცხადეს, რომ საქართველოში შემოსვლა აკრძალული მაქვს. მიზეზი არ დაუსახელებიათ. ცალსახად ვუკავშირებ ამ ფაქტს იმას, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თხოვნით, ორგანიზება გაუკეთოს ჩემს შეხვედრას მიხეილ სააკაშვილთან რუსთავის ციხეში. რაც მოხდა, საერთაშორისო სკანდალი და საქართველოს ხელისუფლების სირცხვილია”, — დაწერა გორდონმა ინსტაგრამზე.

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, დიმიტრი გორდონის გარდა, საქართველოში არ შემოუშვეს მისი მეუღლე ალისია ბაცმანი, უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის ოფისის ხელმძღვანელი მარია ბარაბაში და მისი მოადგილე იუგენი სუშენკო, რომლებიც თბილისში გორდონის ორგანიზებულ კონფერენციაზე დასასწრებად მოდიოდნენ.

მანამდე საქართველოში არ შემოუშვეს მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი ევგენ გრუშოვეცი. უკრაინის ომბუდსმენი ლიუდმილა დენისოვა კი ამბობს, რომ აეროპორტში 40 წუთი შეაყოვნეს და მხოლოდ გარკვეული ზარებისა და მუქარის შემდეგ მისცეს საზღვრის კვეთის უფლება.

შსს ამ მოვლენებს ჯერ არ გამოხმაურებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი