ახალი ამბებიეკონომიკა

როგორ უფასურდება დაგროვებითი პენსიით გადანახული ფული

27 ოქტომბერი, 2021 • 5313
როგორ უფასურდება დაგროვებითი პენსიით გადანახული ფული

თუ საქართველოში ორნიშნა ინფლაციის ტენდენცია გაგრძელდება, მნიშვნელოვნად გაუფასურდება საპენსიო ფონდში დაგროვებული მოქალაქეთა ფული. ეს ნიშნავს, რომ მოქალაქეთა სიბერის უზრუნველსაყოფად გადადებულ თანხას წლების შემდეგ დაბალი მსყიდველუნარიანობა ექნება. ამის შესახებ ნეტგაზეთთან საპენსიო ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა ლევან სურგულაძემ ისაუბრა.

საქართველოს საპენსიო სააგენტოს 30 ივნისის ინფორმაციით, საპენსიო ფონდის მიმდინარე წლიური ეფექტური შემოსავლიანობა 11.1 პროცენტი იყო იმ დროს, როდესაც მიმდინარე წლიური ინფლაცია 7.7 პროცენტით იყო განსაზღვრული.

სააგენტოს მიერ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ წლიური ინფლაციის დონე ყოველთვიურად იზრდებოდა. ივნისში ინფლაცია 9.9 პროცენტი იყო, ივლისში – 11.9 პროცენტი, აგვისტოში -12.8 პროცენტი, რაც ბოლო 10 წლის განმავლობაში რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი იყო, ხოლო სექტემბერში ინფლაცია 12.3 პროცენტით განისაზღვრა.

ინფლაცია და მსყიდველობითუნარიანობის დაკარგვა

საპენსიო სააგენტოს ყოფილი დირექტორის, ლევან სურგულაძის განცხადებით, თუ ინფლაციის მაღალი, ორნიშნა მონაცემი შენარჩუნდა, საპენსიო ფონდის ამონაგები უარყოფითი იქნება, რაც ნიშნავს, რომ განთავსებული თანხები მსყიდველობითუნარიანობას დაკარგავს.

„პირველ რიგში, იმედი ვიქონიოთ, რომ ინფლაცია დაუბრუნდება დაბალ ნიშნულებს და არ მოხდება ლარის მსყიდველობითუნარიანობის შემდგომი დაკარგვა, მაგრამ თუ ეს ასე არ მოხდა, თუ ინფლაცია იქნება წლიურ ეფექტურ შემოსავლიანობის მონაცემზე მეტი, ანუ საშუალოდ რაც გამოაცხადეს (სააგენტომ), 11 პროცენტზე ცოტა მეტი და თუ ინფლაცია იქნება ამ მონაცემზე მეტი, საპენსიო ფონდში განთავსებული თანხების მსყიდველობითუნარიანობაც შესაბამისად შემცირდება”, — უთხრა ლევან სურგულაძემ ნეტგაზეთს.

ნეტგაზეთმა სურგულაძეს ასევე ჰკითხა, თუ კონკრეტულად როგორ აისახება ფონდის წლიური ეფექტური შემოსავლიანობისა და წლიური ინფლაციის ურთიერთქმედება მოქალაქეებზე.

„ეს გამოიწვევს იმას, რომ საპენსიო ფონდში ფულის შემტანები ამ ფულით, რაც შეეძლოთ, რომ ეყიდათ დღეს, მომავალში შეიძენენ უფრო ნაკლებს. თუმცა, აქვე უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოებაც, რომ ყოველ მონაწილეს ყოველ დაზოგილ განკარგვად შემოსავალზე მომენტალურად და ურისკოდ ერიცხება 275% სარგებელი (ანუ, პრაქტიკულად, თანხა უოთხმაგდება) – იგულისხმება დამსაქმებლის და სახელმწიფოს სოლიდარული კონტრიბუცია და საგადასახადო შეღავათი.

ამ პერიოდში ნამდვილად ვერ აკომპენსირებს ფონდის შემოსავლიანობა ინფლაციას. დავიტოვოთ იმედი, რომ სულ ასეთი მაღალი ინფლაციის პირობებში არ ვიქნებით და მომავალში ვითარება შეიცვლება, მაგრამ დღეს ასეა“, – განაცხადა სურგულაძემ.

ნეტგაზეთის შეკითხვაზე, თუ რა შეიძლება იყოს ინფლაციური რისკების დაზღვევის მექანიზმი და შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი, სურგულაძე პასუხობს, რომ საპენსიო ფონდმა უნდა მოიძიოს ისეთი ფინანსური ინსტრუმენტები, სადაც ფულის განთავსების შემთხვევაში, წლიური ეფექტური შემოსავლიანობა იქნება შედარებით მაღალი.

„ამ ეტაპზე ფონდის მთლიანი თანხები არის განთავსებული საბანკო ინსტრუმენტებში, აქედან ნაწილი მართებულად განთავსებულია ისეთ დეპოზიტებზე, რომელთა სარგებელიც მიბმულია რეფინანსირების განაკვეთზე. მაღალი ინფლაციის პირობებში ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთის ზრდის საშუალებით ცდილობს შეამციროს ინფლაციური წნეხი. თუმცა ის უკვე ძალიან მაღალია (10.0 პროცენტი) და არ ველოდები, რომ გაიზრდება უსასრულოდ, რადგან ეს, მეორე მხრივ, ეკონომიკისთვის იქნება წნეხი.

შესაბამისად, ეს გაკეთებულია ნაწილ ფონდზე, მაგრამ არსებობს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთითაც განთავსებული აქტივები.

რა თქმა უნდა, კანონი ითვალისწინებს, რომ საპენსიო ფონდის თანხები დივერსიფიცირებულად უნდა განთავსდეს სხვადასხვა კეთილსაიმედო ფინანსურ ინსტრუმენტებში.

ასეთი ფინანსური ინსტრუმენტების დიდი არჩევანი საქართველოში არ არის, მაგრამ მაინც არის, ამიტომ საპენსიო სააგენტომ უნდა დაიწყოს ფიქრი და მუშაობა, რომ აღმოაჩინონ და შეისწავლონ ასეთი კეთილსაიმედო ინსტრუმენტები, რომელთაც შესაძლოა ამონაგები ჰქონდეს კიდევ უფრო მაღალი. იმავდროულად, მოხდება ფონდში სახსრების განთავსების დივერსიფიკაცია, რაც აუცილებელია.

ეს შეიძლება იყოს ადგილობრივი კომპანიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ლარში გამოშვებული ობლიგაციები, რომელთა საპროცენტო განაკვეთიც არის მისაღები“, – განაცხადა ლევან სურგულაძემ.

სურგულაძის თანახმად, უცხოურ ვალუტაში თანხების განთავსების შესაძლებლობას კანონი იძლევა, თუმცა ამჟამად უცხოურ საკრედიტო ინსტრუმენტებზე შემოსავლიანობა ძალიან დაბალია.

“სამწუხაროა, რომ უცხოურ ვალუტაში დენომინირებულ აქტივებში, იგივე საბანკო დეპოზიტებზე, არ მოხდა განთავსება უფრო ადრე, როდესაც განაკვეთები დოლარში იყო უფრო მაღალი, ვიდრე ახლა. სამწუხაროდ, დოლარში განაკვეთები ამ ეტაპზე უკვე არის ძალიან დაბალი”, — აცხადებს საპენსიო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი.

მისივე განცხადებით, ასევე არსებობს ინფლაციაზე მიბმული ობლიგაციებიც, რაც გულისხმობს იმას, რომ როდესაც ინფლაცია იზრდება, ობლიგაციის სარგებელიც იზრდება, რაც ინფლაციურ რისკებს აზღვევს, მაგრამ, მისი თქმით, ასეთი ბონდები საქართველოში არ არის.

ინფლაციის მომდევნო მონაცემი ნოემბრის თვეში გამოქვეყნდება.

საპენსიო სააგენტო ინფლაციასა და მომგებიანობაზე  

„საპენსიო ფონდის საინვესტიციო მიზანს წარმოადგენს ინფლაციის დამარცხება საინვესტიციო პერიოდის მანძილზე და არა რომელიმე კონკრეტულ თვეს ან კვარტალს.

ეს ყოველივე იმიტომ, რომ ინფლაცია შეიძლება გამოწვეული იყოს ერთჯერადი ან/და პერიოდული გარე ან შიდა ფაქტორებით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ინფლაციის მოკლევადიანი ცვალებადობა (ამის კარგი მაგალითია აქციზის დაწესება თამბაქოზე, რამაც გამოიწვია ინფლაციის მკვეთრი მოკლევადიანი ნახტომი)“, – ნათქვამია სააგენტოს მიერ ნეტგაზეთისთვის გამოგზავნილ წერილში.

სააგენტოს თანახმად, სააგენტოს დაარსებიდან დღემდე, ამონაგებისა და ინფლაციის გათვალისწინებით, მომგებიანობა 6.7 პროცენტია.

„საპენსიო სააგენტო საინვესტიციო პერიოდის მანზილზე, რაც არის 2019 წლის 1 იანვრიდან დღემდე (მას მერე, რაც ფუნქციონირებს საპენსიო სააგენტო) წარმატებით ამარცხებს ინფლაციას – საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობიდან მიღებული ამონაგები წარმოადგენს 28.8%-ს, იმ დროს, როდესაც ანალოგიურ პერიოდზე ინფლაცია არის 22.1%. შესაბამისად, 6.7%-ით მეტ მომგებიანობას აგენერირებს საპენსიო სააგენტო თავის ინვესტიციებზე ინფლაციასთან შედარებით.

მიმდინარე წლიური ეფექტური მომგებიანობა არის 11.4%. რაც შეეხება მაღალ ინფლაციას, მას აქვს პერიოდული ხასიათი და მოსალოდნელია 2022 წლის მეორე ნახევრიდან მისი დასტაბილურება“, – წერია სააგენტოს წერილში.


2021 წლის 5 სექტემბრის მდგომარეობით: საპენსიო სქემაში რეგისტრირებულ მონაწილეთა ოდენობა შეადგენს 1 მილიონ 190 ათას მონაწილეს; საპენსიო აქტივების მოცულობამ 1.69 მილიარდი ლარი შეადგინა, საიდანაც დარიცხული სარგებელი 205 მილიონი ლარია. სქემიდან გასვლის უფლებით ისარგებლა 168 ათასმა ადამიანმა, რაც გასვლის უფლების მქონეთა 41%-ს შეადგენს. დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 1,095-მა ადამიანმა. საპენსიო სქემაში ჩართულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და საშუალოდ, თვეში 11 000 პირს შეადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი