ახალი ამბები

ღარიბაშვილი: მოვუწოდებდი ბატონ მეჭიაურს, გზა დაუთმოს „ოცნების“ ახალგაზრდა კანდიდატს

24 ოქტომბერი, 2021 • 2826
ღარიბაშვილი: მოვუწოდებდი ბატონ მეჭიაურს, გზა დაუთმოს „ოცნების“ ახალგაზრდა კანდიდატს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თიანეთის მერობის კანდიდატს, თამაზ მეჭიაურს მოუწოდებს საკუთარი კანდიდატურა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მოხსნას.

ღარიბაშვილი აცხადებს, რომ 4 წლის წინ მეჭიაურმა დამსახურებულად გაიმარჯვა, თუმცა აღნიშნული არასტაბილურობის პერიოდი იყო. ღარიბაშვილის თქმით, მუდმივად დაძაბულობა იყო და საკრებულოსთან მუშაობაში მეჭიაური ბევრ სირთულეს წააწყდა, რაც მოსახლეობაზე აისახა:

„მოგეხსენებათ, ჩვენი გუნდის ყოფილი წევრი თამაზ მეჭიაური უპირისპირდება ამ ახალგაზრდა, წესიერ კაცს და მინდა აღვნიშნო, რომ ეს ძალიან სამწუხაროა, რომ გუნდის ყოფილი წევრი უპირისპირდება ჩვენი გუნდის წევრს და მე მოვუწოდებდი ბატონ თამაზ მეჭიაურს, რომ გზა დაუთმოს ამ ახალგაზრდა, ნიჭიერ ადამიანს და „ნაციონალების“ წისქვილზე ნუღარ დავასხამთ წყალს. ვიცი, რომ თიანეთის მოსახლეობა მიიღებს ბრძნულ გადაწყვეტილებას, არჩევანს გააკეთებს და ამის შემდეგ გავაგრძელებთ ნაყოფიერ თანამშრომლობას. თიანეთი კარგი მაგალითია იმიტომ, რომ 4 წლის წინ გაიმარჯვა დამსახურებულად თამაზ მეჭიაურმა და ეს 4 წელი იყო არასტაბილურობის 4 წელი, არასწორი კოორდინაცია, მუდმივი დაძაბულობა, საკრებულოსთან მუშაობაში იყო ბევრი სირთულე და საბოლოო ჯამში ეს აისახა ჩვენს მოსახლეობაზე, თიანეთის მოსახლეობაზე.

ათჯერ მეტი საქმის გაკეთება შეგვეძლო, შეეძლო მასაც, საკრებულოს, ჩვენს გუნდს, სამხარეო ადმინისტრაციას, ცენტრალურ მთავრობას, მაგრამ ვინაიდან მერი არ იყო პარტიის კანდიდატი, ეს იყო მუდმივი დაძაბულობის მიზეზი, საბოტაჟის და კოორდინაციის არარსებობა. ამას ვგულისხმობდი, როცა 2 დღის წინ გავაკეთე კომენტარი და ეს არის კლასიკური მაგალითი, რომ იტყვიან. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ახლა ყველა მუნიციპალიტეტში მოვიგებთ არჩევნებს, მეორე ტურებს, ტყუილად ირჯებიან დესტრუქციული ოპოზიციის წარმომადგენლები, ვერც ერთ ქალაქში ისინი ვერ იმარჯვებენ, ეს ჩვენ ვიცით წინასწარ კვლევებით, გამოკითხვებით და ჩვენ გვჯერა ჩვენი მოსახლეობის გადაწყვეტილების“ – ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.

მისი თქმით, საჭიროა მეტი კოორდინაცია და მუშაობა, სამხარეო ადმინისტრაციასთან, ცენტრალურ მთავრობასთან. მისი თქმით, ცენტრალურ მთავრობას თიანეთშიც და ყველა მუნიციპალიტეტში უამრავი პროექტი აქვს გაკეთებული:

„როგორ წარმოგიდგენიათ, მერი იყოს ოპოზიციონერი, ჯიბრში ედგას საკუთარ ხალხს, საკრებულოს, მით უმეტეს, თიანეთში საკრებულოს უმრავლესობა ჩვენს ხელშია და ეს ანალოგიურად ეხება სხვა მუნიციპალიტეტებსაც. რა თქმა უნდა, ეს შეაფერხებს საბოლოო ჯამში ქვეყნის განვითარებას. ჩვენ ვიცით, რომ „ნაცმოძრაობა“ არის ქვეყნის განვითარების მთავარი ბარიერი, მაგრამ ჩვენ არჩევნები მოვიგეთ, მათი დესტრუქციული ლიდერი არის ციხეში, დიდხანს იქნება ციხეში და არჩევნების შემდეგ ჩვენ გავაგრძელებთ საქმეზე ლაპარაკს და არა მხოლოდ ლაპარაკს, არამედ საქმის კეთებას“, – თქვა პრემიერ-მინისტრმა.

„ნეტგაზეთი“ რამდენიმე დღის წინ ესაუბრა თამაზ მეჭიაურს, რომელმაც თიანეთის მერად საკუთარი საქმიანობა შეაფასა და აღნიშნა, რომ როგორც ოპოზიციონერ მერს, ცენტრალურ ხელისუფლებასთან აქამდე პრობლემა არ შექმნია.

თუმცა მისივე განმარტებით, მთავრობის წარმომადგენლების ბოლო განცხადებებში იკითხება, რომ მათ ადგილობრივ ხელისუფლება პარტიის დანამატი ჰგონიათ, ქვეყნის ბიუჯეტი კი — პარტიის. როგორც ის ნეტგაზეთთან ამბობს, მსგავსი განცხადებები ქვეყნის ინტერესებს არ წაადგება.

„მამუკა ბახტაძის დროს გვქონდა შემთხვევა, როცა სტიქია იყო და კაცი კანადაში იყო და იქიდან გამოგვიყო თანხა. დისტანციურად ჩაატარა მთავრობის სხდომა და 2 თვეში ყველა დოკუმენტაცია, დაფინანსება, მშენებელი მოვასწარით, 4-5 კილომეტრის სიგრძის გზა იყო საერთოდ წაღებული და იორი მოდიოდა. ასევე ოპერატიულად ვწყვეტდით გიორგი კვირიკაშვილთანაც. მართალია, ის საწინააღმდეგო პოზიციაზე იყო მაშინ, მაგრამ როგორც კი ამირჩიეს, მერე ერთ საქმეს ვაკეთებდით. გიორგი გახარიას დროსაც მქონდა იგივე თანამშრომლობა.

პრობლემა არ მქონია არც ერთთან და ვისთანაც მეგონა, რომ უკეთესად იქნებოდა, რადგან 2011-ში ერთად ვიდექით, ახლა ე ს[ირაკლი ღარიბაშვილი] უფრო იმუქრება. რომ იმუქრება [ირაკლი ღარიბაშვილი] საკუთარი კი არ არის. ეს არის სახელმწიფო და სახელმწიფოს ჰყავს ადგილობრივი ხელისუფლებაც, მთავრობაც და არავის საკუთრებაში არ არის ეს ყველაფერი, რომ მან გადაწყვიტოს, როგორ დახარჯავს ესა თუ ის რაიონი თუ მუნიციპალიტეტი“, — ამბობს თამაზ მეჭიაური.

ვრცლად წაიკითხეთ:

როგორ აზიანებს ღარიბაშვილის მუქარა თვითმმართველობის იდეას

მასალების გადაბეჭდვის წესი