თიანეთის მერობის კანდიდატი თამაზ მეჭიაური პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პასუხობს და ამბობს, რომ სჯობს ღირსეულად წააგოს, ვიდრე მისი შეთავაზება გაითვალისწინოს. ამის შესახებ მეჭიაურმა „ფორმულასთან” ისაუბრა.
გუშინ, 24 ოქტომბერს, ირაკლი ღარიბაშვილმა თამაზ მეჭიაურს მოუწოდა, „გზა დაუთმოს „ოცნების“ ახალგაზრდა კანდიდატს“.
მეჭიაურის თქმით, ახალგაზრდობა ინდულგენცია არ არის და ის დღეს თიანეთს სჭირდება.
„მე არც ვინმეს ნიჭიერებას ვაყენებ შეურაცხყოფას და არც ახალგაზრდობაა ინდულგენცია და არც მარტო ცენტრშია გადასაწყვეტი, ვინ უნდა იყოს ადგილზე მერი, და არც მე მაქვს ისეთი ლტოლვა ამ ადგილისადმი და ეს არ არის ჩემი თვითმიზანი. მაგრამ მგონია, რომ დღესდღეობით მე ვჭირდები ჩემს კუთხეს, მე მაქვს არაერთი ადამიანის თხოვნა, რომ კენჭი მეყარა ამ თანამდებობაზე, ასე რომ, ჩემი შესვლა და გამოსვლა ბრძოლაში მარტო ჩემზე არ არის დამოკიდებული და მის სანაცვლოდ არც რაიმე თანამდებობა იქნება ჩემთვის ამის წინაპირობა. რაც არ უნდა დიდი და მაღალანაზღაურებადი იყოს ეს თანამდებობა, არსებობს შენი კუთხის მიმართ შენი ვალდებულება, რაც გაცილებით ძვირი ღირს, ვიდრე მატერიალური კეთილდღეობა“, – განაცხადა მეჭიაურმა.
კითზვაზე – ხომ არ შესთავაზეს რაიმე თანამდებობა “ოცნების” კანდიდატისთვის გზის დათმობის სანაცვლოდ, მეჭიაური პასუხისგან თავს იკავებს.
„მოდი, ამას დავანებებ ახლა თავს და უბრალოდ ვიტყვი, ჩემი მიზანი იყო და არის, რომ კიდევ უფრო მეტი სასიკეთო საქმე გავაკეთო და დავტოვო თიანეთში“, – ამბობს მეჭიაური.
მეჭიაურის თქმით, თუ „ოცნებას“ სურდა, რომ თიანეთში მერობაზე მეჭიაურს არ ეყარა კენჭი, მათ შეეძლოთ მასთან კონსულტაციები თავიდანვე გაევლოთ.
„მე მყავს თანაგუნდელები, ვისთან ერთადაც ვიბრძვი და ერთპიროვნულად ასეთ გადაწყვეტილებებს არ ვიღებ. მეორე, თუ უნდოდათ უფრო ახალგაზრდა და ასე უნდოდათ შეერჩიათ, თავიდანვე გაემართათ კონსულტაციები ჩვენთანაც და ის ახალგაზრდა ასე შეერჩიათ და არა ერთპიროვნულად და გაურკვეველი დამსახურებებით. ნიჭიერებიც ბევრი გვყავს, მათივე პარტიაშიც არიან მასზე ნიჭიერები და გამოცდილებიც, რომელთაც რაღაც ბიოგრაფიაც აქვთ და სტრუქტურებში მუშაობის გამოცდილება[…] ასე რომ, მე დავეპალარაკები თანაგუნდელებს და, დიდი ალბათობით, მე ვიცი, რომ მათი აზრიც ასეთი იქნება. იმიტომ, რომ ჩვენი ბრძოლა ემსახურება ღირსების დაცვას და არა იმას, ვინ რა ძვალს გადმოგვიგდებს აქეთ. წავაგოთ სჯობს ღირსეულად, ჩემი აზრით, ვიდრე ასეთი გზით გავიდეთ თამაშიდან”, – განაცხადა მეჭიაურმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თიანეთის მერობის კანდიდატს, თამაზ მეჭიაურს მოუწოდებს, საკუთარი კანდიდატურა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მოხსნას.
ღარიბაშვილი აცხადებს, რომ 4 წლის წინ მეჭიაურმა დამსახურებულად გაიმარჯვა, თუმცა მაშინ არასტაბილურობის პერიოდი, მუდმივად დაძაბულობა იყო და საკრებულოსთან მუშაობაში მეჭიაური ბევრ სირთულეს წააწყდა, რაც მოსახლეობაზე აისახა.
„ნეტგაზეთი“ რამდენიმე დღის წინ ესაუბრა თამაზ მეჭიაურს, რომელმაც თიანეთის მერად საკუთარი საქმიანობა შეაფასა და აღნიშნა, რომ როგორც ოპოზიციონერ მერს, ცენტრალურ ხელისუფლებასთან აქამდე პრობლემა არ შექმნია.
თუმცა, მისივე განმარტებით, მთავრობის წარმომადგენლების ბოლო განცხადებებში იკითხება, რომ ადგილობრივ ხელისუფლება მათ პარტიის დანამატი ჰგონიათ, ქვეყნის ბიუჯეტი კი — პარტიის. როგორც ის ნეტგაზეთთან ამბობს, მსგავსი განცხადებები ქვეყნის ინტერესებს არ წაადგება.
„მამუკა ბახტაძის დროს გვქონდა შემთხვევა, როცა სტიქია იყო და კაცი კანადაში იყო და იქიდან გამოგვიყო თანხა. დისტანციურად ჩაატარა მთავრობის სხდომა და 2 თვეში ყველა დოკუმენტაცია, დაფინანსება, მშენებელი მოვასწარით, 4-5 კილომეტრის სიგრძის გზა იყო საერთოდ წაღებული და იორი მოდიოდა. ასევე, ოპერატიულად ვწყვეტდით გიორგი კვირიკაშვილთანაც. მართალია, ის საწინააღმდეგო პოზიციაზე იყო მაშინ, მაგრამ როგორც კი ამირჩიეს, მერე ერთ საქმეს ვაკეთებდით. გიორგი გახარიას დროსაც მქონდა იგივე თანამშრომლობა.
პრობლემა არ მქონია არცერთთან და ვისთანაც მეგონა, რომ უკეთესად იქნებოდა, რადგან 2011-ში ერთად ვიდექით, ახლა ეს[ირაკლი ღარიბაშვილი] უფრო იმუქრება. რომ იმუქრება [ირაკლი ღარიბაშვილი], საკუთარი კი არ არის. ეს არის სახელმწიფო და სახელმწიფოს ჰყავს ადგილობრივი ხელისუფლებაც, მთავრობაც და არავის საკუთრებაში არ არის ეს ყველაფერი, რომ მან გადაწყვიტოს, როგორ დახარჯავს ესა თუ ის რაიონი თუ მუნიციპალიტეტი“, — ამბობს თამაზ მეჭიაური.
ვრცლად წაიკითხეთ: