ახალი ამბები

მოლდოვამ ისტორიაში პირველად, რუსულის ნაცვლად, პოლონური გაზი შეიძინა

27 ოქტომბერი, 2021 • 3124
მოლდოვამ ისტორიაში პირველად, რუსულის ნაცვლად, პოლონური გაზი შეიძინა

მოლდოვის მთავრობის განცხადებით, ქვეყანამ ერთი მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი პოლონეთისგან მას შემდეგ შეიძინა, რაც რუსულ ენერგოკომპანია „გაზპრომთან“ ბუნებრივი აირის მიღების შესახებ ახალი შეთანხმების გაფორმება ვერ მოხერხდა, რის გამოც ქვეყანაში ენერგოკრიზისი დაიწყო.

„კვირას ჩვენმა ქვეყანამ დაწერა ისტორია. პირველად მისი არსებობის განმავლობაში, მოლდოვამ იყიდა გაზი „გაზპრომისგან“ განსხვავებული მომწოდებლისგან“, — უთხრა BBC-ის ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკუ პოპესკუმ.

პოლონეთიდან ბუნებრივი აირის მიღების შესახებ შეთანხმება მოლდოვურ სახელმწიფო კომპანია „ენერგოკომსა“ და პოლონურ კომპანია „PGNiG-ს“ შორის გაფორმდა.

მოლდოვამ 30-დღიანი საგანგებო მდგომარეობა გასულ კვირას, მას შემდეგ გამოაცხადა, რაც გაზის მთავარ მომწოდებელ „გაზპრომთან“ დადებულ კონტრაქტს ვადა გაუვიდა, ხოლო ახალ კონტრაქტზე შეუთანხმებლობის გამო გაჩნდა რისკი, რომ ქვეყანა ბუნებრივი აირის მომარაგების გარეშე დარჩებოდა.

Financial Times-ის თანახმად, „გაზპრომმა“ მოლდოვას ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შეცვლა და ენერგოსექტორში დაგეგმილი რეფორმების გადავადება იაფი გაზის სანაცვლოდ შესთავაზა, რასაც კიშინოვი არ დაეთანხმა.

მოლდოვის მთავრობის განცხადებით, გასულ კვირას „მოლდოვაგაზმა“, რომლის მთავარი მეწილეც „გაზპრომია“, აბონენტებისათვის ენერგიის მიწოდება შეამცირა. პარალელურად, „გაზპრომმა“ მოლდოვას 709 მლნ აშშ დოლარის დავალიანების გადახდაც მოსთხოვა, რასაც ოფიციალური კიშინოვი არ ეთანხმება.

რეგიონის მკვლევართა ნაწილის განცხადებით, მოსკოვი კიშინოვზე ზეწოლის გაზრდას მას შემდეგ ცდილობს, რაც არჩევნებში რუსეთისადმი ლოიალურად განწყობილი პარტია დამარცხდა, მთავრობა კი ჩამოაყალიბა „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიამ“, რომლის გაცხადებული საგარეო პოლიტიკა ევროკავშირში ინტეგრაციაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი