ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზი ომბუსდმენი ადამიანის უფლებების დარღვევებზე საუბრობს

22 ოქტომბერი, 2021 • 1709
აფხაზი ომბუსდმენი ადამიანის უფლებების დარღვევებზე საუბრობს

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ომბუდსმენი ადგილობრივ ციხეებში პატიმრების მიმართ ძალადობის ფაქტებზე საუბრობს და აცხადებს, რომ პროკურატურა ომბუდსმენის ოფისთან თანამშრომლობის ნაცვლად ირწმუნება ,რომ სახალხო დამცველის ბრალდებები უსაფუძვლოა, მის მიმართვებს არ ითვალისწინებს და ამასთან, პატიმრების ცემის შესახებ ბრალდებებს უარყოფს.

ასიდა შაკრილმა 7 ოქტომბრის პრესკონფერენციაზე ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ საუბრისას გაიხსენა 2017 წელს მომხდარი ამბავიც. მისი მტკიცებით, სამართალდამცველებმა დაკავებულ მოქალაქეს თავის ქალა გაუტეხეს, პატიმარი მოგვიანებით ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც 2017 წლის შემდეგ იმყოფება, თუმცა ამ ფაქტზე, როგორც ასიდა შაკრილი აცხადებს, არავის დაკისრებია პასუხისმგებლობა.

“გენერალური პროკურატურის პასუხი სამწუხაროა ჩვენთვის. პროკურატურის ფუნქციების გათვალიწინებით, ჩვენ მას მივმართავთ ხოლმე, რადგან სწორედ პროკურატურამ უნდა მიიღოს ზომები, როდესაც ჩვენი მოქალაქეების უფლებები ირღვევა. სამართალდარღვევაზე შესაბამისი რეაგირების ნაცვლად კი უწყება უკმაყოფილებას გამოხატავს ჩვენ მიმართ”, – განაცხადა ასიდა შაკრილმა.

რამდენიმე თვის წინ აფხაზმა ომბუდსმენმა გალელების გაადადგილების უფლებების შეზღუდვის შესახებ დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიასაც მიმართა თხოვნით, განეხილა აფხაზურ-ქართულ სახელმწიფო საზღვარზე 2020 წლის 14 მარტს დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის მიზანშეწონილობა და მიეღო გადაწყვეტილება, რომელიც ადამიანის უფლებებისა და კორონავირუსის ინფექციის გავრცელებისგან მოსახლეობის დასაცავად იქნებოდა მიმართული. ასიდა შაკრილი აცხადებდა, რომ იმ ფონზე, როდესაც “როგორც აფხაზეთში, ასევე, საქართველოში შეზღუდვები მოიხსნა, გალის რაიონის მოსახლეობა კვლავ შეზღუდულია გადაადგილების უფლებაში, რაც შეუძლებელია არ იყოს აღქმული მათ მიერ, როგორც დისკრიმინაცია”.

მასალების გადაბეჭდვის წესი