ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზი ომბუდსმენის გამოწვევები

26 ოქტომბერი, 2019 • 1981
აფხაზი ომბუდსმენის გამოწვევები

ავტორი: მარიანა კოტოვა, სოხუმი


აფხაზეთში სახალხო დამცველის სამოთახიანი ოფისი, შვიდი თანამშრომლით, სოხუმში, ეროვნული ბიბლიოთეკის ბოლო სართულზეა განთავსებული. აქ მოქალაქეებს სთავაზობენ ყავას, ტკბილეულსა და იურიდიულ კონსულტაციას.

ომბუდსმენი ასიდა შაკრილი ამჟამად დაახლოებით 50 საქმეს სწავლობს. როგორც თავად ამბობს, ყველა საქმე სხვადასხვა საკითხს შეეხება – ზოგს მიტაცებული ბინის დაბრუნება უნდა, ზოგს – ახალი ტიპის პასპორტი და ა.შ. სხვა საკითხია ის, რომ ადგილობრივი რეგულაციების გამო ბევრი საკითხი მაინც გადაუჭრელი რჩება.

უძრავი ქონებისა და ბინადრობის საკითხები

მიტაცებული ბინების პრობლემის წინაშე, ომბუდსმენის განმარტებით, ძირითადად დგანან რუსები, სომხები, ბერძნები და ქართველები. 

აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ეთნიკურ ქართველებს არ აქვთ იმიდ იმედი, რომ ლეგალური გზებით შეძლებენ საკუთარი სახლების დაბრუნებას, რადგან აფხაზეთში დღეს არავინაა მზად “მტრის” დასახმარებლად. ეს განწყობა ადგილობრივ მცხოვრებთა ცნობიერებაში ძალიან ღრმადაა გამჯდარი და ბინადრობის შესახებ კანონითაც გამყარებულია.

ისინი, ვისაც აფხაზეთში 1994 – 1999 წლებში არ უცხოვრია, ეთნიკური აფხაზების გარდა, აფხაზეთის მოქალაქეობადაკარგულებად მიიჩნევიან. აღნიშნული საკითხი აქტუალური გახდა დაახლოებით 2 წლის წინ, როდესაც პასპორტების შეცვლის პროცესი დაიწყო. 

“უნდა ითქვას, რომ ბევრი ადამიანი არც მოგვმართავს. პარადოქსულია, რომ სასამართლოში თითქმის არავინ მიდის და საქმის ჩუმად, სხვა ხერხებით გადაჭრა სურს”, – ამბობს ასიდა შაკრილი. 

როგორც ომბუდსმენი ჰყვება, თავიდანვე გახდა გასაგები, რომ ეთნიკური აფხაზების გარდა პასპორტის შეცვლის დროს პრობლემები ყველას შეექმნებოდა. 

“ეს აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპებს. ადამიანებს, რომლებსაც მოქალაქეობა ჰქონდათ, ავტომატურად მოეხსნათ ის და თავიდან უნდა გაიარონ ყველა დამამცირებელი პროცედურა აფხაზეთის მოქალაქეობის დასამტკიცებლად. 

მესმის, რომ ეს იყო მცდელობა, გამოევლინათ ისინი, ვინც უკანონოდ მიიღო მოქალაქეობა, თუმცა მათ, ვინც ფულის სანაცვლოდ ყიდიდა ჩვენს პასპორტებს, რა თქმა უნდა, არავინ დასჯის. როგორც იტყვიან, უბრალო ხალხზე იყარეს ჯავრი. დაბალი ღობე ნახეს”. 

 

ოჯახში ძალადობა, როგორც სირცხვილი

ომბუდსმენთან მიმართვებით ირკევა, რომ აფხაზეთში მეორე მნიშვნელოვანი პრობლემა ოჯახში ძალადობა და ამ პრობლემის მიმართ აფხაზეთის მოსახლეობის დამოკიდებულებაა. 

“ადამიანებს ურჩევნიათ ჩუმად იყვნენ, მსხვერპლის დიდ ნაწილს არ სურს განცხადების დაწერა და სასამართლომდე მისვლა. აქ სირცხვილია, იყო მსხვერპლი. შესაძლოა, ასე იმის გამო ხდება, რომ უძლურების შეგრძნება გაქვს. მეც ზოგჯერ მაწუხებს გრძნობა, რომ უსარგებლო შრომით ვართ დაკავებული. ჩვენს მიმართვებს, წერილებს და რეკომენდაციებს არავინ განიხილავს და ითვალისწინებს. 

პროკურატურაში საერთოდ აღშფოთებული არიან. მეუბნებიან, რომ თავი პრეზიდენტად მიმაჩნია. რეალურად არ ასრულებენ კანონს სახალხო დამცველის შესახებ  და ასეთი დამოკიდებულებაა ყველგან”, – აცხადებს ასიდა შაკრილი. 

უწყებებთან ურთიერთობა

“განათლების მინისტრიც კი დიდხანს ვერ პოულობდა დროს, შემხვედროდა ერთ-ერთი სკოლის ინცედენტთან დაკავშირებით, სადაც დირექტორმა მოზარდ მოსწავლეს სცემა. მხოლოდ მუქარის შემდეგ შევძელი მასთან შეხვედრაზე მისვლა. ახლა მათ უბრალოდ სურთ, დირექტორს საყვედური გამოუცხადონ”. 

აფხაზი უფლებადამცველი ამბობს, რომ ხშირად უწევს საჩივრების დაწერა თანამდებობის პირებზეც კანონების შეუსრულებლობის გამო. ამჟამად მისი ოფისი უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელზე ამზადებს სარჩელს. 

რაში მდგომარეობს საქმის არსი, შაკრილი არ განმარტავს. 

“ჩვენ თითქმის მზად გვაქვს სახალხო დამცველის ვებ-გვერდი. ცოტა ხანში ჩავუშვებთ და უკვე იქ გამოვაქვეყნებთ ყველა საინტერესო მასალას, რომელიც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია. ოპერატიულად მოხდება ინფორმაციის განახლებაც. ახლა კი არ მინდა ამაზე საუბარი. საჩივარზეც არ არის დასრულებული ჯერ მუშაობა”. 

როგორც ომბუდსმენი ამბობს, მათ ვებ-გვერდზევე გამოქვეყნდება წლიური ანგარიშებიც შესრულებულ სამუშაოზე. 

ასიდა შაკრილის თქმით, ძალიან ხშირად სახალხო დამცველის საქმიანობა აღმასრულებელი ხელისუფლების მოვალეობებში ეშლებათ.

“ავიღოთ თუნდაც საემიგრაციო სამსახურის მაგალითი. უცხოელი მოქალაქეების ბევრი მომართვა გვაქვს. ვიღაცამ პასპორტი დაკარგა, ვიღაცა დონეცკიდან ვერ გადმოდის რუსულ-აფხაზური საზღვრით. ამ საქმეებით ყველა ჩვენთან მოდის იმიტომ, რომ საემიგრაციო სამსახურში ხელებს ასავსავებენ. ჩვენი იურისტები უკავშირდებიან საკონსულოებს მოსკოვში, ამ საკითხებს აგვარებენ, მაგრამ ეს არ არის ჩვენი საქმე.  ვეხმარებით ადამიანებს, რადგან შესაბამისი ორგანოები ამას არ აკეთებენ.

ოფისის დახურვაც კი გვინდოდა. როდესაც ვერ ხედავ მხარდაჭერას სახელმწიფოს მხრიდან – ხელს ჩაიქნევ. მაგრამ როდესაც შენი მუშაობის შედეგებს ხედავ და ქვეყანაში არსებულ სიტუაციას, როცა ბევრი მოქალაქე ჩვენს იმედზეა, კვლავ ძალებით ვივსებით. შეუძლებელია ყველა საკითხი ქუჩაში და მიტინგზე გადაჭრა. ასე ხომ კანონი ვერასოდეს გახდება უზენაესი ამ ქვეყანაში”. 

ყველა განხილული საქმის შემდეგ ადამიანის უფლებათა ოფისი საკუთარ რეკომენდაციებს შესაბამის უწყებებს უგზავნის, ძირითადად ეს არის პროკურატურა და შესაბამისი სამინისტროები.  

“სწორედ ასეთი თანამშრომლობის წყალობით შევძელით ყაზახეთის მოქალაქისთვის დაკაგრული პასპორტი აღგვედგინა. 7 წელი ალექსანდრ ბორისოვეცი აფხაზეთში საბუთების გარეშე ცხოვრობდა. პასპორტი ყაზახეთიდან აფხაზეთში ჩამოსვლის შემდეგ დაკარგა. დედამ ყველა ინსტანცია მოიარა, დაწყებული უშიშროების ფედერალური სამსახურიდან რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომდე, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მხოლოდ სოხუმში ომბუდსმენის ოფისმა შეძლო ყაზახეთის ომბუდსმენის ოფისთან დაკავშირება და მისი პასპორტის რამდენიმე თვეში აღდგენა”. 

ომბუდსმენის აპარტის დაფინანსება

ომბუდსმენის ოფისი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. წლიური დაფინანსება დაახლოებით 5 მილიონი რუსული რუბლია [70,5 ათასი ევრო], აქედან 3 მილიონი [42 ათასი ევრო] თანამშრომლების ხელფასებზე იხარჯება. 

“ეს სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ ჩვენი საქმე კარგად ვაკეთოთ”, – ამბობს აფხაზი ომბუდსმენი. 


მასალების გადაბეჭდვის წესი