ახალი ამბები

მელიას ჩემი კანდიდატურა მე შევთავაზე – ხაზარაძე

21 ოქტომბერი, 2021 • 2121
მელიას ჩემი კანდიდატურა მე შევთავაზე – ხაზარაძე

“ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ნიკა მელიას თბილისის ვიცე-მერად თავისი კანდიდატურა თავად შესთავაზა. ამის შესახებ მან “მთავარ არხთან” ისაუბრა.

ხაზარაძის თქმით, თბილისის ვიცე-მერად კანდიდატურის დაყენებისთვის მისი პირობა იყო, რომ ელენე ხოშტარიას და ზურაბ ჯაფარიძესაც ანალოგიური ნაბიჯები გადაედგათ.

“მე ვფიქრობ, ცხოვრებაში დგება მომენტები, როცა ნაბიჯია გადასადგმელი და ეს ნაბიჯი უნდა ემსახურებოდეს საერთო მიზნის მიღწევას. დღეს ჩვენი ქვეყანა არის კრიზისში და ერთადერთი გამოსავალი ამ კრიზისის დაძლევის არის შეთანხმება, პირადი ამბიციების უკანა პლანზე გადაწევა და სამშობლოს საკითხების წინ წამოწევა. ამიტომ ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ეს იყო ჩემი იდეა, ორი დღის წინ მე შევთავაზე [ჩემი კანდიდატურა მელიას].

ჩვენ მანამდე განვიხილავდით ჩვენს კანდიდატებს და ბოლო მომენტამდე, როცა ბოლო თათბირი იყო და შევიკრიბეთ ორი დღის წინ, უბრალოდ, პირდაპირ ვუთხარი, რომ თუ გვინდა შევცვალოთ ქვეყანა, ყველა ძალებით უნდა ჩავერთოთ. მე ასევე ვუთხარი, რომ იმ შემთხვევაში ჩავერთვები, თუ ელენე ხოშტარია და ზურაც [ჯაფარიძე] ანალოგიურ ნაბიჯებს გადადგამდნენ. ეს იყო ერთადერთი პირობა. მადლობა მათ, რომ ისინი დაეთანხმნენ ამ გამოწვევას და მიიღეს ეს წინადადება”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

გუშინ, 20 ოქტომბერს, თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ თბილისის მთავრობის ჩრდილოვანი კაბინეტი წარადგინა. ნიკა მელიას გამარჯვების შემთხვევაში თბილისის მერის მოადგილეები იქნებიან  მამუკა ხაზარაძე; ზურაბ ჯაფარიძე; ელენე ხოშტარია და ირაკლი აბესაძე.

მელიამ ასევე დაასახელა საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელობის და თბილისის რაიონების გამგებლობის კანდიდატები, რომელთაც გამარჯების შემთხვევაში დანიშნავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი