პარლამენტი ხელოსანთა ლიცენზირების და პროფესიონალიზმის საკითხს განიხილავს. აღნიშნული საკანონმდებლო წინადადებით პარლამენტს მოქალაქე მარიამ ჭყონიამ მიმართა.
როგორც საკანონმდებლო წინადადებაში ვკითხულობთ, ხელოსანთა ლიცენზირების და პროფესიონალიზმის საკითხის მნიშვნელობაზე მიუთითებს ბათუმში კორპუსის ჩამონგრევაც.
„მოგეხსენებათ იმ ტრადიკული ამბის შესახებ, რაც ბათუმში მოხდა. აქედან გამომდინარე მიმაჩნია, რომ უკვე დროა ვიფიქროთ შემდეგ საკანონდებლო პროექტზე, რომელიც დაარეგულირებს ხელოსანთა ლიცენზირების და პროფესიონალიზმის საკითხს. თუნდაც იმიტომ, რომ ვისაც არ ეზარება, ყველა ხელოსნობას იბრალებს და მოქალაქეებს სხვადასხვა სახის ზიანს აყენებს.
აქედან გამომდინარე, უნდა შეიქმნას ან გამოიყოს, ან მოხდეს დაქვემდებარება თუნდაც თბილისის მერიაში ხელოსანთა აღრიცხვიანობის ან/და ლიცენზირების გაცემის საკითხთან მიმართებაში. სათანადო მაგალითია ტაქსისტების რეფორმა, რომელსაც თბილისის მერმა, ბატონმა კახა კალაძემ იდეალურად გაართვა თავი. გთხოვთ, იმსჯელოთ ჩემს საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით“, — ნათქვამია მარიამ ჭყონიას საკანონმდებლო წინადადებაში.
პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს დაევალა, განიხილოს მარიამ ჭყონიას მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება.
მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს ბათუმში საცხოვრებელი სახლის სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა, რასაც 9 ადამიანი ემსხვერპლა. სამართალდამცავებმა დააკავეს პირველი სართულის მეპატრონე და მის მიერ დაქირავებული ორი ხელოსანი. წინასწარი ინფორმაციით, მათ სახლს საყრდენი კედლები გამოაცალეს. ბრალდებას არ აღიარებენ დაკავებულები.