ახალი ამბები

პატივი სცენ პარტნიორი ქვეყნის კანონებს – ოხანაშვილი ევროპარლამენტარებს

18 ოქტომბერი, 2021 • 1249
პატივი სცენ პარტნიორი ქვეყნის კანონებს – ოხანაშვილი ევროპარლამენტარებს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ევროპარლარმენტარებს მოუწოდებს, რომ „საქართველოში მოქმედ კანონებს პატივი სცენ“.

საუბარია იმ პოლიტიკოსებზე, რომლებიც ხელს აწერენ განცხადებას, რომლითაც სამართლიანი სასამართლოს წინაშე წარდგომამდე მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის შეწყვეტას ითხოვენ.

ოხანაშვილის თქმით, ეს განცხადება ევროკავშირის პოზიციას არ გამოხატავს და განცხადებაზე ხელმომწერები შეცდომაში არიან შეყვანილი.

„ზოგიერთი თუ ცალკეული ევროპარლამენტარის პოზიცია არ გამოხატავს არც ევროკავშირის და არც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების პოზიციას. ეს არ გამოხატავს ჩვენი ევროპელი მეგობრების პოზიციას, რომელთანაც ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ოხანაშვილის თქმით, „ეს ადამიანები თუ საუბრობენ მსჯავრდებულ სააკაშვილის თითქოს უდანაშაულობაზე, ეს არის ქართველი ხალხის აბუჩად აგდება“.

„ან შეცდომაში არიან ისინი შეყვანილი, ან ჩამოვიდნენ და პირადად გაეცნონ ფაქტობრივ გარემოებებს, ცოცხალ მოწმეებს, ადამიანებს, ვინც დაზარალებული და მსხვერპლი არიან და ნახავენ, თუ რასთან გვაქვს საქმე”, – განაცხადა მან.

პარლამენტარის თქმით, თუ განცხადებაზე ხელმომწერები პატივს არ სცემენ საქართველოში კანონის უზენაესობას, მაშინ ეს საქართველოს მოქალაქეების შეურაცხყოფა იქნება.

„ამიტომ ისეთ განცხადებას და პოზიციას ნუ დაიკავებენ, რომელიც მათი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის მოქალაქეებს მიაყენებს შეურაცხყოფას. ეს სხვა არაფერია, თუ არა ჩვენი მოქალაქეების და განსაკუთრებით მსხვერპლი თუ დაზარალებული პირების შეუარაცხყოფა. კეთილი ინებონ და ყველამ პატივი სცეს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს“, – აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

„თუ პატივს სცემენ თავის ქვეყანაში კანონის უზენაესობას, კეთილი ინებონ და პატივი სცენ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნაშიც მოქმედ კანონებს და წესებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება კიდევ ერთხელ ჩვენი მოქალაქეების შეურაცხყოფა“, – განაცხადა მან.


განცხადება, რომლის თანახმადაც მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა „უნდა შეწყდეს მანამ, სანამ ის არ წარდგება სამართლიანი სასამართლო პროცესის წინაშე“, 18 ოქტომბერს გავრცელდა.

ხელმომწერთა შორის არიან გავლენიანი ყოფილი თანამდებობის პირები, ასევე 25 ევროპარლამენტარი, ლიეტუვის პარლამენტის 29 წევრი, ლატვიისა და უკრაინის ექსპრეზიდენტები, ვალდის ზატლერსი და ვიქტორ იუშჩენკო, შვედეთის ყოფილი პრემიერი კარლ ბილდტი და რამდენიმე ქართველი პოლიტიკოსი და ექსპერტი.

ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი