ახალი ამბები

ევროპარლამენტარები, ყოფილი თანამდებობის პირები და სხვები სააკაშვილის დაკავებაზე

18 ოქტომბერი, 2021 • 2094
ევროპარლამენტარები, ყოფილი თანამდებობის პირები და სხვები სააკაშვილის დაკავებაზე

70-მდე ევროპელი პოლიტიკოსი ხელს აწერს განცხადებას, რომლის თანახმადაც მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა „უნდა შეწყდეს მანამ, სანამ ის არ წარდგება სამართლიანი სასამართლო პროცესის წინაშე“.

განცხადება 18 ოქტომბერს გავრცელდა. ამავე განცხადების ტექსტი (სამუშაო ვერსია) რამდენიმე დღით ადრეც გაავრცელა „ფორმულამ“, თუმცა ხელმომწერთა ვინაობა დაუზუსტებელი იყო.

18 ოქტომბერს კი „რადიო თავისუფლებამ“ გაავრცელა იგივე წერილი, რომელსაც 72  პოლიტიკოსის ხელმოწერა ერთვის თან.

ხელმომწერთა შორის არიან გავლენიანი ყოფილი თანამდებობის პირები, ასევე, 25 ევროპარლამენტარი, ლიეტუვის პარლამენტის 29 წევრი, ლატვიისა და უკრაინის ექსპრეზიდენტები- ვალდის ზატლერსი და ვიქტორ იუშჩენკო, შვედეთის ყოფილი პრემიერი კარლ ბილდტი და რამდენიმე ქართველი პოლიტიკოსი და ექსპერტი.

წერილის ადრესატები არიან ევროპული საბჭოს, ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტები, შარლ მიშელი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და დავიდ სასოლი.

განცხადების თარგმანი „ფორმულას“ ეკუთვნის:

„2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ, საქართველოს ახალმა მთავრობამ დაიწყო რეფორმები, რომლებიც მიმართული იყო დასავლური უსაფრთხოების, ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრაციისკენ, რაც ქართველ ხალხს სურდა. ახლა, 20 წლის შემდეგ, მარტივია დაივიწყო ამ წლებში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი.

ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო იყო შესასრულებელი, როდესაც რუსეთი შემოიჭრა საქართველოში 2008 წელს. 2012 წელს ამომრჩეველმა გადაწყვიტა, რომ დრო იყო, სხვა მმართველ პარტიას ჰქონოდა შანსი, განეხორციელებინა მართლმსაჯულების საჭირო რეფორმები და წინსვლა სრული დასავლური ინტეგრაციისკენ.

მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა რეგიონალური პრეცედენტის შექმნაში: მან ჩაატარა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რამაც მის პარტიას დამარცხება მოუტანა და ხელისუფლების მშვიდობიანი, დემოკრატიული გადაცემის გზით ძალაუფლება ახალ მთავრობას გადაულოცა.

2021 წლის პირველ ოქტომბერს პრეზიდენტი სააკაშვილი დაბრუნდა საქართველოში და ის მაშინვე დააპატიმრეს იმ სასჯელისთვის, რომლისთვისაც დაუსწრებლად იყო გასამართლებული.

ცნობილია, რომ ბრალდება პოლიტიკურად მოტივირებულია. სააკაშვილი ერთ-ერთი იყო იმ ათეულობით ყოფილ ჩინოვნიკთა შორის, რომლებიც მათმა მემკვიდრეებმა გაასამართლეს.

მიუხედავად ამისა, ბრალდება საერთაშორისო დონეზე არასდროს იყო აღიარებული და ის არავის დაუკავებია, ან არ გადაუწყვეტია მისი ექსტრადირება მაშინ, როცა ის აგრძელებდა მუშაობას და მოგზაურობას საზღვარგარეთ, რადგან ეს ბრალდებები აღიარებული იყო პოლიტიკური დევნის დადგენილი მოდელის ნაწილად.

ექსპრეზიდენტ სააკაშვილის დაპატიმრება ემსახურება მხოლოდ პოლიტიკური კრიზისის გაღრმავებას, რომელსაც საქართველო აწყდება წლების განმავლობაში უკიდურესი პოლარიზაციის შედეგად, რაც გამოწვეულია თავისუფალი პრესის კონტროლის, ჟურნალისტების, ოპოზიციური პოლიტიკოსების, აქტივისტების და თვით უცხოელი დიპლომატების დაშინებისა და ფარული თვალთავლის მცდელობებით და მართვაში პოლიტიკური ოპოზიციისთვის სივრცისა და რესურების შეზღუდვით.

ყოველი დღე, როდესაც საქართველოს მთავრობა აგრძელებს პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას და მისი პოლიტიკური კონკურენტებისა და წინამორბედების დაპატიმრებას, არის კიდევ ერთი დღე, რომელიც აუარესებს საქართველოში უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაციის ციკლს, რაც შეუძლებელს ხდის პოლიტიკური ძალების ერთიანობას სტრატეგიული ეროვნული პრიორიტეტების ირგვლივ.

უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაცია ანგრევს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, რომელიც საქართველოსთვის საუკეთესო დაცვაა იმ ეგზისტენციალური საფრთხეებისგან, რომლის წინაშეც ქვეყანა კვლავ დგას. ჩვენ ვიცით, სად მიდის ეს მოდელი. ახლა დუმილის დრო აღარ არის.

პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში განსახილველი განცხადების გათვალისწინებით და საქართველოს დემოკრატიის არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის უზრუნველსაყოფად, სააკაშვილს პატიმრობა უნდა შეწყდეს მანამ, სანამ ის არ წარდგება სამართლიანი სასამართლო პროცესის წინაშე, მისთვის წაყენებული ნებისმიერი ბრალდებისათვის.

იმის გამო, რომ საქარათველოში არ არსებობს მართლმსაჯულების სისტემისადმი საზოგადოების ნდობა, საერთაშორისო დაკვირვების გარკვეული ელემენტი უნდა შეიქმნას, რათა ხელი შეუწყოს დაძაბულობის განმუხტვას პროცესის წინსვლისთვის.

პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების ეპოქა საბოლოოდ უნდა დასრულდეს საქართველოში. ეს ნათლად იყო ნათქვამი ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მედიაციით მიღწეულ 19 აპრილის შეთანხმებაში, რომელიც მოგვიანებით უარყო ქართულმა ოცნებამ.

პრეზიდენტი სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს, რათა გზა გაუხსნას სტაბილურობისკენ მიმართულ ეროვნულ შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში კრიზისის დასრულებას და იმ კურსის აღდგენას, რომლის ნახვაც ქართველ ხალხს სურს თავისი ერის მომავლისთვის“.


„რადიო თავისუფლების“ ცნობით, ხელმომწერთა სია ასეთია:

  • ვალდის ზატლერსი, ლატვიის ყოფილი პრეზიდენტი
  • ვიქტორ იუშენკო, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი
  • კარლ ბილდტი, შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი
  • ანა ფოტიგა, ევროპარლამენტარი
  • იაჩეკ სარიუზ-ვოლსკი, ევროპარლამენტარი
  • რიშარდ ანტონ ლეგუტკო, ევროპარლამენტარი
  • რაფაელ ფიტო, ევროპარლამენტარი
  • ელჟბიეტა რაფალსკა, ევროპარლამენტარი
  • ვიტოლდ იან ვაშიკოვსკი, ევროპარლამენტარი
  • ელზბიეტა კრუკი, ევროპარლამენტარი
  • რობერტ ზილე, ევროპარლამენტარი
  • ბეატა მაზურეკი, ევროპარლამენტარი
  • შარლი ვაიმერსი, ევროპარლამენტარი
  • ადამ ბიელანი, ევროპარლამენტარი
  • დომინიკ ტარჩინსკი, ევროპარლამენტარი
  • ჰერმან ტერში, ევროპარლამენტარი
  • ანა ზალევსკა, ევროპარლამენტარი
  • კოსმა ზლოტოვსკი, ევროპარლამენტარი
  • ზბიგნევ კუზმიუკი, ევროპარლამენტარი
  • რასა იუკნევიჩიენე, ევროპარლამენტარი
  • რაფაელ გლუკსმანი, ევროპარლამენტარი
  • რაიმუნდას ლოპატა, ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის წევრი, საქართველოსთან საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების ჯგუფის ხელმძღვანელი
  • ჟიგიმანტას პავილიონისი, ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე
  • ლაურინას კასჩიუნასი, ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  • ლაიმა ანდრიკიენე, ლიეტუვის სეიმის ევროპულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
  • არმინას ლაიდეკა. ლიეტუვის სეიმის ევროპულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
  • ალგირდას ბუტკევიჩიუსი- ლიეტუვის სეიმის ბიუჯეტისა და ფინანსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
  • ვალენტინას ბუკაუსკასი, ლიეტუვის სეიმის სახელმწიფო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
  • მიხაი კამინსკი, პოლონეთის სენატის ვიცე-სპიკერი.
  • პაველ ფიშერი, ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის საგარეო საქმეთა, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  • ეერიკ კროსი, ესტონეთის პარლამენტის წევრი
  • ვიტის იურკონისი, ვილნიუსის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკური მეცნიერების ინსტიტუტის პროფესორი
  • მარიუს ლაურინავიჩიუსი, ვილნიუსის პოლიტიკური ანალიზის ცენტრის უფროსი მკვლევარი
  • ბენ ჰოჯესი, ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური, გენერალი
  • დანიელ ჰამილტონი, დიდი ბრიტანეთის კონსერვატორთა პარტიის წევრი
  • ვალბურგა ჰაბსბურგ დაგლასი, შვედეთის პარლამენტის ყოფილი წევრი
  • გაბრიელა ფონ ჰაბსბურგი, საქართველოს ყოფილი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში (2009 – 2013)
  • ვლადიმირ კარა-მურზა, რუსი ოპოზიციონერი და ბორის ნემცოვის ფონდის თავმჯომარე
  • ეკა ტყეშელაშვილი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი
  • დავით სიხარულიძე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი [2008-2009], პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლი საგარეო პოლიტიკის საკითხებში
  • ბათუ ქუთელია, საქართველოს ყოფილი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში, 2007-2008 წლებში იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე
  • ელენე ხოშტარია, პოლიტიკოსი
  • თორნიკე გორდაძე, პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის პროფესორი
  • შოთა ღვინერია, საქართველოს ყოფილი ელჩი ნიდერლანდების სამეფოში

მასალების გადაბეჭდვის წესი