ახალი ამბები

ნამახვანჰესზე კანონით გათვალისწინებული დასკვნა არ გაგვიცია — ფინანსთა სამინისტრო

18 ოქტომბერი, 2021 • 6327
ნამახვანჰესზე კანონით გათვალისწინებული დასკვნა არ გაგვიცია — ფინანსთა სამინისტრო

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო „ნეტგაზეთის“ საჯარო ინფორმაციაზე მოთხოვნის პასუხად ადასტურებს, რომ ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებული დასკვნა გაცემული არ ჰქონია.

„ნეტგაზეთმა“ 2021 წლის 3 ივნისს ჰკითხა სამინისტროს, აქვთ თუ არა „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის“ მე-10 მუხლის და საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს სხვა კანონმდებლობის შესაბამისად მომზადებული დასკვნა ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის პროექტსა და ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების ხელშეკრულებაზე, ასეთი დასვკნ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში კი ამ დოკუმენტაციის მოწოდება ვითხოვეთ.

სამინისტრომ მხოლოდ ოთხ-ნახევარი თვის შემდეგ, დაგვიანებით მოგვაწოდა პასუხი საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე:

პასუხი ნეტგაზეთს
სქრინშოთი: სამინისტროს პასუხი ნეტგაზეთს

საჯარო უწყებას საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხის გასაცემად 10 სამუშაო დღე აქვს კანონმდებლობით მინიჭებული. სამინისტროს, 18 ოქტომბერს, აღნიშნული პასუხის მიწოდებამდე, გამოცემისთვის არ აუხსნია, ჰქონდა თუ არა დაგვიანებას საფუძველი.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტი, სალომე შუბლაძე „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობდა, რომ ფინანსთა სამინისტროს დასკვნა არა მხოლოდ ნამახვანჰესის პროექტზე, არამედ საჯარო-კერძო თანამშრომლობის (ანუ PPP) ყველა პროექტზე არის ცენტრალური დოკუმენტი:

„საჯარო-კერძო თანამშრომლობა ნიშნავს, რომ სახელმწიფო თავისი კონტრიბუციით, მხარდაჭერით, საჯარო რესურსებით შედის პროექტში… ეს საკითხი გადის ქვეყნის ფისკალურ სტაბილურობაზე და მოიცავს გარკვეულ ფისკალურ რისკებს“, – ამბობდა იურისტი და განმარტავდა:

„კერძოდ, საუბარი გვაქვს PPA-ზე, ანუ გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებაზე, რაც, საბოლოო ჯამში, არის საქართველოს მთავრობის ვალდებულება. თუ ესკო (ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი) იქნება გადახდისუუნარო, ეს თანხა კომპანიას უნდა გადაუხადოს მთავრობამ. გარდა ამისა, ხელშეკრულება მოიცავს უამრავ პირობას, როდესაც პირდაპირ დგება სახელმწიფოს ფინანსური პასუხისმგებლობის საკითხი“.

შესაბამისად, ორგანიზაციის წარმომადგენელი მიუთითებდა, რომ ერთი მხრივ, პროექტის ბუნებიდან, მეორე მხრივ კი, ხელშეკრულების სპეციფიკიდან გამომდინარე, — „როდესაც ამდენ გარანტიას იღებს სახელმწიფო კომპანიის წინაშე“, — განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფინანსთა სამინისტროს პოზიცია ამ პროექტთან დაკავშირებით.

„ეს საკითხი შეიძლება გადიოდეს საბიუჯეტო სტაბილურობაზე, რადგან ვიცით, რომ ვალდებულებები, რაც ამ ეტაპზე აქვს მთავრობას აღებული, იმ შემთხვევაში, თუ არ შეასრულებს, სერიოზულ კომპენსაციებს უკავშირდება. და, ბუნებრივია, ეს რისკები წინასწარ უნდა ყოფილიყო გათვლილი და შეფასებული“, – აცხადებდა იგი.

პროექტიდან გასული ინვესტორი

22 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ კომპანია „ენკამ“, რომელიც რიონის ხეობაში ნამახვანჰესს აშენებდა, საქართველოს მთავრობას აცნობა ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ.

ამ გადაწყვეტილების საფუძვლად ინვესტორმა კომპანიამ საქართველოს მთავრობის მხრიდან კონტრაქტის პირობების დარღვევა და ფორსმაჟორული გარემოების არსებობა დაასახელა.

18 ოქტომბერსვე ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ და კომპანია „ენკამ“ ერთმანეთთან  კომუნიკაციის მიზნით სამუშაო ჯგუფები შექმნეს.

„რა თქმა უნდა, არბიტრაჟი არც ჩვენთვის არის სასურველი და, იმედი მაქვს, არც კომპანია ენკასთვის, რომლის მთავარი პროფილიც არის მშენებლობა და არა არბიტრაჟში დავა“, – განაცხადა თურნავამ.

ნამახვანის პროექტი ორი, 333 და 100 მგვტ სიმძლავრის ჰესის მშენებლობას გულისხმობდა მდინარე რიონზე.პროექტის ღირებულება დაახლოებით 830 მილიონი აშშ დოლარი იყო.

კონტრაქტი მთავრობას გაცილებით მეტ პასუხისმგებლობას აკისრებდა სხვადასხვა სცენარის განვითარების შემთხვევაში, ვიდრე ინვესტორს – კონტრაქტის თანახმად, ხელშეკრულების გაწყვეტის შემთხვევაში, კომპანია პოტენციურად უკეთეს ვითარებაში აღმოჩნდებოდა.

ამჟამად ჯერ კიდევ დასაზუსტებელია დეტალები, თუ კონკრეტულად რის გამო დავობს „ენკა“ და რა პოზიცია ექნება მის კონკრეტულ პრეტენზიებზე სახელმწიფოს. შესაბამისად, როგორც „ნეტგაზეთი“ წერდა, ამ ეტაპზე რთულია პროგნოზირება, თუ ზუსტად როგორ განვითარდება მოვლენები.

თუმცა კონტრაქტის შინაარსი და ინვესტორის გავრცელებული მოკლე ცნობა რამდენიმე სცენარის წარმოდგენის შესაძლებლობას იძლევა:

მასალების გადაბეჭდვის წესი