ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სტვენა, სპორტი და ნაციონალიზმი

14 ოქტომბერი, 2021 • 4567
სტვენა, სპორტი და ნაციონალიზმი

დავით ჯიშკარიანი, თბილისი


2021 წლის 12 ოქტომბერს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ფეხბურთში მორიგი, მეშვიდე მატჩი გამართა მსოფლიო  ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე. ხანგრძლივი  წარუმატებლობის შემდეგ 1:2 გამარჯვება  გულშემატკივერებისათვის სასიამოვნო იყო.  თამაში პრიშტინაში, ფადილ ვოკრის, ყველაზე სახელოვანი კოსოვოელი ფეხბურთელის სახელობის სტადიონზე გაიმართა.  მატჩის დაწყებისას, საქართველოს ნაკრების ჰიმნის დროს, სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივარმა სტვენა დაიწყო. მსგავსი უპატივისცემლობა არ იყო სპორტული მიზეზით განპირობებული. სპორტული თვალსაზრისით კოსოვოელმა ფეხბურთელებმა საქართველოს ნაკრები 1:0 დაამარცხეს ბათუმში და მორალური უპირატესობით მასპინძლობდნენ მეტოქეს.

გაღიზიანება და პროტესტი სრულიად სხვა ფაქტორმა გამოიწვია.  საქმის გარკვევაში კი ისევ პოლიტიკა, ნაციონალიზმი, ტერიტორიული მთლიანობისა და სესეციის საკითხები უნდა ჩავრთოთ. ამოსავალი პრობლემა ამ შემთხვევაში სწორედ ეს იყო,   საქართველო კოსოვოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არ აღიარებს და მას სერბეთის სახელმწიფოს ნაწილად მიიჩნევს. კოსოვოს ნაკრების გულშემატკივრებისათვის კი ეს პრინციპული საკითხია და ისინი მუდამ ეცდებიან, რომ  მსგავსი პროტესტი გამოხატონ ყველა იმ სახელმწიფოს მიმართ, ვინც მათ დამოუკიდებლობას არ ცნობს.

ფეხბურთი რომ პოლიტიკის და ეთნიკური კონფლიქტის ნაწილია, XX საუკუნის 90-იან წლებში ბალკანეთის კონფლიქტების დროსაც დამტკიცდა. 1990 წელს მორიგი მატჩი გაიმართა იუგოსლავიის ჩემპიონატში ძალიან საინტერესო ორ გუნდს, ზაგრების დინამოსა და ბელგრადის წითელ ვარსკვლავს (Црвена звезда) შორის.  ეს ის დროა, როდესაც პოლიტიკური სიტუაცია ხორვატებსა და სერბებს შორის ძალიან დძაბული იყო. მატჩის დაწყებამდე ორივე გუნდის გულშემატკივრები დაძაბულები და ეთნიკური ნიშნით იყვნენ დაყოფილები.  მატჩის მეათე წუთზე პოლიციელი შეეცადა წესრიგის დამყარებას მოედანზე, რომ აღეკვეთა ხორვატი გულშემატკივრების უწესრიგობა.

ამ დროს ზაგრების დინამოს ფეხბურთელი, ხორვატი ნახევარმცველი  ზვონიმინ ბობანი ჰაერში ახტა და წიხლი ჩაარტყა პოლიციელს.  ამის შემდეგ სტადიონი ბრძოლის ველს დაემსგავსა. კონფლიქტმა სპორტულ ნაგებობის საზღვრებს გააღწია, ეთნიკურ ომში გადაიზარდა და  რამდენიმე ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ზვონიმირ ბობანი კი ხორვატებისათვის ნაციონალური გმირი გახდა. 

პოლიტიკური მიზნით პროტესტი სპორტში არ არის ახალი ფენომენი. ის საკმაოდ გავრცელებული ფაქტია.  სპორტსმენები არაბული ქვეყნებიდან ხშირად უარს ამბობენ იასპარეზონ ისრაელელი სპორტსმენების წინააღმდეგ, რადგან არ ცნობენ ისრაელის დამოუკიდებლობას. ამ საქციელს ხშირად მძიმე სანქციები მოჰყვება, მაგრამ სპორტსმენები პროტესტს აგრძელებენ და მზად არიან სასჯელისათვის, ოღონდ საკუთარი ნაციონალური გრძნობების დემონსტრირება შეძლონ.

მსოფლიო ძიუდოს ისტორიაში ერთ-ერთმა გამორჩეულმა სპორტსმენმა, სამი ოლიმპიური მედლის მფლობელმა, გორელმა ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა  2016 წლის 8 აგვისტოს  რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელი იპონით დაამარცხა და გამარჯვება კიმანოზე  საქართველოს დროშაზე მითითებით აღნიშნა. ამ ჟესტით მიანიშნა, აი, ამ დროშამ და ქვეყანამ დაგამარცხაო. შეხვედრის წამყვანმა კომენტატორებმა კი დაამატეს- „აბა, რა, 8 აგვისტოს ქართველი რუსთან არ წააგებდაო.“ 

ნაციონალიზმი განსაკუთრებით კარგად ჩანს საქართველოს მორაგბეთა ნაკრებისა და რუსეთის ნაკრების თამაშის დროს. ბორჯღალოსნებისა და დათვების შერკინება არასდროს ყოფილა მხოლოდ სპორტული სანახაობა და მას მუდმივად უძღოდა წინ დაძაბულობა. თან ეს ის სპორტია, სადაც ორი ათწლეულია რუსეთის ნაკრებს არ მოუგია საქართველოსათვის. ნაციონალურ სენტიმენტებს რომ მსგავსი რამე ძალიან უყვარს და იმახსოვრებს, რამდენიმე მაგალითიც მოწმობს. თუმცა მსგავსი შემთხვევები უხვადაა და დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ კიდევ იქნება.

ამ ნიშნით არც სამხრეთ კავკასიის ეთნიკური კონფლიქტებია გამორჩეული. მიმდინარე პოლიტიკური ცხოვრება აქტიურ გავლენას სპორტზეც ახდენს. 2019 წელს ევროპის ლიგის ფინალი აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში უნდა გამართულიყო. არც ამ მატჩს ჩაუვლია მშვიდად.  ჰენრიხ მხითარიანმა, სომხეთის საფეხბურთო ნაკრებისა და ჯერ კიდევ ლონდონის არსენალის  ფეხბურთელმა, უარი თქვა ბაქოში გამგზავრებაზე. აზერბაიჯანულმა და სომხურმა მხარეებმა კი კვლავინდებურად არ გაუშვეს შანსი ხელიდან, რომ ერთმანეთი დაედანაშაულებინათ ამაში. 

ეთნიკურად აფხაზი მოჭიდავე, დენის ცარგუში, რომელიც რუსეთის ფედერაციის ნაკრების წევრი იყო ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის, განსაკუთრებული ჟინით ჭიდაობდა დავით ხუციშვილის წინააღმდეგ. შეჯიბრის ყურებისას ჩანდა, რომ მას მხოლოდ სპორტული აზარტი არ ჰქონდა.  მისი მოტივაცია გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ლეიბზე მორიგი გამარჯვების აღნიშვნა. 

ამ წლის 2 სექტემბერს ბათუმში საქართველოსა და კოსოვოს საფეხბურთო ნაკრებ გუნდებს შორის შეხვედრა 0:1 დასრულდა სტუმრების გამარჯვებით. მატჩის შესახებ ფეისბუქზე კომენტარი გააკეთა აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, კან ტანიამ, რომელმაც საქართველო ორმაგ სტანდარტში დაადანაშაულა –  როდესაც ის არ აღიარებს კოსოვოს, მაგრამ თამაშობს მის წინააღმდეგ ფეხბურთს.

ეს კომენტარი მოსალოდნელიც იყო, რადგან აფხაზეთის საგარეო პოლიტიკა და ნაციონალური პროექტი საქართველოსთან კონფრონტაციაზე არის კონცენტრირებული. კოსოვო არის სხვადასხვა საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციების წევრი, არსებული წესებით კი მსგავს შემთხვევაში თამაშზე უარის თქმას ან პროტესტს მკაცრი სანქციები მოჰყვება.  მსგავსად იქცევა რუსეთის ფედერაციაც, რომელიც არ აღიარებს კოსოვოს დამოუკიდებლობას, თუმცა სპორტულ შეჯიბრებებზე კოსოვოს წინააღმდეგ პროტესტს არ გამოხატავს და არც შეხვედრებზე ამბობს უარს.

აფხაზეთის საფეხბურთო ნაკრები მონაწილეობს ტურნირში CONIFA, რომელშიც ფიფას მიერ არაღიარებული ნაკრებები თამაშობენ. ამ ორგანიზაციის ეგიდით გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე აფხაზეთის ნაკრებმა გაიმარჯვა კიდევაც, მაგრამ აფხაზეთს არ უღიარებია არცერთი აქ მონაწილე პოლიტიკური სუბიექტი დამოუკიდებელ ქვეყნად. 

თუმცა ყველა კონფლიქტი ერთნაირი არაა და არც სპორტული დაპირისპირებაა ერთნაირი.

2021 წლის 28 სექტემბერს დიდი სენსაციის მომსწრე გახდნენ უეფას ჩემპიონთა ლიგის მაყურებლები. მადრიდის რეალსა და ტირასპოლის შერიფს შორის დაპირისპირება ამ უკანსკნელთა გამარჯვებით 1:2 დასრულდა. ეს იყო შედეგი, რომელსაც ტირასპოლის ფეხბურთელებმა მიაღწიეს სანტიაგო ბერნაბეუზე.

მოხდა ის, რასაც ფეხბურთისაგან ელის გულშემატკივარი. მცირებიუჯეტიანმა, მოტივირებულმა, ნაკლები კლასის მქონე ფეხბურთელებმა დაამარცხეს მსოფლიოში ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი. თუმცა, ამ შემთხვევაში,  ყურადღებას ის დეტალიც იმსახურებს, რომ  ტირასპოლის შერიფი მოლდოვის სეპარატისტული რეგიონის, დნესტრისპირეთის საფეხბურთო კლუბია. აქ ისევ კარგად ჩანს, კიშინიოვსა და ტირასპოლს შორის არსებული პოლიტიკური ურთიერთობები, რომლებიც რადიკალურად განსხვავდება სამხრეთ კავკასიისაგან. ეკონომიკური ურთიერთობებისა და მიმოსვლის უფრო მეტად თავისუფლების გარდა, დნესტრისპირეთის უმთავრესი საფეხბურთო კლუბი შერიფი მოსლდოვის ჩემპიონატში თამაშობს და საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგებიც აქვს. 

სპორტი მუდმივად იქნება პოლიტიკური დაძაბულობის გამოვლინების ადგილი. სივრცე, სადაც ნაციონალური გრძნობები და სპორტული ჟინი ერთმანეთში იქნება არეული. ეს არ არის სივრცე რაფინირებული ურთიერთობებისათვის. აქ ყველა გამარჯვებისთვის იბრძვის, ამიტომ რაოდენ საწყენიც არ უნდა იყოს, სტვენა ნაციონალური ჰიმნების მოსმენის დროს კიდევ ბევრჯერ იქნება.

აფხაზი გულშემაკტივარი ConIfa-ს ჩემპიონატში აფხაზეთის ნაკრების გამარჯვებას ზეიმობს: სოხუმი, ფოტო: იბრაგიმ ჭკადუა

მასალების გადაბეჭდვის წესი