ახალი ამბები

საცობები, საზ. ტრანსპორტი, უმუშევრობა – რა აწუხებს თბილისის მოსახლეობას CRRC-ის კვლევით

12 ოქტომბერი, 2021 • 6349
საცობები, საზ. ტრანსპორტი, უმუშევრობა – რა აწუხებს თბილისის მოსახლეობას CRRC-ის კვლევით

CRRC-ის ახალი კვლევის თანახმად, თბილისში გამოკითხულთა 24% უმუშევრობას ასახელებს ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად. უმუშევრობა, სხვადასხვა კვლევით, მუდმივად სახელდება ძირითად პრობლემად მთელი ქვეყნის მასშტაბით.

შემდეგ მოდის თბილისისთვის დამახასიათებელი პრობლემები: 13%-ისთვის ეს არის საცობები, 11%-ისთვის – ჰაერის დაბინძურება, 10%-ისთვის კი საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ა.შ.

CRRC-ის მკვლევრის, გივი სილაგაძის თქმით, უმუშევრობას უფრო მეტად ასახელებდნენ ძირითადად კაცები, რომლებსაც ფორმალური განათლების დაბალი დონე და ეკონომიკურადაც ნაკლები შესაძლებლობები ჰქონდათ. საცობებს კი, კვლევის თანახმად, უფრო მეტად ასახელებდნენ სოციო-ეკონომიკურად უფრო შეძლებული ადამიანები, რომლებიც ხშირად ახალგაზრდები და ქართული ოცნების მხარდამჭერები იყვნენ.

მკვლევრებმა მოსახლეობას ასევე ჰკითხეს, რამდენად იყვნენ კმაყოფილი სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ერთეულით. შედეგად აღმოჩნდა, რომ გამოკითხულები ყველაზე მეტად კმაყოფილები არიან გაზგაყვანილობით (87%) და ელექტროგაყვანილობით (85%), ყველაზე უკმაყოფილონი კი იყვნენ საპარკინგე სივრცეებით (38%), ასევე, შენობის იერსახითა (23%) და ეზოებით.

82%-ის თქმით, იზიარებს მოსაზრებას, რომ უმჯობესია, სახელმწიფომ დაადგინოს, სად და როგორ უნდა აშენდეს და არა თავად სამშენებლო ინდუსტრიამ, საპირისპირო აზრზე კი მხოლოდ გამოკითხულთა 10%-ია.

თბილისში არის რამდენიმე ტერიტორია, რომელიც ადრე რეკრეაციული სივრცე იყო, თუმცა დღეს კერძო მფლობელის ხელშია და სამშენებლო სამუშაოები იგეგმება. 74% მიიჩნევს, რომ მერიამ უნდა გამოისყიდოს ეს სივრცეები, 15% კი ასე არ ფიქრობს.

კვლევა 12 ოქტომბერს წარადგინა ორგანიზაციამ ონლაინ-პრეზენტაციაზე. ავტორების თანახმად, კვლევაში, რომლის საველე სამუშაოებიც 10 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე პერიოდში ჩატარდა, 2951 ადამიანი გამოკითხეს. ცდომილების ზღვარი 1.8%-ია.

ამავე მონაცემებით, გამოკითხულთა 79% ეთანხმება მოსაზრებას, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის სწრაფი გადაადგილებაა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კერძო ავტომობილების და, შესაბამისად, ავტობუსის ზოლები ყველგან უნდა მოეწყოს“

ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი