ახალი ამბები

გრიპის ვაქცინის რამდენ დოზას ველოდებით და როდის დაიწყება აცრები

11 ოქტომბერი, 2021 • 1282
გრიპის ვაქცინის რამდენ დოზას ველოდებით და როდის დაიწყება აცრები

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის, ივანე ჩხაიძის თქმით, ქვეყანაში ამ დროისთვის გრიპის ვაქცინის 50 000 დოზამდეა შემოტანილი.

ჩხაიძის თქმით, თვის ბოლომდე  ვაქცინის დამატებითი დოზები შემოვა და, ჯამში, 200 000 დოზის ადმინისტრირება მოხდება რისკჯგუფებში.

“ნეტგაზეთთან” საუბრისას იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ საწყის ეტაპზე ქვეყანაში აიცრებიან უკვე შემოტანილი დოზებით ყველაზე მაღალი რისკის მქონე ჯგუფები:

“ქვეყანაში შემოვა თვის ბოლომდე 200 000 დოზა. აქედან პირველი ნაწილი 50 000 დოზამდე განკუთვნილია ყველაზე დიდი რისკის მქონე პირებისთვის. მათ შორის არიან ჯანდაცვის მუშაკები, ორგანოგადანერგილი და დიალიზზე მყოფი პირები”, – ამბობს ივანე ჩხაიძე.

მისი თქმით, აღნიშნული ჯგუფები გრიპზე უფასოდ იმუნიზაციას უკვე მიმდინარე კვირიდან შეძლებენ. რაც შეეხება დამატებით დოზებს, ის განკუთვნილი იქნება სხვა ჯგფებისთვის, მათ შორის, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, ორსულები და 65 წელს ზემოთ პირები.

ვაქცინებთან დაკავშირებით “ნეტგაზეთი” დაუკავშირდა იმ სააფთიაქო ქსელებსა და კლინიკებსაც, სადაც იმ პირებს, რომლებიც სახელმწიფოს მიერ პრიორიტეტულად მიჩნეულ ჯგუფებს არ განეკუთვნებიან, შეეძლოთ გრიპის ვაქცინის მიღება.

PSP-ში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ ვაქცინის შემოტანაზე მოლაპარაკებებს ჯერ კიდევ გაზაფხულიდან აწარმოებდნენ, თუმცა ნოემბრის ბოლომდე, სავარაუდოდ, პრეპარატის შემოტანა ვერ მოხდება.

აღნიშნულის მიზეზად კომპანიაში თავად ქარხნების მხრიდან კომერციული გაყიდვების შეჩერება დაასახელეს. PSP-ში ამბობენ, რომ გრიპის ვაქცინის მწარმოებლები ამ დროისთვის მხოლოდ სახელმწიფოების შეკვეთებს აკმაყოფილებენ, კომერციული გაყიდვები კი ამის შემდეგ განახლდება და ვაქცინის შემოტანას PSP, შესაბამისად, ნოემბერში ვარაუდობს.

მსგავსი პასუხი მივიღეთ GPC-შიც. კომპანიაში განაცხადეს, რომ მწარმოებლები ჯერჯერობით სახელმწიფოების შეკვეთებს აკმაყოფილებენ, რის შემდეგაც მოხდება კომერციული შეკვეთების დაკმაყოფილება, თუმცა, ზუსტი თარიღი, თუ როდის შემოვა მათ ქსელში გრიპის ვაქცინები, ამ ეტაპზე არ აქვთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი