ახალი ამბები

გაფართოვდა პირთა წრე, ვისაც გრიპის ვაქცინას უფასოდ გაუკეთებენ

3 ნოემბერი, 2020 • 1308
გაფართოვდა პირთა წრე, ვისაც გრიპის ვაქცინას უფასოდ გაუკეთებენ

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში სახელმწიფოს მიერ შეძენილი სეზონური გრიპის ვაქცინების 90% შემოსულია. მისი თქმით, ამ დროისთვის ქვეყანაში გრიპის ვაქცინის დაახლოებით 210 ათასი დოზაა და ნოემბრის შუა რიცხვებში კიდევ 23 ათასი უნდა შემოვიდეს.

მისივე თქმით,  ქვეყანაში შემოსული ვაქცინის დისტრიბუცია ძირითადად პოლიკლინიკებში მოხდა, სადაც იმუნიზაციის კაბინეტებია.

როგორც გამყრელიძემ განმარტა, ვინაიდან ქვეყანაში შემოტანილი გრიპის ვაქცინის რაოდენობა გაიზარდა, რისკჯგუფების ჩამონათვალიც გაფართოვდა.

“ახლა ვაქცინის რაოდენობა საკმარისია და ამიტომ გაფართოვდა რისკჯგუფების ჩამონათვალი. ყველაზე დიდი რისკჯგუფები არიან: სამედიცინო პერსონალი, ყველა დიაბეტიანი, 65 წელს ზემოთ ხანდაზმულები, ვისაც გულსისხლძარღვთა სისტემის და სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადებები აქვს. ყველა ამ ადამიანს თავისუფლად შეუძლია მიმართოს  თავის პოლიკლინიკებს, სადაც ისინი აღრიცხვაზე არიან და, შესაბამისად, ისინი აიცრებიან”, — განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძის ინფრომაციით, ვაქცინის გარკვეულ რაოდენობას კერძო სექტორი ამ კვირაში შემოიტანს და მათ, ვინც რისკჯგუფებში არ შედიან და აცრა სურთ, შეუძლიათ მიმართონ პოლიკლინიკებს.

გამყრელის განცხადებით, 20 დღის წინ, როცა 25 ათასი დოზა იყო შემოტანილი, რისკჯგუფები შეავიწროვეს და აცრა უკეთდებოდათ მხოლოდ ორსულ ქალებს, ბაღის აღმზრდელებს, აივ/შიდსით ინფიცირებულებს, ჰეპატიტის მკურნალობაზე მყოფ ავადამყოფებს, მოხუცთა სახლებსა და ბავშვთა სახლების ბენეფიციარებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი