ახალი ამბები

11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდება

9 ოქტომბერი, 2021 • 1361
11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდება

11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდება. ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გაავრცელა.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო და ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. მათთან ერთად, ამ საზარელ ტრაგედიას სრულიად საქართველო გლოვობს.

ჩემი გადაწყვეტილებით, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ორშაბათი, 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდება. სახელმწიფო მომხდარის შედეგად დაზარალებულებს ყველა შესაბამის დახმარებას გაუწევს.

კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება ყველა პირი, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დააკავა სამი პირი და გამოძიება გრძელდება,“ – წერს ღარიბაშვილი.


 

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 6-სართულიანი სახლის სადარბაზო 8 ოქტომბერს, მოულოდნელად ჩამოინგრა. ჩამონგრევას წინ არ უძღოდა აფეთქების ხმა.

ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის სადარბაზოსთან მაშველები აგრძელებენ მუშაობას. ამ დროისთვის ნანგრევებიდან ცოცხლად ამოყვანილია 2 ადამიანი, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. დილით ცნობილი გახდა, რომ ნანგრევებიდან ამოყვანილი ინგა მეკეიძე საავადმყოფოში გარდაიცვალა. მაშველებმა ასევე ამოასვენეს 5 ცხედარი, მათგან ორი – ბავშვია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე დაკავებულია 3 პირი – პირველ სართულზე არსებული ბინის მეპატრონე და ორი მუშა. უწყება ამბობს, რომ მესაკუთრის დავალებით დაქირავებულმა მუშებმა ხარვეზიანად წარმართეს სარემონტო სამუშაოები, რამაც, საბოლოოდ ნგრევა გამოიწვია.

როგორ მიმდინარეობდა ღამით სამაშველო სამუშაოები ბათუმში – ფოტორეპორტაჟი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი