ახალი ამბები

ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე ბინის მეპატრონე და ორი მუშა დააკავეს

9 ოქტომბერი, 2021 • 10317
ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე ბინის მეპატრონე და ორი მუშა დააკავეს

ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე სამი პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორ უწყება წერს, გამოძიებით დადგინდა, რომ 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე ბინის მფლობელმა სარემონტო სამუშაოებისთვის ორი ადამიანი დაიქირავა.

„ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რამაც მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია,“ – წერს უწყება განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის და სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურებას გულისხმობს, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი მოჰყვა გამოძიება.

დანაშაული 2-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 6-სართულიანი სახლის სადარბაზო 8 ოქტომბერს, მოულოდნელად ჩამოინგრა. ჩამონგრევას წინ არ უძღოდა აფეთქების ხმა.

ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის სადარბაზოსთან მაშველები აგრძელებენ მუშაობას. ამ დროისთვის ნანგრევებიდან ცოცხლად ამოყვანილია 2 ადამიანი, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. მაშველებმა ასევე ამოასვენეს 5 ცხედარი, მათგან ორი – ბავშვია.

ჩამონგრევის შემდეგ მალევე შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც თქვა, რომ მომხდარზე დაიწყო გამოძიება.

მასალების გადაბეჭდვის წესი