ახალი ამბები

პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ სააკაშვილმა თაფლის და წვენის მიღება დაიწყო

9 ოქტომბერი, 2021 • 1990
პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ სააკაშვილმა თაფლის და წვენის მიღება დაიწყო

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ციხეში თაფლის და ნატურალური წვენის მიღება დაიწყო. როგორც მან რ2-ს განუცხადა, სააკაშვილმა თაფლი და ნატურალი წვენი ციხეში შეიძინა.

“რაც ფაქტობრივად ცხადყოფს იმას, რომ ასე თუ ისე, ორგანიზმი არ დგას გამოფიტვის [რისკის] წინაშე“,- განაცხადა ნიკა ცხვარაშვილმა რუსთავი 2-თან.

დღეს რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებოდა სააკაშვილის ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე. ექიმის განცხადებით, სააკაშვილი ამჟამად მხნედ არის, თუმცა, მისი პროგნოზით, შიმშილობის გაგრძელების შემთხვევაში ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდება რამდენიმე დღეში და გამორიცხული არაა, ჰოსპიტალიზაციაც გახდეს საჭირო.

ექიმის განცხადებით, სააკაშვილი მშრალ შიმშილობაზე არასდროს ყოფილა და ის სითხეს, წყალს იღებს. რაც შეეხება წვენს და თაფლს, ყიფშიძის თქმით, მას შეუძლია დაადასტუროს, რომ მე-3 პრეზიდენტმა წვენი ნამდვილად მიიღო, თუმცა მეტს ვეღარ ყიდულობს, რადგან ბარათზე თანხა გამოელია. მისი თქმით, ციხეში პატიმრის ბარათი, რომლითაც ეს უკანასკნელი გარკვეულ ნივთებს და საკვებს ყიდულობს, ლიმიტირებულია. სააკაშვილმა ეს ლიმიტი უკვე ამოწურა და მომდევნო თვემდე ციხის მაღაზიასთან წვდომა ვეღარ ექნება. მისი თქმით, ყველაზე დიდი თანხა ტელევიზორში დაიხარჯა.

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა, 1 ოქტომბერს დააკავეს. მან შიმშილობა დაკავების დღიდან გამოაცხადა, თავს უკანონო პატიმრად მიიჩნევს და გათავისუფლებას მოითხოვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი