ახალი ამბები

ზალკალიანი 3+3 ფორმატზე: რაღაც ფორმით უნდა ვიყოთ ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტებში

8 ოქტომბერი, 2021 • 1776
ზალკალიანი 3+3 ფორმატზე: რაღაც ფორმით უნდა ვიყოთ ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტებში

ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ საქართველოს რუსეთთან ერთად მონაწილეობა გაუჭირდება 3+3 ფორმატში, თუმცა რაღაც ფორმით ჩართული უნდა იყოს ახალ რეგიონულ პროექტებში.

“ჩვენი პოზიცია არაერთხელ გაგვიჟღერებია, რომ ამ ფორმატში ძალიან გაჭირდება მონაწილეობა ოკუპანტ ქვეყანასთან. იმ პირობებში, როდესაც დეოკუპაციის მიმართულებით ვერანაირ პროცესს [ვერ ვხედავთ], ძალიან ძნელია, დაჯდე ამ ფორმატში და ისაუბრო რაღაც სახის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. თუმცა მე მინდა, საზოგადოებას ფიქრისთვის მივაწოდო ასეთი პოზიცია – ჩვენ ამ დიდ გეოპოლიტიკურ პროექტებში და ურთიერთობებში რაღაც ფორმით მაინც [უნდა ვიყოთ], რა თქმა უნდა, არა სახელმწიფო ინტერესების და ოკუპანტთან დათმობის ხარჯზე. აუცილებელია, ჩვენ არ ჩამოვრჩეთ იმ პროცესებს, რა პროცესებიც რეგიონში ვითარდება და აუცილებლად ვიყოთ ყველა იმ ახალ, თუნდაც ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომლებიც შეიძლება, ასცდეს საქართველოს და ამით საქართველომ თავისი როლი და ფუნქცია დაკარგოს”, — განაცხადა დავით ზალკალიანმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში.

საქართველო ამ დრომდე უარს აცხადებდა რუსეთთან ერთად რეგიონული თანამშრომლობის “3+3 ფორმატში” მონაწილეობაზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მედიას ადანაშაულებს ინტერვიუს არასწორ ინტერპრეტირებაში და აცხადებს, რომ “მინისტრს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში “არ უთქვამს, რომ საქართველო 3+3 ფორმატში უნდა იყოს წარმოდგენილი”.

“საგარეო საქმეთა სამინისტროს არაერთხელ დაუფიქსირებია პოზიცია, რომ საქართველო არ განიხილავს რუსეთის ფედერაციასთან ერთად 3+3 ფორმატში მონაწილეობას. ამასთანავე, საქართველოს რეგიონში მნიშვნელოვანი როლი და ფუნქცია აქვს. აქ ვგულისხმობთ იმ სტრატეგიულად მნიშვნელოვან პროექტებში ჩვენს მონაწილეობას, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ აზიისა და ევროპის დაკავშირებაში და მნიშვნელოვნად უწყობენ ხელს ჩვენს ეკონომიკურ და პოლიტიკურ დამოუკიდებლობას. უფრო მეტიც, საქართველოს პრემიერ მინისტრმა გაეროს გენ ასამბლეაზე წამოაყენა კონკრეტული იდეა — მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივა, რომელიც ეფუძნება ურთიერთპატივისცემისა და თანასწორობის პრინციპებს და მიზნად ისახავს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის აღდგენას”, — ნათქვმია “ნეტგაზეთისთვის” საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ წერილობით გამოგზავნილ განმარტებაში.

3+3 ფორმატის შესახებ

მთიან ყარაბაღში კონფლიქტის ესკალაციისა და ახალი შეთანხმების შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ექვსეულის პლატფორმის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. იდეას მხარი დაუჭირეს აზერბაიჯანმა და ირანმა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, ასევე, განაცხადა, რომ “მიესალმება ირანის, თურქეთის, საქართველოსა და რიგი ევროპული ქვეყნების მისწრაფებას, შეუერთდნენ მთიანი ყარაბაღის ეკონომიკის აღდგენას”.

ერდოღანის ინიციატივით, რეგიონული თანამშრომლობა აერთიანებს სამხრეთ კავკასიის რეგიონის 3 წევრ სახელმწიფოს: საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს, — და რეგიონის გარეთ მყოფ, თუმცა მასზე გავლენის მქონე სამ სახელმწიფოს: ირანის ისლამურ რესპუბლიკას, რუსეთის ფედერაციასა და თურქეთს.

საქართველომ, თავის მხრივ, რეგიონის ქვეყნებს დიალოგის პლატფორმად თბილისი შესთავაზა და თქვა, რომ უფრო ფართო, რეგიონულ სამშვიდობო პლატფორმაში რუსეთთან ერთად ვერ ჩაერთვება.

ამ თემაზე:

რატომ ჩამოდის ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში

მასალების გადაბეჭდვის წესი