ახალი ამბები

“ოცნება” ენმ-ის კომისიის წევრს ბიულეტენების მოპარვაში ადანაშაულებს, ენმ უარყოფს

8 ოქტომბერი, 2021 • 1040
“ოცნება” ენმ-ის კომისიის წევრს ბიულეტენების მოპარვაში ადანაშაულებს, ენმ უარყოფს

“ქართული ოცნების” საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ზუგდიდის 67-ე საარჩევნო ოლქის მე-8 საარჩევნო უბანზე “ნაციონალური მოძრაობის” დამკვირვებელმა, სავარაუდოდ, ბიულეტენები მოიპარა. ამის შესახებ მან დღეს, 8 ოქტომბერს, გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

პაპუაშვილის თქმით, ბიულეტენების სავარაუდო მოპარვის ფაქტის ამსახველი ვიდეოც აქვთ და ამიტომ გამოძიების დაწყებას ითხოვენ.

“ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს ზუგდიდის #67 საარჩევნო ოლქის #8 საარჩევნო უბანზე შედეგების დათვლის პროცესში ფიქსირდება ბიულეტენების მოპარვის სავარაუდო ფაქტი.

ვიდეოზე ჩანს სოფიკო ჩვამანია, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი და ამავე უბანზე საარჩევნო კომისიის წევრი, რომელიც, სავარაუდოდ, იპარავს ბიულეტენებს. ამიტომ, მივმართავთ სამართალდამცავ ორგანოებს, დაიწყონ გამოძიება და ყველა კითხვაზე დეტალური პასუხი იქნას გაცემული”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ნეტგაზეტი ენმ-ის წევრს, ანი წითლიძეს დაუკავშირდა, რომელმაც “ოცნების” ბრალდებებს “სრული აბსურდი და სისულელე” უწოდა. მან აღნიშნა, რომ არჩევნების მეორე ტურის წინ “ოცნება” საუბნო საარჩევნო კომისიებში ენმ-ის აქტიური წევრების დაშინებასა და დისკრედიტაციას ცდილობს.

“კომისიის უმრავლესობაში არიან თვითონ. ჩვენ გვყავს ერთი კომისიის წევრი და როგორ წარმოუდგენიათ, რომ ჩვენმა კომისიის წევრმა ბიულეტენი მოიპარა და უბრალოდ, 6 დღის შემდეგ გაახსენდათ, წარმოუდგენელი ამბავია.

ახლა ცდილობენ, რომ უბნების კომისიებში ყველაზე აქტიური წევრები ვინც გყვავს, მათი დისკრედიტაცია მოახდინონ და მათში შიში დათესონ. ამიტომაც ახლა ხავსს ეჭიდებიან, მაგრამ ნამდვილად ვერ უშველის”, – უთხრა ანი წითლიძემ ნეტგაზეთს.

7 ოქტომბერს ღამით, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მე-11 მაჟორიტარულ ოლქში 4 უბნის ხმების გადათვლის შედეგად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზუგდიდის საკრებულოში მოპოვებული გარანტირებული უმრავლესობა დაკარგა. ეს ერთადერთი საკრებულო იყო, რომელსაც პირველივე ტურის წინასწარი შედეგებით „ნაციონალური მოძრაობა“ უმრავლესობით აკომპლექტებდა. უმრავლესობის ხელახლა მოპოვების შანსი პარტიას მეორე ტურში აქვს.

ზუგდიდის მე-11 მაჟორიტარულ ოლქში “ქართული ოცნების” საჩივრის საფუძველზე ბათილი ბიულეტენების გადათვლის შემდეგ, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს 13 ხმა დაემატა, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს – 1, ხოლო პარტიას „საქართველოსთვის“ – 2 ხმა. საბოლოოდ, „ქართული ოცნების“ კანდიდატს  1193 ხმა, ენმ-ის კანდიდატს – 1183, პარტია „საქართველოსთვის“ კი 507 ხმა დაუფიქსირეს. ბათილი ბიულეტენების გახსნამდე „ქართული ოცნების“ კანდიდატს, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი 2 ხმით უსწრებდა.


„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია ეხმაურება ზუგდიდის საოლქო კომისიაში განვითარებულ პროცესებს და მხარდამჭერებს 9 ოქტომბერს, შაბათს, ზუგდიდში შეკრებისკენ მოუწოდებს.

მელიამ, რომელიც ამჟამად ზუგდიდში იმყოფება, სპეციალურ ბრიფინგზე დააანონსა აქცია. მან თქვა, რომ კონკრეტულ დროს მოგვიანებით გამოაცხადებს.

მელიას თანახმად, 2 ოქტომბერს აღნიშნულ უბანზე ერთი საჩივარიც არ დაუწერიათ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს და ხმების გადათვლის საფუძველი არ ჰქონდათ.

“ოცნება” ზუგდიდის 4 უბნის გადათვლას ითხოვს, რამაც შეიძლება შედეგები შეცვალოს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი