პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კომპანია “ალმას” საკანონმდებლო წინადადებას, რომელიც ითვალისწინებს სიძულვილის შემცველი გარე რეკლამების გავრცელების აკრძალვა/შეზღუდვას.
კომპანია “ალმამ” აღნიშნული წინადადებით პარლამენტს გუშინ მიმართა და დღეს, 8 ოქტომბერს, მისი განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მოხდა.
კომიტეტის სხდომას, “ქართული ოცნების” წევრების გარდა, ოპოზიციიდან “მოქალაქეების” წევრი ლევან იოსელიანი ესწრებოდა.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, “ალმას” წინადადების საფუძველზე კომიტეტი კანონპროექტს მოამზადებს. მისი თქმით, სწორედ კანონპროექტის მომზადების პროცესში გამოიკვეთება კონკრეტული დეტალები, მათ შორის ისიც, სიძულვილის შემცველი რეკლამის განთავსება მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში დარეგულირდება თუ მის მიღმაც.
როგორც ლევან იოსელინმა აღნიშნა, “ალმას” წინადადებაზე მუშაობის დაწყებას მხარს უჭერს, თუმცა აღნიშნავს, რომ კანონპროექტი ფართო ჩართულობით უნდა მომზადდეს.
“რა საკანონმდებლო ჩარჩო უნდა მოიძებნოს ამისთვის, რომ მეორე მხრივ, გამოხატვის თავისუფლება არ დავაზიანოთ და ვინმეს განცდა არ გაუჩნდეს, რომ ეს კანონი მისი გამოხატვის თავისუფლებაში იჭრება. მე ვფიქრობ, ამას სჭირდება თქვენი[ქართული ოცნების] და დანარჩენი ოპოზიციის წარმომადგენლებთან უფრო ფართომასშტაბიანი კონსულტაციების დაწყება, რომლებიც, სამწუხაროდ, დღეს არ ესწრებიან. ამიტომ იდეის დონეზე მხარს ვუჭერ”, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა კი თქვა, რომ საკითხზე მსჯელობის დაწყება დაგვიანებულიც კია და ამიტომ ოპოზიციის დღის წესრიგს ვერ მოერგებიან. მისი თქმით, პრობლემას ვერ ხედავს, თუ აღნიშნულ საკითზე ოპოზიციის ინკლუზიური ჩართულობის გარეშე იმსჯელებენ და მიიღებენ.
როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, ამ საკითხის განხილვისას გამოჩნდება, ვინ დაუჭერს მხარს სიძულვილის ენის გავრცელებას.
“ამ საკითხთან დაკავშირებითაც გამოჩნდება ყველა პოლიტიკური ჯგუფის მიდგომა სიძულვილის და შეურაცხმყოფელი სარეკლამო თუ სხვა ვიზუალური მასალის განთავსებასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ვიქნებით ჩვენ ერთიანი, დავაახლოებთ თუ არა პოზიციებს, თუ იქნებიან პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც მხარს დაუჭერენ სიძულვილის ენის გავრცელებას”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
გუშინ, 7 ოქტომბერს, კომპანია „ალმამ“ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითად ითხოვს, კანონით აიკრძალოს სიძულვილის შემცველი ისეთი გარე რეკლამების გავრცელება, რომელსაც საკუთარ ბილბორდებზე თვითონ ავრცელებდა.
„ალმას“ საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, გარდა აკრძალვისა, რეკლამის გამავრცელებელს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, ლეგიტიმური უარი განუცხადოს რეკლამის დამკვეთს სარეკლამო მომსახურების გაწევაზე.
სარეკლამო კომპანიის ამ განცხადებას წინ უძღოდა „ევროპული საქართველოს“ სურვილი, დედაქალაქში არსებულ ბილბორდებზე გამოეკრა რეკლამები, რომელზეც ბიძინა ივანიშვილი ღორის როლშია გამოსახული. პარტია იმედს გამოთქვამდა, რომ ბილბორდების მფლობელი „ალმა“ ისევე დაუშვებდა ასეთი რეკლამის განთავსებას, როგორც ეს ანტიოპოზიციური რეკლამის შემთხვევაში გააკეთა.
“ევროპული საქართველოს” ბანერის გამოსაკრავად “ალმას” ვადა დღეს, 8 ოქტომბერს, ეწურება. როგორც პარტიის წევრები აცხადებენ, კომპანია კონტრაქტს არღვევს, რის გამოც “ალმასთან” სამართლებრივი დავის დაწყებას აპირებენ.