ახალი ამბები

ზუგდიდის საოლქო კომისიაში დაპირისპირებაა

8 ოქტომბერი, 2021 • 801
ზუგდიდის საოლქო კომისიაში დაპირისპირებაა

[16:00 – მასალა განახლდა ცესკოს განცხადებით]

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში დაპირისპირებაა.

ოლქში იმყოფებიან ოპოზიციური პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ეკა ხერხეულიძე და ადგილობრივი ოფისის ლიდერი ანა წითლიძე.

როგორც ადგილობრივი გამოცემა „ლაივპრესი“ იუწყება, ისინი ცდილობენ ოლქის თავმჯდომარე მირანდა მესხთან შესვლას, თუმცა პოლიცია ამის საშუალებას არ აძლევდა.

ანა წითლიძემ განაცხადა, რომ იმ ოთახში, სადაც დალუქული ბიულეტენები ინახება, მირანდა მესხი „იქექებოდა“, რაზეც პასუხს ითხოვს.

მესხს ბრიფინგის ჩატარება ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა დაპირისპირების ფონზე ეს ვერ ხერხდება.

ანი წითლიძე მას ადანაშაულებს წინა ღამით, მე-11 ოლქის გადათვლისას, ხმების გაყალბებაში  და ამბობს, რომ აქვს ეჭვი, ცესკოს იმავეს გაკეთება სურსს ხვა უბნებშიც.

„გაუგონარ ამბავთან გვაქვს საქმე. კანონის მიხედვით, დალუქული ბიულეტენები, რომლებიც უნდა ინახებოდეს დალუქულ ოთახში და მისი გახსნა არ შეუძლიათ შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე, ხსნიან და ისევ ადებენ ლუქს, ისე, როგორც ეს მოუნდება ქართული ოცნების შტაბს“, – ციტირებს „ლაივპრესი“ წითლიძეს.

მირანდა მესხი აცხადებს, რომ ბიულეტენები არ გაუხსნია და ოპოზიცია დეზინფორმაციას ავრცელებს.

მოგვიანებით ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გაავრცელა განცხადება, სადაც წერს, რომ „საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მცდელობები გრძელდება“ და სწორედ ამის მაგალითად დაასახელა ზუგდიდის შემთხვევა:

„შეიძლება ითქვას, რომ საოლქო კომისიის თავმჯდომარეზე მიმდინარეობს მიზანმიმართული ზეწოლა და მუქარა. მოვუწოდებთ საარჩევნო პროცესებით დაინტერესებულ მხარეებს არ შეუშალონ ხელი საოლქო საარჩევნო კომისიების საქმიანობას და მათ მიერ კანონისმიერი ვალდებულებების შესრულებას“.


წინა ღამით, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მე-11 მაჟორიტარულ ოლქში 4 უბნის ხმების გადათვლის შედეგად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზუგდიდის საკრებულოში მოპოვებული გარანტირებული უმრავლესობა დაკარგა.

ეს ერთადერთი საკრებულო იყო, რომელსაც პირველივე ტურის წინასწარი შედეგებით „ნაციონალური მოძრაობა“ უმრავლესობით აკომპლექტებდა. უმრავლესობის ხელახლა მოპოვების შანსი პარტიას მეორე ტურში აქვს.

[გარეკანის ფოტო: 2 ოქტომბერი, ზუგდიდის საოლქო კომისია]

გაიგეთ მეტი

“ოცნება” ზუგდიდის 4 უბნის გადათვლას ითხოვს, რამაც შეიძლება შედეგები შეცვალოს

მასალების გადაბეჭდვის წესი