ახალი ამბები

„ნოვაია გაზეტას“ რედაქტორმა მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიიღო

8 ოქტომბერი, 2021 • 1195
„ნოვაია გაზეტას“ რედაქტორმა მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიიღო

ნობელის პრემია მშვიდობის დარგში წელს მიიღო ორმა ჟურნალისტმა – „ნოვაია გაზეტას“ რედაქტორმა დმირტი მურატოვმა და ფილიპინური გამოცემა Rappler-ის დამფუძნებელმა მარია რესამ.

პრემია ჟურნალისტებმა მიიღეს „თავისუფალი სიტყვისა და გამოხატვის დაცვისთვის, რაც დემოკრატიისა და გრძელვადიანი მშვიდობის ქვაკუთხედია“.

რაც შეეხება მურატოვს, ნობელის კომიტეტი დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში ამბობს, რომ მიუხედავად წნეხისა და არაერთი გამოწვევისა, „ნოვაია გაზეტა“ დღემდე რჩება ყველაზე დამოუკიდებელ გაზეთად რუსეთში.

„გაზეთი დღეს არის ინფორმაციის მნიშვნელოვანი წყარო რუსული საზოგადოების იმ ასპექტებზე, რომლებსაც ცენზურის გამო სხვა მედიაგამოცემები იშვიათად აღნიშნავენ. ამის საწინდარი კი გაზეთის ფაქტებზე დაფუძნებული ჟურანლისტიკა და პროფესიული სამართლიანობაა“, — წერია განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ დაფუძნების შემდეგ, ანუ 1993 წლიდან, „ნოვაია გაზეტას“ თანამშრომლებიდან ექვსი მოკლეს, მათ შორის იყო ანა პოლიტკოვსკაია. განცხადებაში ნათქვამია, რომ მიუხედავად ამისა, მიუხედავად მუდმივი მუქარებისა, მურატოვი უარს აცხადებდა, შეეცვალა გაზეთის დამოუკიდებელ პოლიტიკა: „ის მუდამ იცავდა ჟურნალისტების უფლებას – დაეწერათ იმის შესახებ, რაც მათ უნდოდათ ისე, როგორც ეს მათ პროფესიულ და ეთიკურ სტანდარტებს შეესაბამებოდა“.

„იგორ დომნიკოვი, იური შჩეკორჩიხინი, ანა პოლიტკოვსკაია, სტას მარკელოვი, ანასტასია ბაბუროვა, ნატაშა ესტემიროვა — აი, ესენი არიან ის ადამიანები, ვინც დღეს ნობელის პრემია მიიღო,“ — უთხრა მურატოვმა BBC რუსულ ბიუროს.  მურატოვი უკვე 24 წელია, რაც „ნოვაია გაზეტას“ რედაქტორია.

პრემიასთან ერთად ლაურეატები ფულად პრიზს, დაახლოებით 1 მლნ აშშ დოლარს მიიღებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი