ახალი ამბები

EU-ში მსგავს მუქარას გადადგომა მოჰყვებოდა – ევროპარლამენტარები ღარიბაშვილზე

8 ოქტომბერი, 2021 • 908
EU-ში მსგავს მუქარას გადადგომა მოჰყვებოდა – ევროპარლამენტარები ღარიბაშვილზე

“ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში მთავრობის წარმომადგენლის მხრიდან მსგავს განცხადებას დაუყოვნებლივი გადადგომა მოჰყვებოდა”, – ასე ეხმაურებიან ლიეტუველი ევროპარლამენტარები, ანდრიუს კუბილიუსი და რასა იუკნევიჩიანე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მუქარას მიხეილ სააკაშვილის მიმართ.

ამის შესახებ საუბარია ორი ევროპარლამენტარის ერთობლივ განცხადებაში.

ევროპარლამენტარების თქმით,  ღარიბაშვილის მუქარა მტკიცებულებაა, რომ “ქართული ოცნების” ლიდერები სამართლის პოლიტიზების ცდუნებას ვერ ლახავენ.

“ჩვენ ველით, რომ ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამართლებრივი საქმე საქართველოში გამოძიებული იქნება ევროპული მართლმსაჯულების სიტემის პრინციპების შესაბამისად. სამწუხაროდ, შეშფოთებით უნდა აღვნიშნოთ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბოლოდროინდელი საჯარო მუქარა ბატონი სააკაშვილის მიმართ დამატებით ბრალდებებთან დაკავშირებით. “თუ ის კარგად არ მოიქცევა”, მტკიცებულებაა, რომ “ქართული ოცნების” ლიდერები ვერ ლახავენ სამართლის პოლიტიზების ცდუნებას, რაც არ არის თავსებადი კანონის უზენაესობისა  და ევროპული ტიპის მართლმსაჯულების პრინციპებთან.

ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში მთავრობის წარმომადგენლის მხრიდან მსგავს განცხადებას დაუყოვნებლივი გადადგომა მოჰყვებოდა. პრემიერ-მინისტრისა და მმართველი გუნდის ლიდერების მხრიდან ოპოზიციურ პარტიებსა და ვარდების რევოლუციის მიღწევებზე თავდასხმები უბრალოდ ამაზრზენია. მომწიფებულ ევროპულ დემოკრატიულ ქვეყნებში, რომელიც დაფუძნებულია საერთო ნდობასა და პატივისცემაზე, ვერ ხედავენ მთავრობისა და მმართველი პარტიის ლიდერების ასეთ ქცევებს”, – ვკითხულობთ მათ განცხადებაში.

ევროპარლამენტარების თქმით, დემოკრატიის სიმწიფე და ევროპული ტიპის კანონის უზენაესობა არის ევროპული ინტეგრაციის წინაპირობა. მათი შეფასებით, „ქართული ოცნება“ ისევ და ისევ ვერ ადასტურებს, რომ მათ შეუძლიათ ეს პირობები შეასრულონ.

“ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ქართულ პოლიტიკურ ძალას, დაიწყონ საერთო ენის გამონახვა ნორმალური დემოკრატიული პოლიტიკური დიალოგის უზრუნველსაყოფად, დაუბრუნდნენ პროევროპულ რეფორმების გზას და ფოკუსირება მოახდინონ ქვეყნის განვითარებაში ძალიან საჭირო პროგრესის მიღწევაზე ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ. მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ არ დაკარგოს უკვე მიღწეული შედეგები.

ჩვენი მხრიდან მზად ვართ, გავაგრძელოთ საქართველოს ევროატლანტიკური ამბიციების მხარდაჭერა, მაგრამ ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ ამ გზაზე წარმატება მხოლოდ მმართველი პარტიისა და ყველა პროევროპული პოლიტიკური ძალის ერთობლივი და თანმიმდევრული ძალისხმევით იქნება შესაძლებელი”, –  აცხადებენ ევროპარლამენტარები.

ამავე განცხადებაში ევროპარლამენტარები 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურსაც აფასებენ და ამბობენ, რომ არჩევნები ტექნიკურად კარგად იყო ადმინისტრირებული, თუმცა გარემო დაზიანებული იყო გავრცელებული და თანმიმდევრული ბრალდებებით დაშინების, ამომრჩევლების მოსყიდვის, კანდიდატებსა და ამომრჩევლებზე ზეწოლისა და არათანაბარი პირობების შესახებ.

“ჩვენ ვიზიარებთ ოდირის წუხილებს პოლარიზებულ მედიაგარემოზე, რესურსების გადანაწილების თვალსაჩინო დისბალანსსა და კამპანიის დაფინანსების არასაკმარის ზედამხედველობაზე, კამპანიებში ქალთა არასკმარის წარმომადგენლობაზე, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებასა და ჟურნალისტებზე ზეწოლაზე.

მმართველი პარტიის სასარგებლოდ რესურსების არათანაბარ გადანაწილებასთან ერთად, განსაკუთრებით შემაშფოთებელია პოლიტიკური გარემოს განგრძობადი პოლარიზაცია, რომელიც გავლენას ახდენს საზოგადოებაზეც. ჩვენ ვეთანხმებით აშშ-ის საელჩოს განცხადებას, რომ არსებობს სახიფათო რისკი იმისა, რომ ეს თუ სხვა საარჩევნო დარღვევები ნელ-ნელა გახდეს  გარდაუვალი. ქართველი ამომრჩეველი იმსახურებს უფრო მაღალ სტანდარტს საარჩევნო პროცესში”, – ნათქვამია ევროპარლამენტარების განცხადებაში.

ევროპარლამენტარების თქმით, მნიშვნელოვანია, არჩენების მეორე ტურამდე გამოსწორდეს დამოუკიდებელი დამკვირვებლების მხრიდან დაფიქსირებული ხარვეზები, რათა უზრუნველყოფილი იყოს თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესი.


“წესიერად მოიქცეს, თორემ დავუმატებთ კიდევ სხვა მუხლებს და სხვებსაც მივაყოლებთ”, – ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მისამართით გააკეთა.

იმედის ეთერში საუბრისას ღარიბაშვილს გააცნეს სააკაშვილის წერილი ნიკა მელიასადმი, რომელიც მან ზემოხსენებული კომენტარით შეაფასა.

პრემიერი სააკაშვილს ემუქრება

მასალების გადაბეჭდვის წესი