ახალი ამბები

ევროპარლამენტარები არჩევნების I ტურს აფასებენ

7 ოქტომბერი, 2021 • 1375
ევროპარლამენტარები არჩევნების I ტურს აფასებენ

ევროპარლამენტის წევრები, მარინა კალიურანდი, სვენ მიქსერი და ვიოლა ფონ კრამონი აცხადებენ, რომ 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური კონკურენტული და კარგად მართული იყო.

ამის შესახებ ევროპარლამენტარების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

მიუხედავად ამისა, ისინი აღნიშნავენ, რომ არჩევნები უკიდურესად პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოში ჩატარდა. მათი თქმით, წინასაარჩევნო გარემო არ უზრუნველყოფდა თანაბარ პირობებს კონკურენტი მხარეებისა და კანდიდატებისთვის და მთავარი ყურადღება ადგილობრივი საკითხებიდან გადატანილი იყო ეროვნულ საკითხებზე.

ამასთან, ევროპარლამენტარების თქმით, ყურადღებას აქცევენ იმას, რომ ცესკოს მონაცემებით “ქართულმა ოცნებამ” 46.6% მიიღო და 43% -იანი ბარიერი გადალახა, რაც ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 19 აპრილის შეთანხმების თანახმად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას გამოიწვევდა.

“ეს არჩევნები ჩატარდა არსებითად გაუმჯობესებული სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში. ამომრჩეველს საშუალება მიეცა არჩევანი გაეკეთებინა სხვადასხვა პოლიტიკურ ალტერნატივებს შორის. არჩევნები ზოგადად კარგად იყო ადმინისტრირებული და კანდიდატებმა შეძლეს თავისუფლად ჩაეტარებინათ კამპანია. კენჭისყრის დღემ ჩაიარა მოწესრიგებულად და გამჭვირვალედ, მიუხედავად გარკვეული პროცედურული პრობლემებისა. ცესკო სხდომები იყო ღია დაინტერესებული მხარეებისთვის და პირველად ხდებოდა მისი პირდაპირი ტრანსლირება, რამაც გამჭვირვალობა გაზარდა”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ევროპარლამენტარები ხაზს უსვამენ, რომ საარჩევნო კამპანია ხასიათდებოდა პოლიტიკური და მედიაგარემოს გამძაფრებული პოლარიზაციით,  რაც ზოგჯერ სიტყვიერ ან ფიზიკურ დაპირისპირებას იწვევდა. რაც, მათი თქმით, ამომრჩევლებს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას ართმევდა.

ევროპარლამენტის წევრები აცხადებენ, რომ ეუთოს/ოდირი-სა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით, საარჩევნო სამართლებრივი ჩარჩო კიდევ უფრო უნდა გაუმჯობესდეს  ისეთი კუთხით, რაც  კამპანიის დაფინანსებას, დავების გადაწყვეტას და საჯარო რესურსების ბოროტად გამოყენებას ეხება. მათივე თქმით, ასევე აუცილებელია პოლიტიკაში ქალთა არასაკმარისი წარმომადგენლობის საკითხის გადაჭრაც.

ამასთან, ევროპარლამენტარები არჩევნების მეორე ტურის წინ ხელისუფლებას და პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებენ, პირველ ტურში დაფიქსირებული შეცდომები აღმოიფხვრას.

ევროპარლამენტარებს მიაჩნიათ, რომ პოლიტიკურმა კლასმა პასუხისმგებლობა და სიმწიფე უნდა გამოიჩინოს, პარტიულ ინტერესებზე წინ ქვეყნის ინტერესი დააყენოს, დაპირისპირების ფურცელი ერთხელ და სამუდამოდ გადაფურცლოს და ქვეყნისთვის საჭირო რეფორმები განახორციელოს.

მათივე თქმით, ევროპარლამენტი მზადაა, გააგრძელოს მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს პარლამენტთან დახმარების გაწევით, იმ პირობით, რომ ქართველი კოლეგები გამოხატავენ მზადყოფნას, კონსტრუქციულად ჩაერთონ ასეთ საქმიანობაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი