ახალი ამბები

ცესკომ კანონით სავალდებულო რაოდენობის უბნის შედეგები გადაითვალა

6 ოქტომბერი, 2021 • 1079
ცესკომ კანონით სავალდებულო რაოდენობის უბნის შედეგები გადაითვალა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს, 6 ოქტომბერს, ბიულეტენების ხელახალი დათვლის შესახებ ინფორმაცია წარადგინა. აღნიშნულს ცესკოს ავალდებულებდა საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები.

კერძოდ, თითოეულ საარჩევნო ოლქს დაევალა, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით საკუთარ ფარგლებში 5 საარჩევნო უბნის შედეგები ხელახლა გადაეთვალა.

ცესკოს განცხადებით, გადათვლილია 72 საარჩევნო ოლქის 360 უბნის შედეგები. გადათვლა არ მომხდარა კრწანისის ოლქში, სადაც ხმის მიცემა ელექტრონულად ხდებოდა. ცესკოს განცხადებით, გადათვლის შემდეგ უცვლელი დარჩა 239 უბნის მონაცემები, რაც გადათვლილი უბნების 66.7%-ს შეადგენს. 121 უბანზე კი მონაცემები მცირედით შეიცვალა:

“იყო ხარვეზებიც, რომელიც გადათვლის შედეგად გამოვლინდა და, რა თქმა უნდა, შესაბამისი ცვლილება განხორციელდა მონაცემებში. ცალკეულ კანდიდატებს მცირედით მოემატათ ან დააკლდათ ხმათა რაოდენობა, თუმცა ამას საერთო შედეგზე გავლენა არ მოუხდენია”, — აცხადებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერი ნათია იოსელიანი.

უბნების ამ რაოდენობის გადათვლას ცენტალურ საარჩევნო კომისიას განახლებული კანონმდებლობა ავალდებულებდა. გარდა ამისა, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დამატებით 539 შემაჯამებელი ოქმის გადათვლას ითხოვს, მათ შორის, 478 უბნის შედეგები აქვთ გასაჩივრებული.

5 ქალაქი, სადაც “ოცნება” უმრავლესობას კარგავს – პირველადი შედეგები

ოლქები, რომლებშიც დამოუკიდებელმა კანდიდატებმა გაიმარჯვეს — წინასწარი შედეგები

მასალების გადაბეჭდვის წესი