ახალი ამბები

მელიას თქმით, მერად არჩევის შემთხვევაში ენმ-ის თავმჯდომარის პოსტს დატოვებს

5 ოქტომბერი, 2021 •
მელიას თქმით, მერად არჩევის შემთხვევაში ენმ-ის თავმჯდომარის პოსტს დატოვებს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია “რეაქციაში” აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გაიმარჯვებს და თბილისის მერი გახდება, პარტიული თანამდებობას დატოვებს.

ნიკა მელია ამისკენ მოუწოდებს სხვა პარტიების წარმომადგენლებსაც, რომლებიც იქნებიან დედაქალაქის მთავრობის ჩრდილოვან კაბინეტში, რომელსაც რამდენიმე დღეში წარადგენს:

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დედაქალაქის მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებს მყარი პოზიცია ჰქონდეთ დაფიქსირებული და ჩემით უნდა დავიწყო,  რომ მოუხედავად პარტიული თანამდებობებისა, გამარჯვების შემდეგ ისინი მაღალ პარტიულ თანამდებობას დატოვებენ და გადაერთვებიან მთლიანად მუნიციპალური საკითხების მოგვარებაზე. შეუძლებელია, მე ვიყო გამარჯვების შემდეგ ენმ-ის მოქმედი თავმჯდომარე და თბილისის მერი.

გულწრფელები უნდა ვიყოთ თბილისელების მიმართ. იყო ყველაზე მსხვილი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე და, ამავდროულად, დედაქალაქის მერი – შეუძლებელია. რაც არ უნდა მოწადინებული ვიყო, პირველ რიგში, ვიყო დედაქალაქის მერი, პარტიული ინტერესები წამძლევს. იმავენაირად უნდა მოიქცნენ ყველა სხვა თანამდებობის პირები, რომლებიც წარმოდგენილი იქნებიან სხვა პარტიებიდან მერიაში”, – ამბობს ნიკა მელია.

მელია: უახლოეს დღეებში თბილისის მთავრობის ჩრდილოვან კაბინეტს წარვადგენთ

მასალების გადაბეჭდვის წესი