ახალი ამბები

პენცენტრის თქმით, ლიტერას ნაცვლად მწერალთა მხარდამჭერ კონკურსს ჩაატარებს

5 ოქტომბერი, 2021 • 1005
პენცენტრის თქმით, ლიტერას ნაცვლად მწერალთა მხარდამჭერ კონკურსს ჩაატარებს

„საქართველოს პენცენტრი“, რომელიც 70-ზე მეტ მწერალს აერთიანებს, ამბობს, რომ პრემია „ლიტერას“ ჩაშლის შემდეგ მწერალთა მხარდასაჭერად მზადაა, ალტერნატიული კონკურსი გამართოს.

თავის განცხადებაში „პენცენტრი“ მიმოიხილავს „ლიტერას“ წლევანდელი კონკურსის ჩაშლის მიზეზებს, მათ შორის, სამინისტროს მიერ ჟიურიში თავისივე წევრის დანიშვნას. შემდეგ კი განმარტავს, რომ გარდა ფინანსური ხელშეწყობისა, ასეთი კონკურსები ყველა მწერლისთვის მნიშვნელოვანია.

„მწერლებმა, პროტესტის ნიშნად, თავიანთი წიგნები ჩახსნეს კონკურსიდან. მწერლებმა აჩვენეს, რომ პოლიტიკური განსხვავებების მიუხედავად, ყველა ერთად დგას, როცა საქმე წერის თავისუფლებას ეხება.

მწერლებმა აჩვენეს, რომ აქვთ პრინციპები, რომელთაც არ გაცვლიან ჩინოსნების კეთილგანწყობაზე. და მწერლები აჩვენებენ, რომ შეუძლიათ ლიტერატურული კონკურსი სამინისტროს გარეშეც ჩაატარონ. საქართველოს პენცენტრი მწერალთა გაერთიანებაა, რომელიც ამ პროცესს სათავეში ჩაუდგება.

ჩვენი მიზანია შეიქმნას ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ მხარდამჭერი კონკურსი, რაც გულისხმობს ერთჯერადი კონკურსის შექმნას. ეს კონკურსი 2021 წელს ჩავარდნილი „ლიტერას“ ფორმატს გაიმეორებს, გამოავლენს პრემიის ლაურეატ ავტორებს და დააჯილდოებს მათ. „ლიტერას“ მხარდამჭერი ერთჯერადი კონკურსის შექმნის მიზანია, მიმდინარე ცენზურის მცდელობით დაზარალებული სამწერლო პროცესის გაძლიერება“, – წერია განცხადებაში.

„პენცენტრის“ წარმომადგენლები წერენ, რომ პროექტს მხარს უჭერს „ღია საზოგადოების ფონდი“, თუმცა კონკურსის სრულყოფილად ჩასატარებლად მათ დამატებით 24 260 ლარი ესაჭიროებათ. განცხადებასთან ერთად, „პენცეტრი“ თავის საბანკო რეკვიზიტებსაც აქვეყნებს.


მას შემდეგ, რაც ვიცე-პრემიერმა და კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა „მთავარი არხის” ჟურნალისტ ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა, მწერლების ნაწილმა კულტურის სამინისტროს დაფინანსებულ პროექტებში მონაწილეობაზე უარი თქვა.

პროტესტის ნიშნად კონკურსის დატოვება დაიწყეს ლიტერატურული კონკურს “ლიტერას” მონაწილეებმა. მათი რიცხვი კი განსაკუთრებით გაიზარდა მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ სამინისტრო ლიტერატურული პრემიის ჟიურიში საკუთარ წარმომადგენელს ნიშნავდა.

ამ მიზეზების გამო, მწერლების უმეტესობამ, მათ შორის, ბესიკ ხარანაულმა და ვახტანგ ჯავახაძემ, „ლიტერადან“ თავიანთი ნაწარმოებები მოხსნეს.

გარდა მწერლებისა, კონკურსი დატოვა ხუთი ჟიურის წევრიდან ოთხმა. ჟიურიში მხოლოდ კულტურის სამინისტროს მიერ დანიშნული იოსებ ჭუმბურიძე დარჩა. საბოლოოდ კი წლევანდელი „ლიტერა“ ჩაიშალა. 

“ლიტერა“ კულტურის სამინისტრომ და მწერალთა სახლმა 2015 წელს დააარსა. მას შემდეგ პრემიას სხვადასხვა ნომინაციაში ყოველ წელს გასცემენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი