ახალი ამბები

„ლიტერა“ წელს აღარ ჩატარდება

2 აგვისტო, 2021 •
„ლიტერა“ წელს აღარ ჩატარდება

ლიტერატურული კონკრუსი „ლიტერა“ წელს აღარ ჩატარდება. ამის შესახებ განცხადებას „მწერალთა სახლი“ ავრცელებს.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ წელს პირველად კონკრუსის 5 ჟიურიდან ერთ-ერთი, იოსებ ჭუმბურიძე, კულტურის სამინისტრომ თავად დანიშნა. ნეტგაზეთთან საუბრისას სამინისტროს პრესსამსახურმა თქვა, რომ უწყებას არ აქვს ვალდებულება განმარტოს, თუ რატომ დანიშნა ჭუმბურიძე.

„მწერალთა სახლი ბრძანების გაცნობისთანავე ეცადა სამინისტროსთან დიალოგსა და კომუნიკაციას განხორციელებული ცვლილების გადახედვის თაობაზე, რასაც სამინისტროს მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მწერალთა სახლმა, პროცესის გამჭვირვალობის მიზნით, ჟიურის შემადგენლობა გაასაჯაროვა.

ჟიურის დაკომპლექტების წესის ცვლილებას ლიტერატორთა პროტესტი მოჰყვა. საზოგადოებამ სამინისტროს გადაწყვეტილება შემოქმედებით საქმიანობაში ჩარევად შეაფასა. შესაბამისად, მწერლებისა და გამომცემლების დიდმა ნაწილმა უარი თქვა კონკურსში მონაწილეობაზე და უკან გაითხოვა საკონკურსოდ წარმოდგენილი განაცხადები. მუშაობაზე უარი თქვა მწერალთა სახლის მიერ შერჩეულმა ჟიურის ოთხმა წევრმაც. საკონკურსოდ წარმოდგენილი 110 წიგნიდან, გამომცემლობებისა და ავტორების პირადი განცხადებების საფუძველზე, კონკურსიდან დღეისთვის მოხსნილია 93 წიგნი.

არსებულ ვითარებაში შეუძლებელი ხდება წლევანდელი ლიტერატურული კონკურსის „ლიტერას“ ჩატარება.

მწერალთა სახლი იმედს იტოვებს, რომ სამინისტროსთან და ლიტერატურული სფეროს წარმომადგენლებთან ერთად კიდევ ერთხელ განიხილავს არსებულ სიტუაციას და გამონახავს საუკეთესო გამოსავალს მომავალი წლისთვის. მწერალთა სახლის საქმიანობის უმთავრესი მიმართულება მწერლების, მთარგმნელების და გამომცემლების, ასევე საგანმანათლებლო და კულტურული სფეროს მხარდაჭერა, პოპულარიზაცია და განვითარებაა“, – წერია ოფიციალურ განცხადებაში.


მას შემდეგ, რაც ვიცე-პრემიერმა და კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა “მთავარი არხის” ჟურნალისტ ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა, მწერლების ნაწილმა კულტურის სამინისტროს დაფინანსებულ პროექტებში მონაწილეობაზე უარი თქვა.

პროტესტის ნიშნად კონკურსის დატოვება დაიწყეს ლიტერატურული კონკურს “ლიტერას” მონაწილეებმა. მათი რიცხვი კი განსაკუთრებით გაიზარდა მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ სამინისტრო ლიტერატურული პრემიის ჟიურიში საკუთარ წარმომადგენელს ნიშნავდა.

სწორედ ამ მიზეზებს ასახელებენ ქართველი მწერლები და პოეტები, რომლებიც ბოიკოტის ნიშნად “ლიტერას” გრძელი სიიდან საკუთარ ნაწარმოებებს ხსნიან.

ასევე კონკურსი ხუთი ჟიურის წევრიდან ოთხმა დატოვა და ჟიურიში მხოლოდ კულტურის სამინისტროს მიერ დანიშნული იოსებ ჭუმბურიძე დარჩა.

“ლიტერა“ კულტურის სამინისტრომ და მწერალთა სახლმა 2015 წელს დააარსა. მას შემდეგ პრემიას სხვადასხვა ნომინაციაში ყოველ წელს გასცემენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი