ახალი ამბები

ცაგერში II ტურში გადავიდა კანდიდატი, რომლის მანქანაც არჩევნებამდე დაცხრილეს

5 ოქტომბერი, 2021 • 3948
ცაგერში II ტურში გადავიდა კანდიდატი, რომლის მანქანაც არჩევნებამდე დაცხრილეს

ცაგერის მერის არჩევნების მეორე ტურში გადავიდა კანდიდატი, რომლის ავტომობილიც 2 ოქტომბრის არჩევნებამდე 1 კვირით ადრე დაცხრილეს. ბესარიონ ბენდელიანი გიორგი გახარიას პარტიის წევრია.

ცესკოს წინასწარი შედეგებით, მმართველი პარტიის მერობის კანდიდატმა, ყოფილმა ფეხბურთელმა, საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, გიორგი ნემსაძემ ხმათა 49.34% (3 277 ხმა) მიიღო. მეორე ადგილზეა ბესარიონ ბენდელიანი პარტიიდან “საქართველოსთვის 35.02%-ით(2 326 ხმა), მესამე პოზიციაზე კი ენმ-ის კანდიდატი მადონა ბენდელიანი გავიდა 15.63%-ით(1038 ხმა).

შესაბამისად, მეორე ტურში ერთმანეთს “ოცნებისა” და გახარიას პარტიის კანდიდატები დაუპირისპირდებიან.

ამ ფონზე მმართველი პარტიის კანდიდატის წარმომადგენელმა ცესკოს ოლქის ოთხი უბნის შედეგების ხელახალი დათვლის მოთხოვნით მიმართა.

მისი სიტყვებით, მე-17, მე-18, 29-ე, 31-ე უბნებზე “ადგილი ჰქონდა ხმის დათვლის პროცესის უხეშ დარღვევას, კერძოდ — საარჩევნო სუბიექტ გიორგი ნემსაძისთვის მიცემული ხმები შეერია და მიეთვალა მისი საარჩევნო კონკურენტების — ბესიკ ბენდელიანისა და მადონა ბენდელიანის ხმებს”.

იმ ფონზე, როცა ნემსაძეს 50%-იანი ბარიერის გადასალახად მცირედი აშორებს, არ არის გამორიცხული, შედეგები შეიცვალოს, თუ ოლქი ოცნების მოთხოვნას დააკმაყოფილებს და ნემსაძის ბიულეტენებს აღმოაჩენს.

ბესარიონ ბენდელიანმა 25 სექტემბერს განაცხადა, რომ მისი მანქანა, რომელიც სახლთან წინა ღამით გააჩერა, დაცხრილეს. ის ვარაუდობდა, რომ ავტომობილს რამდენიმე ტყვია მაყუჩიანი იარაღიდან ესროლეს.

ბენდელიანი აღნიშნულ ინციდენტს თვითმმართველობის არჩევნებსა და დაშინების მცდელობას უკავშირებდა.

“ერთადერთი, რასაც ვუკავშირებ, არის არჩევნები, რომელიც სულ რამდენიმე დღეში საბოლოოდ გამოუტანს განაჩენს ამ მავნებელ “ქართულ ოცნებას”.

მე საკმაოდ მყარი პოზიციები მაქვს რაიონში. შეიძლება ითქვას, მოსახლეობის 70-80% დადებითად არის განწყობილი [ჩემ მიმართ] და ნეგატიურად — ამ მავნებელი “ოცნების” წინააღმდეგ”, — ეუბნებოდა ის “ნეტგაზეთს”.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება იმავე დღეს დაიწყო სსკ-ის 187-ე მუხლით, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. “ნეტგაზეთი” უწყების პასუხს ელის კითხვაზე, სადამდე მივიდა გამოძიება.

მომხდარს გამოეხმაურნენ “ქართული ოცნებიდანაც”. პარტიის წევრმა გია ვოლსკიმ თქვა, რომ “ვერც ერთი ჭკუათმყოფელი” დაიჯერებდა ინციდენტში მმართველი პარტიის მხარდამჭერების მონაწილეობას.

“საფუძველი მაქვს ვიფიქრო, რომ ეს უცხოელების ყურადღებაზე გათვლილი აქციაა!” ,— აღნიშნავდა ის ინციდენტის შეფასებისას.

მასალების გადაბეჭდვის წესი