ახალი ამბები

აუცილებელია, რომ ქვეყნის ფოკუსი ახლა სტრუქტურულ რეფორმებს დაუბრუნდეს – მიშელი

4 ოქტომბერი, 2021 • 713
აუცილებელია, რომ ქვეყნის ფოკუსი ახლა სტრუქტურულ რეფორმებს დაუბრუნდეს – მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოს თვითმმართველობის არჩევნებს თვითერზე ეხმაურება.

ის წერს, რომ მიესალმება საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვინც არჩევნების პირველ ტურში მონაწილეობა მიიღო, შემდეგ კი ამბობს:

„აუცილებელია ახლა ის, რომ ქვეყნის ფოკუსი დაუბრუნდეს სიღრმისეულ სტრუქტურულ რეფორმებს, რაც გაწერილია 19 აპრილის შეთანხმებაში, განსაკუთრებით კი, კანონის უზენაესობისა და სასამართლო სფეროებში“, – წერს მიშელი.


საქართველოში 2 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. არჩევნების პირველადი შედეგების თანახმად, “ქართული ოცნება” რამდენიმე მუნიციპალიტეტის საკრებულოში უმრავლესობას კარგავს.

20 ქალაქში კი არჩევნებმა ვერ გამოავლინა მერობისთვის მებრძოლი გამარჯვებული კანდიდატი. ეს ნიშნავს, რომ ამ ქალაქებში ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო ხმების 50%-ზე მეტის მოპოვება, მათ შორის, არის თბილისიც, სადაც ერთმანეთს მეორე ტურში კახა კალაძე და ნიკა მელია დაუპირისპირდებიან.

სულ ენმ-სა და „ქართული ოცნების“ კანდიდატები მეორე ტურში ერთმანეთს 17 ქალაქში დაუპირისპირდებიან, მეორე ადგილზე მხოლოდ ცაგერში გავიდა გიორგი გახარიას პარტიის კანდიდატი ბესარიონ ბენდელიანი და ასევე, ორ ქალაქში — თიანეთსა და ოზურგეთში — „ოცნებას“ დაუპირისპირდებიან დამოუკიდებელი კანდიდატები თამაზ მეჭიაური და კონსტანტინე შარაშიძე.

ნახეთ ასევე:

20 ქალაქი, სადაც მერის ასარჩევად მეორე ტური გაიმართება — სია

 

მასალების გადაბეჭდვის წესი