პარტიის “საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტურის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ 2 ოქტომბრის არჩევნები ქართული დემოკრატიისთვის უკან გადადგმული ნაბიჯია.
გახარიას თქმით, სისტემური ხასიათი ჰქონდა ამომრჩევლის მოსყიდვას, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევას და ე.წ. კარსულებს და აღნიშნავს, რომ არჩევნებს არასამართლიანად აფასებს:
“რა მოხდა არჩევნების დღეს, არჩევნების დღეს სისტემური ხასიათი ჰქონდა ამომრჩევლის მოსყიდვას, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევას, კარუსელებს, ამიტომ, 2 ოქტომბრის არჩევნებს ჩვენ ვაფასებთ როგორც არასამართლიანს, სადაც მოქალაქეებს არ ჰქონდათ ნების გამოხატვის შესაძლებლობა თავისუფალ და სამართლიან გარემოში, რაც ქართული დემოკრატიისთვის უკან გადადგმული ნაბიჯია”, – ამბობს გიორგი გახარია.
მიუხედავად ამისა, გახარიას თქმით, ბოლო 18 წლის განმავლობაში საქართველოში პირველად შეიქმნა ბერკეტი, რომლითაც შესაძლებელია ორპარტიულ მმართველობასთან ბრძოლა და მისი დამარცხება. გახარიას თქმით, ორივე პარტია (“ოცნება” და ენმ) მიდრეკილია ერთპიროვნული მმართველობისთვის.
ექსპრემიერის თქმით, ახლა მისი პარტიის ამოცანა იქნება, არ დაუშვას ერთპიროვნული მმართველობა მათ შორის არც მუნიციპალურ დონეზე:
“რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩვენ ამ მუნიციპალური არჩევნების შემდგომ ვიმოქმედებთ პრინციპით- არცერთ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ერთპიროვნული მმართველობა. ჩვენი მთავარი მიზანი იქნება დაბალანსება და არ მივცეთ შესაძლებლობა არცერთ მათგანს, მოახდინონ ძალაუფლების კონცენტრაცია სადმე, არც მუნიციპალურ დონეზე.
ჩვენს ამომრჩევლებს მინდა ვუთხრა, მიუხედავად ყველაფრისა, ვიღაც ზეიმობს, ვიღაცას ჰგონია, ამით დიდი მოვლენა შექმნა – ჩვენ შევქმენით მთავარი ბერკეტი, რომლითაც შეგვიძლია დავიწყოთ ბრძოლა ქვეყანაში ორპარტიული დაპირისპირებული პრინციპების და პოლიტიკის წინააღმდეგ და დავამთავროთ ერთად. ამიტომ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მინდა მოვუწოდო, გავერთიანდეთ იმისთვის, რომ ერთად ავაშენოთ თანამედროვე ძლიერი სახელმწიფო და არცერთ პოლიტიკურ ძალას არ მივცეთ შესაძლებლობა, მოახდინოს ხელისუფლების კონცენტრაცია და დაამყარონ ერთპიროვნული მმართველობა”, – ამბობს გახარია.
გიორგი გახარია თბილისის მერობის არჩევნებში მესამე ადგილზე გავიდა. ასევე, მესამე ადგილზე გავიდა პარტია “საქართველოსთვის” თბილისისა და ქვეყნის მასშტაბით.