ახალი ამბები

ჩვენს ამომრჩეველს ვერ და არ ვეტყვით, ვის დაუჭიროს მხარი – გახარია II ტურებზე

4 ოქტომბერი, 2021 • 2396
ჩვენს ამომრჩეველს ვერ და არ ვეტყვით, ვის დაუჭიროს მხარი – გახარია II ტურებზე

პოლიტიკური პარტიის “საქართველოსთვის” ხელმძღვანელის, გიორგი გახარიას განცხადებით, იგი არ მოუწოდებს თავის ამომრჩეველს, რომ მხარი რომელიმე სხვა პარტიას, მათ შორის “ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას” დაუჭირონ.

გახარიამ ეს განცხადება არჩევნების შემდეგ პირველად გამართულ ბრიფინგზე გააკეთა მეორე ტურებთან დაკავშირებით, რომელიც 20 ოლქში გამოავლენს მერის ვინაობას.

“ჩვენი ამომრჩეველი არის გონიერი ამომრჩეველი, რომელმაც იმ ნაბიჯით, რომ ჩვენ დაგვიჭირა მხარი, ფაქტობრივად თქვა, რომ ის არის წინააღმდეგი რადიკალიზაციის, ძალაუფლების კონცენტრაციის და მომხრეა ძალაუფლების დაბალანსების.

შესაბამისად, ჩვენ მათ არ და ვერ ვეტყვით და არ მივაყენებთ შეურაცხყოფას, მათ ვუთხრათ, რომ რომელიმე მათგანს [სხვა პარტიას] დაუჭირონ მხარი.

პრინციპში, მარტივი მიზეზის გამო, თვითონ ფაქტი, რომ მათ ჩვენ დაგვიჭირეს მხარი, პირდაპირ მიანიშნებს იმას, რომ ამ ამომრჩეველმა უარი უთხრა რადიკალიზაციასა და იმ ორ რადიკალურ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ქმნის ილუზიას ერთმანეთთან ბრძოლისა და ქვეყანას აბრუნებს წარსულში”, – განაცხადა გახარიამ.

გიორგი გახარია თბილისის მერობის არჩევნებში მესამე ადგილზე გავიდა. ასევე, მესამე ადგილზე გავიდა პარტია “საქართველოსთვის” თბილისისა და ქვეყნის მასშტაბით. მუნიცპლაიტეტბის მერების არჩევნებში მე-2 ტურები 20 ოლქში გაიმართება, აქედან ერთში წარმომადგენელი გახარიას პარტიასაც ეყოლება.

მასალების გადაბეჭდვის წესი