ახალი ამბები

პრეზიდენტი არჩევნებს სამართლიანად აფასებს, მაგრამ აქვს 3 შენიშვნა

3 ოქტომბერი, 2021 • 2335
პრეზიდენტი არჩევნებს სამართლიანად აფასებს, მაგრამ აქვს 3 შენიშვნა

საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მშვიდ, სამართლიან, უსაფრთხო და კონკურენტუნარიან გარემოში, მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩატარდა. თუმცა პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ მიუხედავად არჩევნების დადებითი შეფასებისა, მას აქვს სამი მთავარი შენიშვნა არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.

„ერთი ის, რომ სამწუხაროა,- ეს საერთაშორისო დამკვირვებლებმაც აღნიშნეს, — მთავარი თემა ამ ადგილობრივი არჩევნების არ ყოფილა ადგილობრივი თვითმმართველობის პრობლემები, მე ვიმედოვნებ, რომ მეორე ტურისთვის ეს საკითხი ბევრად უფრო წინ წამოწეული იქნება, რამეთუ ამომრჩევლები თავიანთ ადგილობრივ მომავალს წყვეტენ ამ კუთხით.

ასევე, აღვნიშნე, რომ მრავალპარტიულობა დადგინდა, დადასტურდა. საკრებულოებში პატარა პარტიები იქნებიან წარმოდგენილი, მაგრამ სასურველი იქნებოდა, რომ პატარა პარტიებს მისცემოდათ მეტი შანსი, მეტი რესურსი, მეტი საშუალება, რამეთუ დეპოლარიზაციის დამარცხება სამომავლოდ, მხოლოდ და მხოლოდ პატარა პარტიებით, მესამე ძალებითაა შესაძლებელი.

და მესამე, როგორც ამ ქვეყნის ქალი პრეზიდენტი ვისურვებდი, რომ ქალებსაც მისცემოდათ მეტი ადგილი ამ არჩევნებში, მით უმეტეს, ადგილობრივ არჩევნებში, რამეთუ ვიცით, თუ რამდენად არიან ქალები ჩართულები ადგილობრივ ეკონომიკაში და რამდენად მნიშვნელოვანია მათი ინიციატივები. სამწუხაროა, რომ არც სიებში, არც მერობის კანდიდატებში უფრო მეტად წარდგენილები არ იყვნენ ქალები და ვისურვებდი, რომ შემდეგ არჩევნებში ეს იყოს გამოსწორებული და, დარწმუნებული ვარ, ეს ჩვენი, ყველა მოქალაქის სურვილია. მინდა, იმ ქალებს, რომლებმაც გარკვეული გამარჯვება თუ არა, წარმატება მოიპოვეს, მათ ყველას მივულოცო და ვუსურვო, რომ გააგრძელონ ეს გზა“ ,— ამბობს პრეზიდენტი ზურაბიშვილი.

სალომე ზურაბიშვილი მადლობას უხდის მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისთვის და დასძენს, რომ 2 ოქტომბრის არჩევნები „დემოკრატიისა და სტაბილიზაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია“.

„ბევრი ძალა ამას ებრძოდა, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით. ქართველმა ხალხმა გუშინ არჩევნებში თავისი მონაწილეობით აჩვენა, რომ მისი არჩევანი არის მშვიდობა, სტაბილურობა და არა არეულობა, არა დაპირისპირება, არა ძალადობა და პოლარიზაცია. თუ რამე ცვლილებებია საჭირო, სწორედ ამისთვის არსებობს ეს გზა – არჩევნების გზა. ამომრჩეველმა ეს ყველას ნათლად დაანახა“, — აღნიშნავს პრეზიდენტი.

ზურაბიშვილის შეფასებით, ეს არჩვნები გამორჩეული იყო იმითაც, რომ ბევრი პატარა პარტია მონაწილეობდა, რაც მას მნიშვნელოვნად მიაჩნია პოლიტიკური გარემოს მრავალფეროვნებისთვის. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა პანდემიის პირობებში საარჩევნო უბნებზე კოვიდრეგულაციების დაცვასაც, რისთვისაც ცესკოს მადლობას უხდის.

მასალების გადაბეჭდვის წესი