ახალი ამბები

„ჩვენს მოგებულ უბნებზე ოქმების ხელმოწერას აგვიანებენ“ – წითლიძე ზუგდიდის საოლქოში

3 ოქტომბერი, 2021 • 666
„ჩვენს მოგებულ უბნებზე ოქმების ხელმოწერას აგვიანებენ“ – წითლიძე ზუგდიდის საოლქოში

ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ოფისის ერთ-ერთი ლიდერი ანი წითლიძე აცხადებს, რომ ზუგდიდის იმ უბნებიდან, სადაც ენმ იგებს, შემაჯამებელი ოქმების ხელმოწერას აჭიანურებენ, რისი მიზანიც, საბოლოო ჯამში, შედეგების გაყალბებაა.

წითლიძე ამბობს, რომ 88-ე უბანზე, მისი პარტიის წარმომადგენლის ცნობით, შემაჯამებელ ოქმს უკვე ერთი საათია ხელს არ აწერს უბნის კომისიის თავმჯდომარე, რომელმაც თქვა, რომ მირანდა მესხმა უთხრა, არ მოაწეროს ხელი.

წითლიძე ცოტა ხნის წინ საოლქო საარჩევნო კომისიაში მივიდა ამ საკითხზე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისგან, მირანდა მესხისგან განმარტების მისაღებად, თუმცა თავდაპირველად მესხის კარებთან ორი პოლიციელი იყო მობილიზებული, რომლებმაც წითლიძე, ჟურნალისტებთან ერთად, არ შეუშვეს.

ამის შემდეგ წითლიძე ჟურნალისტების თანხლებით შევიდა კომისიის მდივნის კაბინეტში, სადაც მაგიდაზე ნახა ამობეჭდილი ოქმები, რომლებიც, მისი თქმით, იქ არ უნდა ყოფილიყო.

წითლიძის განცხადებით, მირანდა მესხი ცდილობს, იმ უბნებზე, სადაც „ქართული ოცნება“ ოპოზიციასთან მარცხდება, მიღებული რეალური შედეგები გააყალბოს.

„იგივე პრობლემა დაფიქსირდა 63-ე უბანზე, რომელიც ასევე ოპოზიციის მოგებულია და ბოლოს ვაიძულეთ, ხელი მოეწერათ, მას შემდეგ, რაც მირანდა მესხთან მქონდა პირადი კომუნიკაცია“, – განაცხადა წითლიძემ.

მოგვიანებით მესხი კაბინეტიდან გამოვიდა და წითლიძის ბრალდებები უარყო. „თქვენ აყოვნებთ ახლა [უბნებიდან ოქმების მიღებას], – განუცხადა მესხმა ჟურნალისტებს.

„ყველაფერზე დადგება სამართლებრივი რეაგირება. ჩემ მიერ არანაირი ბრძანება არ ყოფილა გაცემული. შესაბამისად, ყველა უბანი მოდის. ეს არის დეზინფორმაცია. არცერთ უბანთან არ მქონია კომუნიკაცია“, – განაცხადა მესხმა.


2 ოქტომბერს ქვეყნის მასშტაბით 64 მერს ირჩევენ. ამასთან, ირჩევენ 64 საკრებულოს 2 068 წევრს შერეული, – პროპორციული და მაჟორიტარული წესით. ამომრჩეველთა რაოდენობა 3 497 345-ია.

ზუგდიდში, 67-ე ოლქში, – რომელიც ქალაქსა და გარეუბნებს მოიცავს, – 109 საარჩევნო უბანია, სადაც რეგისტრირებულია 119 849 ამომრჩეველი.

ზუგდიდის მერობისთვის 4 კანდიდატი იბრძვის. ესენი არიან: „ქართული ოცნებიდან“ – მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, „ნაციონალური მოძრაობიდან“ – პარტიის თავმჯდომარის ნიკა მელიას მამა, ექიმი ანზორ მელია, გიორგი გახარიას პარტიიდან – ყოფილი მერე გეგა შენგელია, „პატრიოტთა ალიანსიდან“ – ილია ჩაჩიბაია.

მასალების გადაბეჭდვის წესი