ახალი ამბები | ,

უბნებზე “ოცნების“ კოორდინატორებისა და აგიტატორების მობილიზებას აქვს ადგილი – HRC

2 ოქტომბერი, 2021 | | 366
უბნებზე “ოცნების“ კოორდინატორებისა და აგიტატორების მობილიზებას აქვს ადგილი – HRC

ადამიანის უფლებათა ცენტრის (HRC) განცხადებით, საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე ხშირად აქვს ადგილი „ქართული ოცნების“ კოორდინატორებისა და აგიტატორების მობილიზებას და მათ მიერ ამომრჩეველთა აღრიცხვას. ამის შესახებ ცენტრის ხელმძღვანელმა ალეკო ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ ინფორმაციას ორგანიზაციის დამკვირვებლები აწვდიან.

როგორც ორგანიზაცია აცხადებს, საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიებზე მმართველი პარტიის წარმომადგენელი კოორდინატორებისა და აგიტატორების უკანონო ქმედებებზე არ ხორციელდება სათანადო მონიტორინგი, კონტროლი და რეაგირება სახელმწიფო უწყებების მხრიდან.

“მსგავსი ფაქტების აღკვეთაზე პასუხისმგებელი უწყება არის პოლიცია. პოლიციას კი ინფორმაცია უნდა მიაწოდონ საუბნო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებმა, რომელთა უბნის უშუალო სიახლოვეს მიმდინარეობს ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლენის ხელშემშლელი და ჯანსაღი საარჩევნო პროცესის დამაზიანებელი მოქმედებები”, – აცხადებს ორგანიზაცია.

ადამიანის უფლებათა ცენტრი აღნიშნავს, რომ უმრავლეს შემთხვევებში, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეები თავს იკავებენ პოლიციის მისამართით მსგავსი შეტყობინების გაკეთებისაგან და აცხადებენ, რომ ამ ფაქტებზე რეაგირება არ მიეკუთვნება მათ უფლებამოსილებას. 

15:30 საათის მონაცემებით, ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორებმა ამ დროისათვის დაწერეს 14 საჩივარი და 22 შენიშვნა შეიტანეს ჩანაწერთა წიგნში. საჩივრების ნაწილის შინაარსი კი ასეთია:

  1. წყალტუბოს #58-ე საარჩევნო ოლქის #61-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა საარჩევნო სიაში გარდაცვლილი ოჯახის წევრის სახელი და გვარი აღმოაჩინა, რის შესახებაც შეატყობინა დამკვირვებლებსა და კომისიის წევრებს. ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელი საარჩევნო უბანზე  ხმის მიცემის პროცესის დასრულებამდე ადევნებს თვალყურს, რომ გარდაცვლილი პიროვნების სახელით სხვა მომხმარებელმა არ მისცეს ხმა.
  2. საგარეჯოს #11-ე საარჩევნო ოლქის #50-ე საარჩევნო უბანზე კომისიის თავმჯდომარე ხელს უშლიდა საარჩევნო უბნის დამკვირვებლებს სადამკვირვებლო საქმიანობაში. ამ ფაქტთან დაკავშირებით უბანზე დაიწერა საჩივარი. ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა საჩივარი საგარეჯოს #11-ე საარჩევნო ოლქში ჩააბარა.
  3. მსგავსი ვითარებაა საგარეჯოს #11-ე საარჩევნო ოლქის #39-ე საარჩევნო უბანზე, სადაც კომისიის თავმჯდომარე უფრო მეტად აგრესიულია და ხელს უშლის დამკვირვებლებს სადამკვირვებლო საქმიანობაში. ამ ფაქტთან დაკავშირებით დაიწერა საჩივარი. ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა საჩივარი  საგარეჯოს #11-ე საარჩევნო ოლქში ჩააბარა.
  4. მარნეულის #22-ე საარჩევნო ოლქის #48-ე საარჩევნო უბანზე კომისიის წევრები ზეწოლას ახდენდნენ ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელზე – ეუბნებოდნენ, რომ პრეტენზია არაფერზე გამოეთქვა და არ დაეწერა საჩივრები. ამ უბანზე დამკვირვებელმა დააფიქსირა ერთი ამომრჩევლის მიერ ხმის ორჯერ მიცემის ფაქტი. ცენტრის დამკვირვებელს კომისიის წევრები არ აძლევდნენ მობილური ტელეფონით ვიდეოს გადაღების საშუალებას და მას „თითების დამტვრევით“ ემუქრებოდნენ. დამკვირვებელი იძულებული გახდა, დაერეკა  მარნეულის #22-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში. კომისიის წარმომადგენლების საარჩევნო უბანზე მოსვლის შემდეგ სიტუაცია დროებით განიმუხტა, მაგრამ მათი წასვლის შემდეგ უბანზე კვლავ ქაოსური სიტუაციაა. ადამიანის უფლებათა ცენტრმა ამ უბანზე საჩივარი დაწერა.
  5. გარდაბნის #21-ე საარჩევნო ოლქის #3-ე საარჩევნო უბნის ეზოს შესასვლელთან იდგა ქალი, რომელიც უბანზე შესულ ყველა ამომრჩეველს საკუთარ რვეულში აღრიცხავდა. უბანზე მყოფმა დამკვირვებლებმა მას რამდენჯერმე მისცეს შენიშვნა ტერიტორიის დატოვების მოთხოვნით, მაგრამ – უშედეგოდ. ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლის ცნობით, პიროვნება დაახლოებით 10:00 საათისთვის პოლიციელებმა გაიყვანეს უბნიდან, მაგრამ ის ისევ დაბრუნდა. ამის შემდეგ ცენტრის  წარმომადგენელი იძულებული გახდა, ისევ გამოეძახებინა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. სამართალდამცავებმა ქალი გაიყვანეს აღნიშნული ტერიტორიიდან

2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ადამიანის უფლებათა ცენტრი 51 დამკვირვებლით საქართველოს სამ რეგიონში აკვირდება:  1. კახეთში – საგარეჯოს, ყვარლის, თელავის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში (ყარაჯალა, ჩანტლისყურე, თივი, სარუსო, კაბალი); 2. ქვემო ქართლში – გარდაბნის, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში (ნახიდური, ტალავერი, სავანეთი, ჭაპალა, მამხვითი, ქვემო ართევანი, ქეშალო, ლამბალო, დუზაგრამა, საზათენდი, კალინინომარნეული, აზიზქენდი, საბირქენდი და ყიზილაჯლო); 3. იმერეთში ქუთაისის, ხონის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების სპეციფიკურ საარჩევნო უბნებზე, სადაც შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს დარღვევებს არჩევნების მიმდინარეობისას.

მასალების გადაბეჭდვის წესი